როგორ გავხადოთ სწავლის პროცესი გასართობი და საინტერესო – სტრატეგიები მშობლებისთვის და არა მხოლოდ
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი სასწავლო უნარების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც სპეციალისტები ხსნიან, ამის მიღწევა სულაც არ არის იოლი. ხშირად, ბავშვები სწავლას თავს იმ მიზეზით არიდებენ, რომ მათ თავად სწავლის პროცესი ეჩვენებათ უინტერესოდ.
HT Lifestyle-სთან ინტერვიუში, ფსიქოლოგი ანგანა ნანდი ამბობს, რომ ბავშვისთვის სწავლის პროცესი ერთგვარი ბრძოლაა, რადგან ისინი ძირითადად არ არიან მოტივირებულნი ამის გასაკეთებლად, ხოლო მოზარდთა უმეტესობას არ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში კონკრეტულ საგანზე ფოკუსირება. ბავშვთა თერაპევტი მშობლებს რამდენიმე საკმაოდ ეფექტურ სტრატეგიას სთავაზობს, რათა ბავშვებისთვის სწავლის პროცესი უფრო გასართობი და საინტერესო გახადოს:
სასწავლო გარემოს შექმნა – შექმენით ბავშვისთვის წყნარი და მშვიდი გარემო, სადაც ბავშვი შეძლებს კონცენტრაციას ისე, რომ მისი ყურადღება არ გადაიტანოს ტელევიზორმა, მობილურმა ტელეფონმა, თუ სხვა სახის ტექნიკამ.
სწავლის თამაშად ქცევა – რა მოსწონთ ბავშვებს ყველაზე მეტად? დიახ, თამაში. თუ მოახერხებთ, რომ შვილისთვის სწავლის პროცესი ერთგვარ გასართობ საშუალებად იქცეს, მისი პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზრდება. მაგალითად, შეგიძლიათ, რომ საშინაო დავალება თქვენსა და თქვენს შვილს შორის შეჯიბრად აქციოთ – ვინ შეასრულებს საშინაო დავალებას პირველი, ვინ უფრო ლამაზად დაწერს და ა.შ, მაგრამ გაითვალისწინოთ, არ აქციოთ თამაში ზედმეტად კონკურენტუნარიანად, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა, პროცესი ბავშვისთვის ზედმეტად სტრესული გახდეს.
ექსპერიმენტები სწავლის პროცესში – თუ თქვენს შვილს კონკრეტული ინფორმაციის დამახსოვრება, ან სიტყვის სწავლა უჭირს, გამოიყენეთ სწრაფი და ეფექტური სწავლის მეთოდები – მაგალითად, აქტიური გახსენების მეთოდი. ეს მეთოდი სწავლის პროცესში გონების სტიმულირებას გულისხმობს, როდესაც მოზარდი წიგნს მხოლოდ ერთხელ კითხულობს, რის შემდეგაც მას ხურავს და საკუთარ თავს წაკითხული ტექსტის შესახებ შეკითხვებს უსვამს. ასევე, კარგი იქნება თუ იმ მასალას, რომლის სწავლაც ბავშვს უჭირს, რამდენჯერმე ხელით ამოწერს – ეს ხერხი მას გააზრებაში დაეხმარება. ზოგადად, სწავლის ბევრი ხერხი არსებობს და ყველა ადამიანისთვის ეს ხრიკები შესაძლოა, ინდივიდუალური იყოს. ასე რომ, მიეცით ბავშვებს თავისუფლება, რომ საკუთარი თავისთვის შემეცნების საუკეთესო გზა იპოვონ.
წახალისება/ჯილდოს მიცემა – ბავშვებში კარგი ქცევის წახალისებისთვის ჯილდოს მიცემა საუკეთესო საშუალებაა. ასევე, მნიშვნელოვანია მოზარდის შექება. მარტივად რომ ავხსნათ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჯილდოს სისტემა, სადაც თითოეულ დღეს ბავშვს კონკრეტული დავალების შესრულების შემთხვევაში, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ჯილდოს მიცემთ.
დაისახეთ პატარა ამოცანები – მიეცით ბავშვებს მცირე დავალებები, რომლებიც კონცენტრაციასა და ყურადღებას საჭიროებენ. მაგალითად, თუ გინდათ, რომ მან წაიკითხოს სახელმძღვანელოს 2 ან 3 თავი, მოზარდს ამისთვის კონკრეტული დრო, მაგალითად თითო თავისთვის 20-20 წუთი გამოუყავით და სთხოვეთ, რომ ამ დროში ჩაეტიოს.
დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვისთვის ხალისიან გარემოში აღზრდა და შემეცნება ძალიან მნიშვნელოვანია. სტრესულ პირობებში მუდმივ ყოფნასა და მეცადინეობას კი მოზარდზე სერიოზული ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია, რაც თავისთავად შეამცირებს მის პროდუქტიულობას.
აქამდე ჩატარებულმა თითქმის ყველა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო პროცესით ერთობიან და სიამოვნებას იღებენ, ბევრად უკეთ სწავლობენ. აქედან გამომდინარე, ეცადეთ, შეუქმნათ ბავშვს საკუთარი კომფორტის ზონა.
ასევე იხილეთ:
რატომ არ უყვართ მოსწავლეებს მეცადინეობა – სიზარმაცე თუ უინტერესო დავალებები?
მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება