როგორ უნდა ისწავლოს და ასწავლოს მასწავლებელმა – ფსიქოლოგი მოსწავლეებზე, პედაგოგებსა და სწავლების პროცესზე
მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ სოციუმის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გარშემო ჰყავს მოსწავლეს. მათ შეუძლიათ ბავშვს განუვითარონ ისეთი თვისებები, როგორიც არის თვითეფექტურობა, ავტონომიურობის განცდა, რაც იმის საფუძველია რომ შემდგომ, როგორც პიროვნებამ უკან არ დაიხიოს მის წინ მდგარი გამოწვევების წინაშე – ამ თემაზე ისაუბრა სპეციალურ ვიდეოინტერვიუში ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ ჩაწერილმა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მზია წერეთელმა, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტ, ნიკო სილაგაძესთან ერთად.
დღევანდელი განათლების ფსიქოლოგების მთავარ გამოწვევად მზია წერეთელს იმ ცოდნის მასწვალებლებამდე მიტანა მიაჩნია, რომელიც ამ დარგში უკვე დაგროვილია.
„ეს არის უდიდესი პრობლემა მეცნიერებისა და ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ. მასწავლებელს, რომელსაც ისედაც ბევრი საქმე აქვს, სამწუხაროდ, არასოდეს სცალია იმისათვის, რომ დადგეს და სამეცნიერო სტატიები იკითხოს. ამიტომ, ყველა ფსიქოლოგი, ბოლო დროის კონგრესებზე და კონფერენციებზე თანხმდება იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მივაწოდოთ მასწავლებელს“, – ამბობს ფსიქოლოგი, რომლიც აღნიშნავს, რომ როცა ადამიანს ინფორმაციას ვაწვდით, გადამუშავების შედეგად, ის გონებაში ცოდნად გარდაიქმნება და სემანტიკური სახით ინახება და არა ისე, როგორც მივეცით. შესაბამისად, მოსწავლეს დაზეპირება კი არა, გააზრება უნდა მოეთხოვოს.
„რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენს თავში სქემა თუ რუკაა, რომლებიც საკმაოდ რთულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ საკვანძო სწორედ ის კატეგორიებია, რასაც ჩვენ ცნებებს ვუწოდებთ და რომელშიც შედის ყველა კატეგორია და ის მიმართებები, რაც ადამიანს სხვა მოვლენებთან დაკავშირებით აქვს. იმისათვის, რომ კარგად ვასწავლოთ, აუცილებელია, ეს სისტემა გავითვალისწინოთ. როდესაც ისე ასწავლი, როგორც გონება ალაგებს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სწავლის პროცესი უფრო ადვილია, ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ რაღაცას მექანიკურად ვიმეორებთ და ვიმეორებთ… ცოდნის კონსტრუირება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ადამიანი თანდაყოლილი უნარით იბადება – მეცნიერი, მკვლევარია და ცდილობს, სამყაროს ასლი ააგოს საკუთარ გონებაში“, – ამბობს მზია წერეთელი.
ის მიიჩნევს, რომ ვინ არინ შენ გარშემო, რა გამოცდილება აქვთ, როგორები არიან, როგორი შეხედულებები აქვთ – ეს ის მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელიც სწორედ რომ დიდ როლს თამაშობს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და ეს ამბავი თითოეულის თვითშეფასებასა და განვითარეაბზე აისახება. მზია წერეთელი კონკრეტულად განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა აქვთ გარშემომყოფებს.
„მაგალითად, არის ერთი და იგივე კოგნიტური უნარების მქონე მოსწავლე. ერთი არის ძალიან თამამი, თვითეფექტურობა აქვს მაღალი და მზად არის რომ ყველაფერი უპასუხოს, კმაყოფილი და ბედნიერია, სჯერა საკუთარი თავის და სჯერა, რომ ის ყოველთვის ყველაფრს ისწავლის. თვითდარწმუნებულია და მაღალი თვითშეფასება აქვს. მეორეს კი ეს ნაკლებად აქვს. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთერთი ის გარემო და სისტემაა, რომელიც მას გარს აკრავს. ეს არის მშობელი, მასწავლებელი, თანაკლასელი, გარემო და ღირებულებათა სისტემა და მასწავლებელი შეცდომას როგორ უყურებს. თუ ასეა, – „როგორ დაუშვი ეს შეცდომა“, პრობლემაა,“ – ამბობს ფსიქოლოგი, რომელიც მასწავლებლებს მოუწოდებს, პირველ რიგში, თვითონ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ შეუძლიათ, ყველას ყველაფერი ასწავლონ.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება