როცა კლასში დამრიგებელი იცვლება – რა უნდა იცოდეს ახალმა დამრიგებელმა
თუ ეროვნულ სასწავლო გეგმაში კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობებს კარგად გადავავლებთ თვალს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს ის სასკოლო საზოგადოებისთვის. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ როცა დამრიგებელი ყველა დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს წარმატებით ართმევს, მშობლისთვის განსაკუთრებით სასურველი ხდება და მის კლასში მოხვედრის მომლოდინეთა რიგიც არ წყდება.
არის შემთხვევები, როცა ასეთი სასურველი დამრიგებლის შეცვლის შემდეგ, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს კვლავ ძველი დამრიგებელის ნოსტალგია აწუხებთ, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს.
ასეთი შემთხვევების დროს, მშობლები „ახალს“ სტანდარტებსაც უფრო მაღალს უწესებენ, მოლოდინები არც ისე დადებითი აქვთ და ეჭვის თვალით უყურებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დამრიგებელი ახალბედაა. ამ დროს კლასში ახლად შემოსულ დამრიგებელს განსაკუთრებით უჭირს თავის დამკვიდრება და მთელი ძალისხმევით ცდილობს დამტკიცებას, რომ ძველ დამრიგებელზე არანაკლებ პროფესიონალია.
გამომდინარე იქედან, რომ იდენტური თუ მსგავსი შემთხვევები სასკოლო ცხოვრებაში ხშირია, EDU.ARIS.GE ერთგული მკითხველი დამრიგებლების დახმარებას შეეცადა. ჩვენი რესპონდენტი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი იგოეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი და დამრიგებელი ნათია ფელიშვილია, რომელსაც დამრიგებლობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს, ის გეტყვით, რა უნდა იცოდეს კლასში შესულმა ახალმა დამრიგებელმა, როგორ გაართვას თავი თვითდამკვიდრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს და მოიპოვოს ეჭვით განწყობილი საკლასო საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა.
– ქალბატონო ნათია, რა სირთულეები შეიძლება შეიქმნას, როცა კლასს დამრიგებელი ეცვლება?
– როგორც იცით, დაწყებით კლასში მოსწავლეებს ძირითადად ერთი დამრიგებელი ჰყავთ და მეხუთე კლასიდან ეცვლებათ. ზოგაგად, დაწყებით კლასებში სხვა მიდგომა და მეთოდებია და კლასის დამრიგებელი საკუთარი შვილებივით ზრუნავს მათზე. ამჩნევს ყოველ ცვლილებას -რა უხარიათ ან რა სწყინთ, იცნობს მათ შესაძლებლობებს. მოსწავლეებიც მიჩვეულნი არიან და ენდობიან, უყვართ დამრიგებელი. სწორედ ამიტომ, ახალ დამრიგებელს მაშინვე ვერ ეჩვევან და ხშირად, ისევ ძველს მიმართავენ. ეს ძველი ჩვევითაც შეიძლება იყოს განპირობებული და შესალოა, მოსწავლეს უჭირდეს ახალ, მისთვის ჯერ უცნობ დამრიგებელთან გახსნა. საწყის ეტაპზე, ეს შეიძლება, ერთეული მოსწავლეების კი არა, მთელი კლასისთვის იყოს პრობლემა და რასაკვირველია, ახალი დამრიგებლისთვისაც სტრესული იყოს სიტუაცია.
– რა სირთულეების წინაშე დგას ასეთ დროს ახალი დამრიგებელი?
– სირთულე ძირითადად მოსწავლეებისა და მათი მშობლების ნდობის მოპოვებაა. ასეთ დროს, ახალი დამრიგებელი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს. ყველა მოსწავლეზე მიიღოს დაწვრილებითი ინფორმაცია მისი წინამორბედისგან და გაითვალისწინოს ის სპეციფიკა, რომელიც კლასის საერთო სურათის შექმნისთვის დაეხმარება. შემდეგ კი შეარჩიოს სწორი სამუშაო მეთოდიკა, რაც ნამდვილად არ არის მარტივი პროცესი.
– როგორ ფიქრობთ, აშინებთ მშობლებს ახალგაზრდა დამრიგებლები? რა შეიძლება იყოს მიზეზი?
– ზოგადად, უმრავლესობას მოსწონს ახალგაზრდა, ენერგიული დამრიგებლები. ისინი ხომ ახალი იდეებით არიან სავსე და ბევრი საერთო ინტერესიც შეიძლება, რომ ჰქონდეთ ახალგაზრდა მშობლებთან თუ კოლეგებთან. თუმცა, ვისაც ოდნავ მოძველებული შეხედულები აქვს, ისინი სწორედ ასაკის გამო აშინებთ მშობლებს და ნაკლებად ენდობიან.
– რა არის ის შეცდომები, რომლებიც ახალმა დამრიგებელმა არ უნდა დაუშვას?
– ამბობენ, უშეცდომო ის არის, ვინც არაფერს აკეთებსო, მთავარია სცადოთ და ერთი და იგივე შეცდომა არ გავიმეოროთ.
- ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობა საკუთარი თავის გაცნობით დაიწყეთ. ნუ დაიწყებთ პრეტენზიებითა და შენიშვნებით, იყავით დადებითი;
- მიეცი ყველას თანაბარი შანსი, ნუ მიანიჭებთ ფავორიტის სტატუსს ნურცერთს, იყავით ყველა მათგანთან უშუალო და მზრუნველი;
- მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად, მუდმივი კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს სადამრიგებლო კლასში შემოსულ ყველა მასწავლებელთან, იყავით კოლეგიალური და ფუნქციური;
- არ შეადაროთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და მიღწევები ერთმანეთს, ნუ დაყოფთ კლასს ძლიერ და სუსტ მასწავლებლებად;
- მშობელს ნუ მიაწვდით მხოლოდ უარყოფით ან პრობლემურ ინფორმაციას. იქვე აღნიშნეთ მიღწევებიც.
– ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომების პარალელურად, გაგვიზიარეთ რჩევები, რომელსაც კლასში ახლად შესულ დამრიგებლებს მისცემდით?
- გაიცანი შენი მოსწავლე, ნუ იქნები მორცხვი, იყავი გამბედავი და გულწრფელი;
- დაეხმარე მას იყოს უფრო გახსნილი, დაეხმარე აკადემიურ თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
- იქონიე მუდმივი კონტაქტი მშობლებთან და მოსწავლის მეგობრებთან;
- პერიოდულად, საგნის მასწავლებლისგან მიიღე ინფორმაცია სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა შესახებ;
- დაიწყე შექებით და სასიამოვნო სიტყვებით;
- გააცანი მოსწავლეებს მათი უფლება-მოვალეობანი, შემდეგ კი ვალდებულებები;
- ენდე, მაგრამ შეამოწმე. იყავი ფრთხილი და დაკვირვებული;
- დაგეგმე არაფორმალური, გასვლითი ღონისძიებები. ამ დროს უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს და ნდობაც გაღრმავდება;
- მართეთ ემოციები. სტრესის ჩვენების ნაცვლად, აჩვენეთ, რომ გაქვთ ძალა გაუმკლავდეთ გამოწვევებს;
- არ შეშინდეთ. ისწავლეთ და ასწავლეთ. ემეგობრეთ!
– და ბოლოს, როგორ მოიპოვოს დამრიგებელმა კოლეგების ნდობა და კეთილგანწყობა?
– პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ, რომ კოლეგიალობა და ურთიერთთანამშრომლობა ჯანსაღ გარემოს ქმნის. აჩვენეთ კოლეგებს თქვენი კომპეტენტურობა ამა თუ იმ საკითხში, იყავით ინიციატორი და არა შემსრულებელი. თუ დაგჭირდებათ, გამოცდილი კოლეგისათვის რჩევის თხოვნაც ნუ მოგერიდებათ, გაიზიარეთ მისი გამოცდილება
ასევე იხილეთ:
რა ევალება კლასის დამრიგებელს?
„ნუ შეეცდები მათთან დამეგობრებას – რჩევები, ანუ მითითებები ჩემი კლასის მომავალ დამრიგებელს“
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება