როგორ ხდება და ვის შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავება
„როგორ დავსაქმდე უნივერსიტეტში და რა კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილო, ტესტირებაც სავალდებულოა?“, – ამ კითხვით EDU.ARIS.GE-ს მას შემდეგ მიმართავენ, რაც სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელმძღვანელი პირების ცვლილებები დაიწყო. შეიცვალნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის რექტორები და სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსებიც გამოცხადდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს რა პრინციპით ხდება და ვის შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით.
კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად:
პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ხოლო დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
როგორც ხარისხის ცენტრი განმარტავს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
„შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს შეუძლია აკადემიური თანამდებობა დაიკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, – განმარტავს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი.
ასევე იხილეთ:
რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს თსუ-ის სტუდენტმა, რომელსაც საერთო საცხოვრებელში ცხოვრება სურს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება