როგორ (ვერ) მუშაობს უკვე სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი სკოლებში
2020-2021 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულები არიან ელექტრონული ჟურნალი აწარმოონ. აღნიშნულ ვალდებულებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს.
ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე სასწავლო წელი არის გარდამავალი პერიოდი და სკოლებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დატოვებენ ტრადიციულად ნაბეჭდს. მიუხედავად ამისა, დირექტორები ელექტრონულ ჟურნალის წარმოებას თითქმის ყველა მასწავლებელს სთხოვენ.
პედაგოგების ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ეს დამატებითი დატვირთვაა მათთვის, რადგან სკოლებში საკმარისი რაოდენობის კომპიუტერები არაა და ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეყვანა მასწავლებლებს სახლებში, არასამუშაო საათებში უწევთ.
აღნიშნული პლატფორმით სარგებლობა მშობლებსაც შეუძლიათ. EDU.ARIS.GE დაინტერსდა, როგორ მუშაობს ელექტრონული ჟურნალი და რა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი მშობლებისთვის აღნიშნულ პლატფორმაზე. განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ელექტრონულ ჟურნალში მშობლები შვილის შესახებ ყველა ინფორმაციას მიიღებენ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი, რეალურად კი, ამ ეტაპზე პლატფორმაზე მშობლები მხოლოდ გაკვეთილების ცხრილს და მოსწავლის დასწრების მაჩვენებელს პოულობენ.
„სიახლე არის ძალიან საინტერესო. ეს არის კარგად ორგანიზებული სივრცე ელექტრონული ჟურნალისა, სადაც მოხდება არა მარტო ნიშნების ასახვა, არამედ შექმნილია უკვე სატელეფონო აპლიკაცია. როდესაც მშობელი ჩამოტვირთავს, ყველა ინფორმაციას მიიღებს შვილის შესახებ. ეს იქნება დასწრება, კომენტარები და ასე შემდეგ. მშობელს დამრიგებლის მხრიდან ყოველდღიურად ექნება ინფორმაცია სკოლაში მისი შვილის მოსწრებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე.
მშობლების ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცესი გარკვეულწილად რთული აღმოჩნდა და ამ ეტაპზე არც იქ განთავსებული ინფორმაციაა სრულყოფილი.
„წარმოდგენა არა მაქვს ელექტრონული ჟურნალის შესახებ, ჩემი შვილის შესახებ რაც მაინტერესებს მასწავლებელს ვეკითხები. ონლაინ სწავლება იმდენად ყელშია ამოსული სურვილიც კი არ მაქვს მსგავს რაღაცაზე დავრეგისტრირდე. მე, როგორც ვიცი, მასწავლებლებსაც უჭირთ ამ ელექტრონულ პლატფორმაზე მუშაობა, ამიტომ სურვილი არ მაქვს“, – ამბობს მე-7 კლასელი მოსწავლის მშობელი ჩვენთან საუბარში.
კიდევ ერთი მშობელი გვეუბნება, რომ ელექტრონული ჟურნალის შესახებ, მასწავლებელმა აცნობა და სთხოვა დარეგისტრირებულიყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, ჯერჯერობით ვერ შეძლო.
„დამრიგებელმა გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა თუ ელექტრონულ ჟურნალში დავრეგისტრირდებოდით, როგორც მშობლები და ჩვენი შვილების შესახებ ინფორმაცია გვექნებოდა. მე ასე კარგად ვერ ვერკვევი ტექნოლოგიებში და მეზობელს ვთხოვე დახმარება, დაიწყო პროცესი, მაგრამ რეგისტრაციის დროს ითხოვენ ესემეს კოდს, აღმოჩნდა რომ განათლების მართვის სისტემაში ჩემი არასწორი ნომერი ყოფილა მითითებული და ვერ დავრეგისტრირდი. დავურეკე მასწავლებელს და მითხრა შევაცვლევინებო, ჯერ-ჯერობით არ ვიცი განახლდა თუ არა ჩემი მონაცემები“, – ამბობს მე-9 კლასელი მოსწავლის მშობელი მაია გაბიდაური.
მშობელთა ონლაინ ჟურნალში დარეგისტრირება შეძლო მე-8 კლასის მოსწავლის დედა თეა მანაგაძემ, ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ელექტრონულ ჟურნალში ცხრილის და გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებლის გარდა, სხვა ინფორმაცია ვერ იპოვა.
„ძალიან მაინტერესებს ტექნოლოგიები და სწავლების ახალი მეთოდები, მასწავლებელსა და სკოლას არაფერი უთქვამთ ამის შესახებ, მაგრამ ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალზე და დავრეგისტრირდი. თუმცა პირველ ეტაპზე პრობლემა შემექმნა, რადგან ემისის ბაზაში ჩემი ტელეფონის ნომერი არასწორად იყო მითითებული. ამის შესახებ მივწერე სკოლას ელ-ფოსტაზე, მალევე მოპასუხეს, რომ გაასწორეს, თუმცა მთელი დღის მანძილზე ვერ დავრეგისტრირდი. მეორე დღეს, როგორც ჩანს ტელეფონის ნომერი აისახა ბაზაში და რეგისტრაცია შევძელი. ორი შვილი მყავს და ელექტრონულ ჟურნალში ორივეს გაკვეთილების ცხრილი დამხვდა, ასევე აღნიშნულა, რომ მაგალითად, უფროს შვილს, რომელიც არის მე-8 კლასში, აქვს ონლაინ გაკვეთილებზე 100%-იანი დასწრება. რაც არასწორია, მე ვიცი, რომ რამდენიმე გაკვეთილი პირადი მიზეზებით, გაცდენილი აქვს. რაც შეეხება მეორე შვილს, რომელიც არის პირველ კლასში, მასზეც აღნიშნულია, რომ აქვს გაკვეთილებზე 100%-იანი დასწრება, რაც ნამდვილად სწორი ინფორმაციაა. ვფიქრობ, ახალია ჯერ ეს ყველაფერი და, ალბათ, უფრო დაიხვეწება და ბავშვების შესახებ მასწავლებლების კომენტარებსაც ვნახავთ“, – ამბობს მშობელი ჩვენთან საუბარში.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, განახლებულ ელექტრონულ ჟურნალში ინტეგრირებულია კალენდარი, რაც საგანმანათლებლო პროცესის მართვასა და ორგანიზებას გაცილებით ეფექტურს ხდის. რადგან მასწავლებლებმა და მშობლებმა წინასწარ იციან ყველა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მშობლებს წვდომა აქვთ შვილების გამოცდების განრიგზე და გაკვეთილების ცხრილზე. პროცესის ყველა მონაწილეს წინასწარ აქვს ინფორმაცია სასწავლო დასვენების დღეების შესახებ. სისტემაში შესვლა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერით, ასევე მობილური ტელეფონით.
ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციისთვის, ან აპლიკაციის გადმოსაწერად მსურველი უნდა ეწვიოს შესაბამის ბმულს onlineschool.emis.ge. მშობელმა რეგისტრაციისთვის უნდა აირჩიოს ღილაკი რეგისტრაცია. ჩაწეროს პირადი ნომერი, რის შემდეგადაც ეკრანზე გამოუჩნდება მობილურის ნომერი, სადაც მიუვა დასტურის კოდი. დასტურის კოდის ჩაწერის შემდეგ ახალ ორ ფანჯარაში უნდა ჩაწეროთ პაროლი და რეგისტრაცია დასრულდება. ამ პროცესის გავლის შემდეგ მშობელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონულ ჟურნალში საკუთრი შვილის მონაცემები სასურველ დროს შეამოწმოს.
დღეს ძნელი სათქმელია, მაგრამ იქნება თუ არა სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლის მშობელი უზრუნველყოფილი ტექნიკური მხარდაჭერით, რომ ჩვეულებრივი ჟურნალი უკვე მომავალ წელს ელექტრონულით ჩაანაცვლოს, მალე გავიგებთ. თუ, რა თქმა უნდა, მინისტრის ბრძანება ბრძანებად არ დარჩება.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება