GE

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს ხელის ჰიგიენა – მასწავლებლებისა და მშობლებისთვის

უმნიშვნელოვანესია მასწავლებლების და ასევე მშობლის როლი მოსწავლეების მიერ სიფრთხილის ზომების გაცნობიერებაში, რომლებიც მათ უნდა განახორციელონ კორონავირუსისაგან საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად; მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს კლასში (ან ონლაინ მეცადინეობისას) თქვენ მისცეთ ამისი მაგალითი.

ხელების დაბანა არის ერთ-ერთი უმარტივესი, შედარებით ხარჯთეფექტიანი და ქმედითი ზომა ბაქტერიების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისათვის და მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ასწავლეთ ხელების დაბანის ხუთი ნაბიჯი

1. დაისველეთ ხელები უვნებელი, გამდინარე წყლით

2. წაისვით საკმარისი ოდენობის საპონი, რომელიც სველ ხელებს დაფარავს

3. კარგად დაიიმუშავეთ ხელის ყველ უბანი – ხელის მტევნის ზურგი, ადგილები თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ — არანაკლებ 20 წამის განმავლობაში. შეგიძლიათ მოსწავლეებს მოუწოდოთ, ხელების დაბანისას წაიღიღინონ პატარა სიმღერა, რათა სახალისო ჩვევად იქცეს.

4. საპონი კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.

5. გაიმშრალეთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცით.

თუ სკოლაში შეზღუდულია ხელსაბანის, გამდინარე წყლის ან საპნის ხელმისაწვდომობა, ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, სპირტის მინიმუმ 60 პროცენტის შემცველობით.

იცოდით? ცივი წყალი და თბილი წყალი თანაბრად ეფექტურია ბაქტერიებისა და ვირუსების დასახოცად – იმ პირობით, თუ საპონს იყენებთ!

წაახალისეთ მოსწავლეები, ჩვევად გაიხადონ რეგულარულად ხელების დაბანა ან/და ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ძირითად მომენტებში, როგორიცაა საკლასო ოთახში შესვლის და საკლასო ოთახიდან გამოსვლისას; ზედაპირებთან, სასწავლო მასალებთან, წიგნებთან შეხების შემდეგ, და ცხვირის მოსახოცად ქაღალდის ხელსახოცის გამოყენების შემდეგ.

დახველებისას ან/და დაცემინებისას მოსწავლეებმა პირზე იდაყვი უნდა მიიფარონ. თუმცა, თუ შემთხვევით ბავშვი ხელში/ხელზე დააცემინებს ან დაახველებს, უთხარით, რომ მაშინვე დაიბანოს ხელები ან გაიწმინდოს ხელები სადეზინფექციო საშუალებით. თუ მოსწავლე დააცემინებს ან დაახველებს ქაღალდის ხელსახოცში, მან ხელსახოცი მყისიერად უნდა გადააგდოს და მაშინვე დაიბანოს ხელები. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ნორმად აღიქვან ხელების ხშირად და რუტინულად დაბანა.

ურჩიეთ მოსწავლეებს, რომ თუნდაც სუფთა ხელებით, მოერიდონ თვალებზე, ცხვირზე და პირზე ხელით შეხებას. ამ ადგილებიდან ბაქტერიები შეიძლება გადავიდეს სუფთა ხელებზე და ამგვარად გავრცელდეს მთელ კლასში.

ბავშვებს განუმტკიცეთ ხელების ხშირი დაბანის და სადეზინფექციო საშუალებით გაწმენდის ჩვევა და შეიძინეთ საჭირო ინვენტარი. ხელების დასაბანი წერტილები საპნითა და წყლით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და, თუ შესაძლებელია, ყველა საკლასო ოთახში, შესასვლელებთან და გასასვლელებთან, ასევე, სასადილოსთან და ტუალეტებთან, უნდა განთავსდეს სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება.

რა უნდა გააკეთოთ

განსაზღვრეთ პრაქტიკული ნაბიჯები/აქტივობები მოსწავლეებისათვის ჰიგიენის სათანადო პრაქტიკის დემონსტრირებისათვის. მაგალითად:

ხელის ჰიგიენის თანმხლები სიმღერის შექმნა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად იმღერებთ
ბავშვებს დაახატინეთ ხელის ჰიგიენის ამსახველი პოსტერები, რომლებსაც გააკრავთ საკლასო ოთახში.

დააწესეთ ხელის ჰიგიენის რიტუალი. შეგიძლიათ შეარჩიოთ კონკრეტული დრო დღის განმავლობაში, როგორიცაა დიდ შესვენებამდე/დიდი შესვენების შემდეგ, როდესაც ყველა დაიბანს ხელებს/გაიწმენდს ხელებს სადეზინფექციო საშუალებით.

ფიზიკურად უჩვენეთ ბავშვებს, როგორ უნდა დაიბანონ ხელები და გაიწმინდონ ხელები სადეზინფექციო საშუალებით.

კლასში დანერგეთ ქულების სისტემა, ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვები დაიბანენ ხელებს ან გაიწმენდენ ხელებს სადეზინფექციო საშუალებით, დაუწერეთ ქულები.

მოსწავლეებს დაამზადებინეთ განცხადება ხელის ჰიგიენის შესახებ და განათავსეთ ეს პოსტერები/განცხადებები საკლასო ოთახში ან სკოლაში თვალსაჩინო ადგილებში.

რესპირატორული ვირუსები, როგორიცაა ასევე კორონავირუსი (COVID-19) ვრცელდება მაშინ, როდესაც ვირუსით დაინფიცირებული ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკები ხვდება ადამიანის ორგანიზმში თვალების, ცხვირის ან ყელის გზით. ყველაზე ხშირად ეს ხელების მეშვეობით ხდება. ასევე, ხელები არის ერთი ადამიანიდან მეორეზე ვირუსის გავრცელების ყველაზე ხშირი გზა.

გლობალური პანდემიის დროს ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე იაფი, მარტივი და მნიშვნელოვანი გზა არის ხელების ხშირი დაბანა საპნით და წყლით.

ქვემოთ მოცემულია ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ხელების სწორად დაბანის შესახებ:

1. როგორ უნდა დავიბანო ხელები სწორად?

იმისათვის, რომ ხელებიდან ჩამოიცილოთ ვირუსის ყველა კვალი, ხელების სწრაფად აქაფება და ჩამობანა საკმარისი არ არის. ქვემოთ მოცემულია ხელების ეფექტიანი დაბანის ინსტრუქციები ნაბიჯ-ნაბიჯ:

ნაბიჯი 1: დაისველეთ ხელები გამდინარე წყლით
ნაბიჯი 2: წაისვით საკმარისი საპონი, რომ დაიფაროს სველი ხელები
ნაბიჯი 3: კარგად დაიმუშავეთ ხელის ყველა უბანი – ხელის მტევნის ზურგი, ადგილები თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ – მინიმუმ 20 წამის განმავლობაში
ნაბიჯი 4: კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით
ნაბიჯი 5: გაიმშრალეთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით

2. რამდენ ხანს უნდა ვიბანდე ხელებს?

ხელებს უნდა იბანდეთ მინიმუმ 20-30 წამის განმავლობაში. დროის გაზომვის ადვილი მეთოდია სიმღერის „რა ლამაზი დღეა“ ორჯერ წაღიღინება.

იგივე ეხება ხელის სადეზინფექციო სითხეს (ე.წ. ხელის სანიტაიზერს): გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე მინიმუმ 60% ალკოჰოლის შემცველობით და დაიმუშავეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. დარწმუნდით, რომ ხელის ყველა უბანი არის სათანადოდ და სრულად დამუშავებული.

3. როდის უნდა დავიბანო ხელები?

COVID-19-ის გადადების პრევენციის მიზნით ხელები უნდა დაიბანოთ:

ცხვირის მოხოცვის, დახველების ან დაცემინების შემდეგ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები და სალოცავი ადგილები – ყოფნის შემდეგ
თქვენი საცხოვრებლის მიღმა ზედაპირებზე შეხების შემდეგ, ფულთან შეხების ჩათვლით
ადავმყოფი ადამიანის მოვლიწ წინ, შუაში და შემდეგ
ჭამის წინ და შემდეგ

ზოგადად, ყოველთვის უნდა დაიბანოთ ხელები შემდეგ სიტუაციებში:

ტუალეტის შემდეგ
ჭამის წინ და შემდეგ
ნაგავთან შეხების შემდეგ
ცხოველების და შინაური ცხოველების შეხების შემდეგ
ბავშვის საფენების გამოცვლის შემდეგ ან მას შემდეგ, როცა ეხმარებით ბავშვს ტუალეტში
როდესაც თქვენი ხელები ვიზუალურად ჭუჭყიანია

4. როგორ დავეხმარო ბავშვს ხელების დაბანაში?

შეგიძლიათ, ბავშვებს დაეხმაროთ მათთვის ხელის დაბანის პროცესის გამარტივებით. მაგალითად, დაუდგით სკამი, რომ თვითონ ადვილად მიწვდნენ საპონს და წყალს. შეგიძლიათ ასევე ეს პროცესი მათთვის სახალისო გახადოთ ხელების დაბანაში დახმარების დროს მათი საყვარელი სიმღერის შესრულებით.

5. მჭირდება თუ არა თბილი წყალი ხელების დასაბანად?

არა, ხელების დასაბანად შეგიძლიათ ნებისმიერი ტემპერატურის წყლის გამოყენება. როგორც ცივი, ასევე ცხელი წყალი თანაბრად ეფექტიანია მიკრობებისა და ვირუსების მოსაცილებლად – იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ საპონს!

6. უნდა გავიმშრალო თუ არა ხელები პირსახოცით?

მიკრობები უფრო ადვილად ვრცელდება სველი კანიდან, ვიდრე მშრალი კანიდან. შესაბამისად, ხელების მთლიანად გაშრობა მნიშვნელოვანი საფეხურია. ქაღალდის ხელსახოცები ან სუფთა ქსოვილები არის ყველაზე ეფექტიანი გზა ბაქტერიების მოსაცილებლად მათი სხვა ზედაპირებზე გავრცელების გარეშე.

7. რა სჯობს: ხელების დაბანა თუ ხელის სადეზინფექციო სითხის გამოყენება?

ზოგადად, ორივე – როგორც ხელების დაბანა საპნითა და წყლით, ასევე ხელის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით (სანიტაიზერით) ძალიან ეფექტიანია მიკრობებისა და პათოგენების უმრავლესობის მოსაკლავად იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცედურები სწორად არის შესრულებული. ხელის სადეზინფექციო საშუალებები უფრო მოსახერხებელია, როდესაც სახლში არ ხართ. თუმცა, ისინი უფრო ძვირია ან მათი შოვნა რთულია გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებში. ასევე, სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები კლავს კორონავირუსს, მაგრამ ის არ კლავს ყველა სახის ბაქტერიასა და ვირუსს. მაგალითად, ის შედარებით ნაკლებ ეფექტიანია ნოროვირუსის და როტავირუსის წინააღმდეგ.

8. როგორ მოვიქცე, თუ არ მაქვს საპონი?

ქლორიანი წყლის ან სპირტის მინიმუმ 60%-იანი სადეზინფექციო საშუალების გამოყენება არის შემდეგი გზა იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ საპონი და გამდინარე წყალი. თუ არც ეს საშუალებებია ხელმისაწვდომი, ქაფიანი წყალი ან ნაცარი ასევე დაგეხმარებათ ბაქტერიების მოცილებაში, თუმცა არც ისე ეფექტიანად. თუ იყენებთ რომელიმე ამ მეთოდს, მნიშვნელოვანია, რომ ხელები დაიბანოთ მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ, მანამდე კი – თავი შეიკავოთ სხვა ადამიანებთან და ზედაპირებთან კონტაქტისგან.

9. კიდევ როგორ შეიძლება, დავეხმარო კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას?

დაიცავით დახველებისა და დაცემინების სწორი ეტიკეტი: დაიფარეთ ცხვირი და პირის ღრუ იდაყვით ან ქაღალდის ცხვირსახოცით, მაშინვე გადააგდეთ გამოყენებული ცხვირსახოცი და დაიბანეთ ხელები.
არ შეეხოთ სახეს (პირს, ცხვირს, თვალებს).
დაიცავით სოციალური დისტანცია: არ ჩამოართვათ ხელი, არ გადაეხვიოთ სხვა პირებს ან გადაკოცნოთ ისინი, არ მიირთვათ საზიარო საკვები, არ იხმაროთ საერთო ჭიქები, დანა-ჩანგალი, თეფშები და პირსახოცები.
თავი აარიდეთ ახლო კონტაქტს ნებისმიერ პირთან, ვისაც შეენიშნება გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები.
დროულად მიმართეთ სამედიცინო პირს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს სიცხე, ხველა ან ქოშინი/სუნთქვის გაძნელება.
გაწმინდეთ ზედაპირები, რომელსაც შეიძლება, შეხება ჰქონდეს ვირუსთან და ზოგადად – უფრო ხშირად გაწმინდეთ ზედაპირები (განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში).

მომზადებულია იუნისეფ საქართველოზე დაყრდნობით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური