GE

როგორი უნდა იყოს თქვენი წერილის შინაარსი, რომ სამსახურში მიგიღონ

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 144,8 მილიარდი წერილი იგზავნება, საიდანაც 89 მილიარდი ბიზნეს-მიმოწერაა. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია თქვენი წერილი დაიკარგოს ან სულაც წაუკითხავი დარჩეს.

თუ თქვენ ეძებთ სამსახურს, მისწერეთ პერსონალის მენეჯერს. გაითვალისწინეთ – ელექტრონული ფოსტა და წერილის შინაარსი მაქსიმალურად გასაგები უნდა იყოს.

მაშ ასე, როგორ აღვუძრათ ადრესატს იმის სურვილი, რომ გახსნას თქვენი წერილი და დაუთმოს მას დრო?

მოვუსმინოთ კარიერული ზრდის ექსპერტებს:

1. წერეთ მოკლედ

“წერილის თემა, როგორც წესი 60 სიმბოლოს შეიცავს, ხოლო მობილურ ტელეფონში 25-დან 30-სიმბოლომდე. ასეთი შეზღუდვის გათვალისწინებით, საჭიროა, ტექსტიდან ამოვიღოთ ისეთი სიტყვები როგორებიცაა: “გამარჯობა,” “გმადლობთ” და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე – აღვწეროთ ყველაფერი ექვს სიტყვაში”, – ამბობს პორტალის “TheLadders” ექსპერტი ამანდა ავგუსტინი. მაგალითი: პერსონალის მენეჯერის დამხმარე – რეზიუმე.

2.წერილის დასაწყისში დაწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები

ელექტრონული წერილების 50%-ს მობილურ ტელეფონებზე კითხულობენ, ამბობს დიმიტრი ლეონოვი – კომპანია SaneBox-ის ვიცე-პრეზიდენტი. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ არ იცით დაზუსტებით, რამდენ სიტყვას დაინახავს დამსაქმებელი თავის სმარტფონში, ამიტომ განათავსეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია წერილის დასაწყისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი უბრალოდ ვერ დაინახავს მნიშვნელოვან დეტალებს. მაგალითი: მარკეტინგის მენეჯერი 8-წლიანი გამოცდილებით.

3. წერეთ გარკვევით და კონკრეტულად

დამსაქმებლები რეზიუმეს დასათვალიერებლად მხოლოდ 6 წამს ხარჯავენ, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ სამსახურის მაძიებლის წერილისთვის ნაკლები დროც კი დახარჯონ. წერილის სათაური უნდა ასახავდეს ვინ ხართ და რას ეძებთ, რათა დამსაქმებელმა გაიგოს წერილის არსი მისი გახსნის გარეშე. არ დაწეროთ გაუგებარი სათაური, როგორიცაა: “წასაკითხი წერილი”, ამის სანაცვლოდ მიუთითეთ თანამდებობა რომლის დაკავებაც გსურთ. მაგალითი: ჯონ სმიტი გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე.

4. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები

ადამიანური რესურსების მენეჯერები ელექტრონული ფოსტის მართვისათვის როგორც წესი, სხვადასხვა ფილტრებსა და საქაღალდეებს იყენებენ. მოსალოდნელია, რომ ისინი თქვენს წერილს დაუყოვნებლივ არ წაიკითხავენ. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი წერილის სათაურში საკვანძო სიტყვების ჩართვა, როგორებიცაა: “რეზიუმე” ან “სამსახურის მაძიებელი”, ეს დაეხმარება დამსაქმებელს თქვენი წერილის მოძებნაში. მაგალითი: რეზიუმე: ჯონ სმიტი გაყიდვების მენეჯერი.

5. დაწერეთ ვაკანსია და თქვენი სახელი

ბუნებრივია, რომ დამსაქმებლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა – თანამდებობა, რომელზეც თქვენ გსურთ მუშაობა და თქვენი სახელი. მაგალითი: IT-სპეციალისტი, ჯონ სმიტი

6. ჩამოთვალეთ თქვენი მიღწევები

ეს საჭიროა იმისათვის, რომ პერსონალის მენეჯერმა მაშინვე დაინახოს თქვენი კვალიფიკაცია. წერილის სათაურმა უნდა გამოგყოთ სხვა მაძიებლების ფონზე, ამიტომაც, რეკომენდებულია დაწეროთ დამატებითი კვალიფიკაციის შესახებ შემოკლებული სახით. უმეტეს შემთხვევაში ეს არის MBA. მაგალითი: მარკეტინგის დირექტორი – ჯონ სმიტი, MBA

7. თუკი ვინმემ მოგცათ რეკომენდაცია ვაკანსიის შესახებ, მიუთითეთ მისი სახელი

თუ მოცემული ვაკანსია რომელიმე ნაცნობმა გირჩიათ, შეგიძლიათ მიუთითოთ წერილის სათაურში, ამბობს ამანდა ავგუსტინი. ეს მაშინვე მიიქცევს პერსონალის მენეჯერის ყურადღებას. წერა უნდა დაიწყოთ ამ ადამიანის სრული სახელით.

მაგალითი: რეკომენდაცია მომცა ჯეინ ბრაუნმა პერსონალის მენეჯერის პოზიციაზე

8. ნუ დაწერთ დიდი ასოებით

დიდი ასოების გამოყენებით, თქვენ მიიპყრობთ ყურადღებას, მაგრამ შთაბეჭდილება თქვენ შესახებ ნეგატიური იქნება. ეს ყვირილის ციფრული ეკვივალენტია, თქვენი დავალება კი ის არის, რომ წერილი ადვილად წასაკითხი გახადოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი წერტილი, ტირე, მაგრამ მოერიდეთ ძახილის ნიშნებს. მაგალითი: რეზიუმე: ჯონ სმიტი გაყიდვების მენეჯერი

წყარო: ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური