GE

როგორ ვამეცადინოთ პირველკლასელი – სპეციალისტის ინსტრუქცია მშობლებისთვის

პირველკლასელებს მშობელთა მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ 6-7 წლის ასაკში ბავშვს არ აქვს ის უნარ-ჩვევები, რომლითაც დამოუკიდებლად სწავლას შეძლებს, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ გამონახონ დრო მათი მეცადინეობისთვის.

თავის მხრივ, მშობლები არ მალავენ, რომ მათთვის ბავშვის მეცადინეობა მარტივი პროცესი სულაც არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ჯიუტობს და სწავლას თამაში ურჩევნია. EDU.ARIS.GE დაინტერესდა რას ურჩევენ სპეციალისტები პირველკლასელთა მშობლებს, როგორია მათი რეკომენდაციები, რომ ბავშვმა მეცადინეობის დროსაც კომფორტულად იგრძნოს თავი და მასწავლებლის შექებაც დაიმსახუროს.

21-ე საჯარო სკოლის პედაგოგი და კლასის დამრიგებელი, გვანცა ბურჭულაძე გვიდასტურებს, რომ პირველკლასელი შვილის მეცადინეობა მშობლებისთვის საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევაა. მისი თქმით, ყველა პირველკლასელს სჭირდება დახმარება და მშობლები ამ საკითხს გაგებით უნდა მოეკიდონ.

მისი თქმით, პირველკლასელის მშობლობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა, თუმცა საინტერესოც არის, რადგან მშობელიც სწავლობს და შვილთან ურთიერთობას აუმჯობესებს, შესაძლოა პირიქითაც ხდებოდეს და ამიტომაა აუცილებელი, სპეციალისტებს მოვუსმინოთ.

„გეტყვით, რომ პირველკლასელს არ შეუძლია სრულიად დამოუკიდებლად გაართვას თავი დავალებებს. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი მოუმზადებელი მოდის სკოლაში, მაგრამ არა იმიტომ რომ დაეზარა, უბრალოდ, არ იცის, როგორ იმეცადინოს. მეცადინეობაში მას მასწავლებელთან ერთად, მშობელი უნდა დაეხმაროს. ასეთ დროს ბავშვი გრძნობს მშობლის მხარდაჭერას და მის მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობა უჩნდება, რაც აძლიერებს ურთიერთობას“, – გვითხრა გვანცა ბურჭულაძემ.

პედაგოგს ვთხოვეთ, ინსტრუქცია მიეცა მშობლებისთვის, რა ხდება და რა უნდა ხდებოდეს მას შემდეგ, რაც ბავშვი სამეცადინო მაგიდასთან მიგვყავს:

ურთიერთობა და თანამშრომლობის ფორმები

„ბავშთან ურთიერთობისას აუცილებელია ღია და გულ-თბილი საუბარი. ეს მშობლებმაც უნდა გაითვალისწინონ. პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვს მეცადინეობისთვის შეუქმნან ხალისიანი განწყობა. თუმცა იქამდე უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი სკოლიდან დაბრუნებისთანავე არ უნდა დასვან სამუშო მაგიდასთან, უნდა მისცენ დასვენების დრო 2-3 საათი მაინც. მეცადინეობის დაწყების წინ, მშობელმა უნდა ჰკითხოს, თუ რომელი საგნებია მოსამზადებელი მომდევნო დღისთვის. აქვე გეტყვით, რომ ბავშვებს ხშირად არ ახსოვთ რა აქვთ დავალებად, განსაკუთრებით მაშინ, თუ დავალების ჩანიშვნა გამორჩა. ასეთ დროს მშობელმა მასთან ერთად მშვიდად უნდა გაარკვიოს რა დავალება მისცა მასწავლებელმა. დამოუკიდებლად არ დაიწყოს გარკვევა და ბავშვს აგრძნობინოს, რომ ის მხოლოდ დამხმარეა“, – გვიხსნის მასწავლებელი.

რა უნდა იცოდეს მოსწავლემ და რა არის შეცდომა

„ასევე საჭიროა მეცადინეობის დაწყებამდე შეახსენოს, რომ რჩევისთვის შეუძლია მას (მშობელს) მიმართოს, მაგალითად, ასეთი კითხვებით: „როგორ ვწერო სწორად?“, „რას მივაქციო ყურადღება კითხვისას?“, „ხომ სწორად გავიგე კითხვა?“. მშობელს არ უნდა აერიოს დახმარება უხეშ ჩარევაში. მშობელი ბავშვს უნდა დაეხმაროს დავალების პირობის გაგებაში, თუ ბავშვისთვის გაუგებარია რას ითხოვს დავალება მისგან, 3-4 -ჯერ მაინც უნდა წაიკითხოს პირობა ხმამაღლა ბავშვმა და არა მშობელმა. დაუშვებელია, მშობელმა დაწეროს ბავშვის ნაცვლად, რადგან ეს არც ბავშვისთვისაა შედეგისმომტანი არც მშობლისთვის“.

მეცადინეობის დრო და შესვენებები

„არ არის სასურველი ბავშვი ნახევარ საათზე დიდხანს იჯდეს სამეცადინო მაგიდასთან, საჭიროა შესვენების ინტერვალებიც, 15-20 წუთიანი, გააჩნია რამდენი დავალება აქვს მოცემული. როგორც წესი, პირველკლასელ მოსწავლეებს დავალებების შესასრულებლად 25-30 წუთი სჭირდებათ, თუ ყველა საგანში აქვთ მოცემული დავალებები და ეს დრო სრულიად საკმარისია. ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობელი ბავშვს წინასწარვე გააფრთხილებს, რა დრო დასჭირდებათ მეცადინეობისთვის“.

აირჩიეთ მუშაობის და არა ბრძოლის გზა

გვანცა ბურჭულაძის თქმით, მშობლები ხშირად უშვებენ გარდამტეხ შეცდომებს ბავშვის მეცადინეობის დროს. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, განმავითარებელი შედეგი მიიღო. განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობელი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს და არ ითვალისწინებს იმ ასაკობრივ თავისებურებას, რომელიც 6-7 წლის ბავშვს აქვს.

ასეთი მშობლები აგრესიითა და უხეში შენიშვნებით გამოირჩევიან. შედეგად, საფრთე ემუქრება ბავშვის ჰარმონიულ ფსიქო-სოციალურ განვითარებას, ბავშვი კი მშობლის კეთილგანწყობასა და პატივისცემას კარგავს.

„ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და სხვადასხვაგვარ მიდგომას საჭიროებს, თუმცა ამ არგუმენტებით ამართლებდეს მშობელი აგრესიას, დაუშვებელია. ყოვლად გაუმართლებელია მეცადინეობისას ზეწოლა, უხეში შენიშვნა, ხაზგასმა რომ მას არაფერი გამოსდის ანდა ზარმაცია და ა.შ. სტრესული გარემო, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიწვევს ბავშვში არაჯანსაღი დამოკიდებულებების გაჩენას, როგორც სწავლისადმი, ისე ადამიანური ურთიერთობების მიმართ. ამით ბავშვს მხოლოდ ახალ ტრავმებს შევძენთ. ამიტომ, მშობლებს ვურჩევ აირჩიონ ბავშვთან მუშაობის და არა ბრძოლის გზა, რადგან ეს აუცილებელია“.

სპეციალისტი ყველა მშობელს ურჩევს, რომ ყოველ დღე თუ არა, კვირაში 3-4 საათი მაინც გამონახონ ბავშვის მეცადინეობისთვის და მისცენ საინტერესო დავალებებიც.

„ჩემი მოსწავლეების მშობლებს ხშირად ვეუბნები, რომ კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად ნახავენ ფილმს, თუნდაც მოკლემეტრაჟიანს, წაიკითხავენ მცირე ფრაგმენტს წიგნიდან, გაარჩევენ ნახატსა თუ ნებისმიერ ფრაზას, რომელსაც ხშირად ისმენენ. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ბავშვის განვითარების პროცესს და მშობლებს მომავალში ნაკლები გამოწვევები ექნებათ, რადგან ბავშვის ზრდასთან ერთად, გაიზრდება მისი შესაძლებლობებიც“.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებლებს ვურჩევდი, ეს ყოველთვის ახსოვდეთ“ – როგორ გავუმკლავდეთ მოსწავლის რთულად მართვად ქცევას დაწყებით კლასებში

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური