სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო
საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ცენტრის მიერ გასაჯაროვდა, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მუშაობს.
რას გულისხმობს მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი სსიპ-ის სამუშაოები:
1. დაფინანსების არსებული სისტემის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც დასრულდება 2024 წლის დეკემბერში. ეს ამოცანა მოიცავს:
2. არსებული დაფინანსების მოდელის შეფასებას – რამდენად პასუხობს სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი თანაბარი ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის, ადექვატურობის, ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტურობის კრიტერიუმებს;
3. სკოლების დაფინანსების პოლიტიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში გატარებული ცვლილებების შეფასებას სკოლების დაფინანსების საერთაშორისო ტენდენციების ჭრილში;
4. საჯარო სკოლების საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას და მიგნებებიდან გამომდინარე, დაფინანსების მოდელის ცვლილების ამოცანების განსაზღვრას.
5. დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებას და პილოტირებას.
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ დაფინანსების მოდელის პილოტირების დაწყება დაგეგმილია 2025 წლის სექტემბრის თვეში.
“პილოტირების შედეგებზე დაყრდნობით, დაიხვეწება დაფინანსების საპილოტე ვერსია და სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი ძალაში შევა 2027 წლიდან”, – აცხადებენ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრში.
როგორც ირკვევა, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ცენტრს უკვე დაწყებული აქვს არსებული დაფინანსების სქემის მოკვლევა და კვლევის მომდევნო ეტაპისთვის აქამდე განხორციელებული სამუშაოების შეჯამებაში აღნიშნავს, რომ:
“ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელის ეფექტიანობის შეფასება რთული, კომპლექსური პროცესია, რომელიც ბევრ მეთოდოლოგიურ სირთულესა თუ სხვა სახის გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ამ სირთულეებთან გასამკლავებლად დაგეგმილია კომპლექსური კვლევა, რომელიც დაფინანსების არსებული მოდელის მრავალმხრივი ანალიზითა და დაინტერესებულ მხარეთა (მასწავლებლები, ადმინისტრატორები, განათლების პოლიტიკის შემქმნელები და განათლების ექსპერტები) თვალსაზრისების შეჯერებით, ერთიანი დიაგნოსტიკური სურათის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. წინამდებარე კვლევა დაფინანსების არსებული მოდელის კომპლექსური შეფასების ნაწილია, რომელმაც ამ ეტაპზეც ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის იდენტიფიცირებისა და გარკვეული ჰიპოთეზების ჩამოყალიბება შესაძლებლობა მოგვცა. ეს მიგნებები და ვარუდები ასეთია: როგორ ფინანსდება სკოლები დღეს“.
აქვე, EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მიერ არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელის შემუშავება და დანერგვაც, რომელიც არაერთი წელია, რაც შემუშავების პროცესშია.
ასევე იხილეთ:
სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება