როგორი იქნება დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ალტერნატივა სკოლებისთვის
საჯარო სკოლებს, კორონავირუსის საფრთხის გამო გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში, მოსწავლეებთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმები ექნებათ, მათ შორის ერთ-ერთია ონლაინ კომუნიკაცია. სკოლები ამის შესახებ რეკომენდაციებს სამინისტროსგან მიიღებენ.
განათლების მინისტრის მოადგილემ დღეს ისიც თქვა, რომ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით სამინისტროს სკოლებისთვის აუცილებელი გეგმის წარდგენა არ მოუთხოვია და ეს ერთ-ერთი ალტერნატივა იქნება მათთვის.
„ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით სამინისტროს სკოლებისთვის გეგმის წარდგენა არ მოუთხოვია“
საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილმა მოსწავლეებთან ელექტრონული კომუნიკაცია უკვე დაიწყო, ნაწილი კი ისევ მზადების პროცესშია. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ზოგად რეკომენდაციებს სკოლებს დღეს, დღის ბოლომდე მიაწოდებს. მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის თქმით, ონლაინ კომუნიკაციის ერთ-ერთი ალტერნატიული ფორმა კომპანია microsoft – ის teams პროგრამა იქნება. 16 მარტამდე პროგრამაში სისტემაში არსებული ყველა მასწავლებელი უნდა დარეგისტრირდეს.
„Microsoft-ს მთელი მსოფლიოსთვის აქვს პლატფორმა და ისეთი პროგრამა, როგორიც არის teams. ეს პროგრამა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დამრიგებელმა მთელი კლასი ჩართოს და ონლაინ რეჟიმში დაიწყოს სასწავლო პროცესი, კომუნიკაცია თავის კლასის მოსწავლეებთან. დღეს განათლების სისტემა ამისთვისაც არის მზად. 16 მარტს, სისტემაში არსებული ყველა მასწავლებელი, ზოგი არის და ზოგიც იქნება დარეგისტრირებული ამ teams-ის პროგრამაში. ჩვენ გვაქვს კარგად გამართული ელექტრონული საინფორმაციო ბაზა და ამ ბაზის დახმარებით, ყველა მოსწავლეს ექნება თავისი კოდი, რომლის საშუალებითაც ჩაერთვება ონლაინ გაკვეთილში. ვინაიდან საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის პირველი კლასიდან მეცხრე კლასის ჩათვლით განათლება არის სავალდებულო, ეს არ შეიძლება იყოს განათლების მიწოდების ერთადერთი გზა, ეს არის ერთ-ერთი საშუალება“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
მისივე თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთვის ჩინეთის, კორეის, იტალიის და სხვა ქვეყნების საელჩოები ამზადებენ ინფორმაციებს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თუ რა ზომები მიიღეს სახელმწიფოებმა საგანმანათლებლო მიმართულებით და მოხდება ამ ინფორმაციების შეჯერება და გამოცდილების გაზიარება.
როგორც ცნობილია, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე გადადის და აღნიშნული რეჟიმი განსაკუთრებით ეხება განათლების სამინისტროსაც.
“მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება