როგორი ტიპის მასწავლებლები დაგვამახსოვრდნენ სკოლიდან?
„იცინეთ, იცინეთ, გამოცდების შემდეგ მე გავიცინებ“; „თქვენთვის ვლაპარაკობ, თორემ მე ეს ყველაფერი გადასარევად ვიცი“, – ეს და სხვა ფრაზები დღეს უკვე ღიმილს იწვევს მათში, ვინც სკოლა დიდი ხანია დაამთავრა. მათთვის კი, ვინც ახლა ამთავრებს სკოლას და მისაღები გამოცდებისთვის ემზადება, სულაც არაა სასაცილო და, პირიქით, საკმაოდ სტრესულიც კია ისედაც რთულ, წინასაგამოცდო პერიოდში.
სწორედ ასეთ სტრესულ სიტუაციებზე გვიამბობს ტექნიკის ბრენდი „ზუმერი“, რომელმაც თავისი ახალი ვიდეორგოლით აბიტურიენტებს მხარი დაუჭირა და თავისი ჩვეული პოზიტიური ენერგია მათ წასახალისებლად მიმართა.
ჩვენ კი ვიდეორგოლმა გაგვახსენა მასწავლებლების დანარჩენი ტიპებიც, რომლებიც ყველას გვყოლია სკოლაში. ზოგიერთები სამუდამოდ გვამახსოვრდებიან თავიანთი სწავლების უჩვეულოდ ნაყოფიერი მეთოდებით; ზოგიერთები – განსაკუთრებული სიმკაცრით; ზოგიერთების სახელიც კი არ გვახსოვს, თუმცა მისნაირ ტიპაჟებს ყველა სკოლაში შევხვდებით.
მასწავლებელი, რომელიც არასოდეს გადაუხვევს დაგეგმილ პროგრამას
ასეთი მასწავლებელი იდეალურად მისდევს დაგეგმილ სასწავლო პროგრამას. მასთან არ ჭრის არც – ცრემლიანი თვალები და არც – მომატებული ტემპერატურა. ყოველთვის დაგეგმილ დღეს აწერინებს მოსწავლეებს საკონტროლო წერას და არაფრისდიდებით არ მოგიმატებს ნიშანს „ლამაზი თვალებისთვის“. თუმცა საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ წიგნის მიხედვით ახსნილ გაკვეთილზე შენთვის საინტერესო ფაქტები ამოკრიბო და დაიმახსოვრო; დამატებითი ლიტერატურის მოძიებაც შენს ინტერესზეა დამოკიდებული.
მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც ბუზის გაფრენის ხმა ისმის
ყველას გვყოლია მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზე ბზუილი ბუზსაც კი ერიდებოდა. გასუსულ-გატრუნულ კლასში მის მიერ ახსნილი გაკვეთილის თითოეული სიტყვა მკაფიოდ ისმოდა. მისი კლასში შემოსვლა და მოსწავლეების გაჩუმება ერთი იყო. ზარის დარეკვაც კი, თითქოს, მასზე იყო დამოკიდებული: სანამ ის არ დაასრულებდა გაკვეთილის ახსნას, არავის ჰქონდა განძრევის უფლება. თუმცა მიუხედავად ასეთი სიმკაცრისა, მთელი კლასი იდეალურად იყო მომზადებული საგანში.
მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც ყველაზე მეტს ვხმაურობთ და ვკამათობთ
ასეთი მასწავლებლის გაკვეთილიდან დერეფანში ყველაზე მეტი ხმაური გამოდის. ერთი შეხედვით, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ მოსწავლეები ყირაზე გადადიან, თუმცა ვისაც ასეთი მასწავლებელი ჰყოლია, მას ახსოვს, როგორი თავგანწირვით კამათობდნენ სხვადასხვა თემებზე, რაც გაკვეთილს უკავშირდებოდა. ასეთი მასწავლებელი არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ პროგრამით. ის ყოველი მომდევნო ახსნილი თემის შემდეგ ყოველთვის სვამდა პრობლემურ საკითხს, დილემას, რაზე ბჭობა და დასკვნების გაკეთებაც მთელი კლასის ვალი იყო. ასეთ გაკვეთილზე ყველაზე ზარმაცი ან მორიდებული ბავშვებიც კი ენთუზიაზმით ერთვებოდნენ. სწორედ ასეთ კამათში სწავლობდნენ მოსწავლეები მთავარს: აზროვნებას.
მასწავლებელი, რომელიც ხშირად აცდენდა
გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს მასწავლებელი მაშინ ყველას გვიყვარდა. მის გაკვეთილზე ათოსნები – ყურში თითგარჭობილები მომდევნო გაკვეთილისთვის მეცადინეობდნენ; დანარჩენები კი უბრალოდ ერთობოდნენ. თუმცა წლები გავიდა, სკოლა დავამთავრეთ, მისაღები გამოცდებიც ჩავაბარეთ და თუკი საყვარლი მასწავლებლის გახსენებაზე მიდგა საქმე, ასეთი ტიპის მასწავლებელი ამ სიაში არასოდეს მოხვდება.
მასწავლებელი, რომლის საგანში მოსამზადებლად დამატებით რეპეტიტორი აღარ გვჭირდება
დაბოლოს, მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე პროგრამას ისე ხსნის, რომ დამატებით მასწავლებელი ეროვნული გამოცდებისთვის აღარ გჭირდება. ასეთ მასწავლებელს არ ავიწყდება როგორც პროგრამით გათვალისწინებული მასალის ახსნა; ისე – განვლილი მასალის გამოკითხვა ისე, რომ ყველაზე მორიდებულმა მოსწავლეებმაც კი აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები; კლასგარეშე ლიტერატურასაც აუცილებლად გაიხსენებს და პარალელების გავლებაშიც აუცილებლად დაეხმარება მოსწავლეებს. სწორედ ასეთ მასწავლებლებს ვიხსენებთ წლების მერე ისე, რომ სახეზე მასზე საუბრისას ღიმილი არ გვშორდება.
(R)
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია