როგორია და როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში და სკოლის მიღმა
ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, ქალაქ თბილისის № 186 საჯარო სკოლის მასწავლებელი
ვთანხმდებით, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის, ასევე მოსწავლის აკადემიური მოსწრების კუთხით. როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე. მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და მეტად აქვს სწავლის გაგრძელების სურვილი.
ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობისას იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. შედეგად მშობელს მეტად ესმის საკუთარი შვილის; უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს; ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრია შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს; ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში; მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას; უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების მიხედვით. სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობა აქვთ მასწავლებლებთან.
მაგრამ ზოგჯერ მშობლის ჩართულობა გადაჭარბებულია. მშობელს სურს, რომ მასწავლებელმა მშობლის ინიციატივების შესრულებას დაუთმოს დრო. შესაძლოა, მშობელთან კომუნიკაციის ნაცვლად, მასწავლებლის მთავარი საზრუნავი სასწავლო პროცესიდან მისი დისტანცირება გახდეს.
მაშინ, როდესაც მშობელი გამუდმებით პასუხისმგებელია საკუთარ შვილზე, მიჯაჭვულია მას და ხშირად ირაციონალურადაც ეკიდება შვილთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი ცოდნა შემოფარგლულია საკუთარი შვილით. მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა იცოდეს, რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და მათი ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ის, რომ მოსწავლე უმეტესად მომზადებული მოდის გაკვეთილზე, შესაძლოა, სულაც არ ნიშნავდეს, რომ მას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სწავლის მიმართ. მისი ეს ქმედება შესაძლოა, სულ სხვა მოტივით იყოს განპირობებული – დასჯის შიშით ან/და საჩუქრის მიღების დაპირებით.
ჩემი პირადი გამოცდილებიდან (ვიყავი და ვარ დამრიგებელი) მოსწავლეები უფრო გახსნილები და მიმნდობები არიან დამრიგებელთან. უზიარებენ მათ ტკივილს, განცდებს. ზოგჯერ, მასწავლებლის მიმართ ნეგატიური განწყობა მშობლის გადაჭარბებული მოთხოვნით იყო გამოწვეული, რომ რომელიმე საგანი გამოკვეთილად კარგად უნდა ესწავლათ. მოსწავლე სახლში სწავლობდა, მაგრამ გაკვეთილზე არ აქტიურობდა. პირიქით, შემაჯამებელ წერაში დაბალ ქულას იღებდა. საუბრის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი მისი მხრიდან მშობელთან ყველაზე მტკივნეული ანგარიშსწორების გზა იყო. მოსწავლე მისი მშობლის გადამეტებულ ყურადღებასა და ჩარევას ამ მეთოდით აპროტესტებდა. შედგა მშობელთან ეფექტური კომუნიკაცია, საგნის მასწავლებელმა მოახსენა მისი შვილის შესაძლებლობის, პასუხისმგებლობის გამძაფრებული განცდის შესახებ და ცოტა ხნით (დაკვირვების მიზნით) სასწავლო პროცესიდან დისტანცირება სთხოვა. შედეგი მართლაც სასიამოვნო აღმოჩნდა, მოსწავლე ჩვეული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მოვალეობას და უკვე სიამოვნებით ახდენდა საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას.
მახსენდება კიდევ ასეთი შემთხვევა, როცა მშობელი ასწავლიდა(აზეპირებინებდა) შვილს გრძელ ტექსტებს. აქცენტს აკეთებდა მხოლოდ ამ მხარეზე. შემდეგ პროტესტი ჰქონდა სკოლასთან, მასწავლებლებთან თუ რატომ არ ფასდებოდა მისი შვილი მაღალი ქულით. ცხადია, აქაც მშობელთან გასაუბრება შედგა, მოვახდინეთ პრობლემის იდენტიფიკაცია, გავაცანით შეფასების რუბრიკა და მშობელმაც შეცვალა შვილის მიმართ მიდგომა.
თუ გვინდა, რომ განათლების რეფორმა წარმატებული იყოს, მარტო სკოლის ხარჯზე ეს ვერ განხორციელდება. ეს მიზანი მხოლოდ სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. მშობელი და ოჯახი მოსწავლის სწავლაზე და აღზრდაზე მაღალი გავლენის მქონე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მასწავლებელმა მშობელი სასწავლო თუ აღმზრდელობით პროცესში გაცნობიერებულად უნდა ჩართოს!
საკმაოდ ვრცელია იმ აქტივობების ჩამონათვალი, თუ როგორ შეიძლება ჩართო მშობელი სასკოლო ცხოვრებაში. ეს, ერთის მხრივ, დადებითი ფაქტორია, თუმცა მეორეს მხრივ, შეიძლება, მოსწავლის მოტივაციის შემცირება და დათრგუნვა გამოიწვიოს მასწავლებელს აღიზიანებს მშობლის უყურადღებობა და ავიწყდება, რომ შესაძლოა, მას სკოლის მიღმაც უამრავი საზრუნავი ჰქონდეს. მასწავლებლები ხშირად აძლევენ შენიშვნას გამოუძინებელ ბავშვებს და მშობლებს შეახსენებენ, რომ მოზარდს ძილი სჭირდება, რომ დღის რეჟიმის დარღვევა ასუსტებს კონცენტრაციის უნარს, ნერვულ სისტემას, მაგრამ მშობლისთვის ეს პრობლემა შესაძლოა ძნელი მოსაგვარებელი აღმოჩნდეს – არის შემთხვევები, როცა ბავშვს და-ძმასთან ერთად, საერთო საწოლში სძინავს, ანდა საერთო ოთახში მშობლებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში ხშირია პატარა და-ძმის მხრიდან წიგნის ან რვეულის დახევა ან ფანქრით დაჯღაბნა. ასეთ პირობებში მას სამეცადინოდ განმარტოების საშუალება არ აქვს. ასეთ დროს, მშობლის დიდი სურვილის მიუხედავად, პრობლემის მოგვარებასთან იგი უძლურია.
მშობლის აქტიურად ჩართულობამ შესაძლოა, მასწავლებელს მეტი ყურადღება მისი შვილისკენ გადაატანინოს. (ამ დროს ხშირია მშობლების მხრიდან მისი შვილის ხშირი გამოკითხვის სურვილის დაფიქსირება, მისი შვილის ყოველი ქმედების შეფასება, ან წახალისება, და იმ მოსწავლეების მშობლები, რომლებიც სამსახურეობრივი თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებენ მასწავლებელთან აქტიურ კომუნიკაციას, ან საკუთარი სურვილების გამოხატვას ერიდებიან, თავისთავად ჩრდილში ექცევიან და ,,მეორე“ რიგში ინაცვლებენ. რაც თავისთავად უკვე არაჯანსაღ და უსამართლო გარემოს ქმნის.
სად გადის მშობლის ჩართულობის ზღვარი სასწავლო პროცესში? – ამ კითხვას მოგვიანებით დავუბრუნდები.
ახლა კი გადავხედოთ ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომელიც მომზადდა Varkey Foundation-ის დაკვეთით Ipsos MOR-ის მიერ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 29 ქვეყნის 27 380 რესპონდენტი. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ განათლების სისტემაში ჩართული 4-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები. კვლევა ჩატარდა 4 ძირითადი საკვლევი საკითხის შესახებ, მე ორ მათგანზე: ბავშვის კლასგარეშე სწავლებაში ჩართულობა და მოლოდინები შვილის მომავლის მიმართ- გავამახვილებთ ყურადღებას.
გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ განვითარებად ქვეყნებში მშობლები მეტ დროს ხარჯავენ ბავშვების მეცადინეობასა და კლასგარეშე სწავლების პროცესზე, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს დრო არ არის საკმარისი. განვითარებულ სახელმწიფოებში კი მშობლები ბევრად ნაკლებ დროს ხარჯავენ, თუმცა ეს დრო საკმარისად მიაჩნიათ. მაგალითად, ვიეტნამსა და ინდოეთში მშობლები აღნიშნულ საქმიანობას კვირის განმავლობაში საშუალოდ 10-12 საათს უთმობენ. იგივე მაჩვენებელი ფინეთისა და იაპონიისთვის 3 საათს არ აღემატება.
რაც შეხება შვილის მომავლის მოლოდინებს, აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა, მშობლები ფინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ესტონეთთან დარწმუნებულნი არიან, რომ მათი შვილები მზად იქნებიან 2030 წლის შრომის ბაზრისთვის. სამხრეთ კორეასა და იაპონელი მოსწავლეების მშობლების 50% არ იზიარებს ამ მოსაზრებას. თუმცა მშობლების 64% ოპტიმისტურადაა განწყობილი შვილების მომავლის მიმართ და ფიქრობენ, რომ მათი შვილები მომზადებულნი იქნებიან მომავალი გამოწვევებისთვის თუ სკოლებისა და განათლების სისტემის მხრიდან მეტი ყურადღება გამახვილება ახალი პროფესიების გაცნობასა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე.
საინტერესოა, რამდენად შეძლებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მომავლის გამოწვევებს მოსწავლე, რომელიც შეჩვეულია მშობლის კარნახს, მისი სურვილებისა თუ დაკვეთის შესრულებას. მშობლის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება რამდენად აღვივებს დამოუკიდებლობის სურვილს და შესაძლებლობებს? ხომ არ ვთრგუნავთ მასში მომავლის გამოწვევებთან გამკლავების უნარს?
რისთვის სჭირდება მასწავლებელს მშობელთან აქტიური კომუნიკაცია?
-იმისათვის, რომ იგი სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის თავისებურებების, მისწრაფებების, ოჯახური მდგომარების შესახებ, რათა მასწავლებელმა ამ პირობების გათვალისწინებით დაგეგმოს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროცესი.
მშობელი, თავის მხრივ, უნდა ინტერესდებოდეს არა მხოლოდ ნიშნებით, მან უნდა გაარკვიოს:
მისი შვილის ძლიერი და სუსტი მხარეები, სვამს თუ არა კითხვებს და პასუხობს თუ არა კითხვებს გაკვეთილზე, ერთვება თუ არა სხვადასხვა აქტივობაში;
რამდენად კარგად ეგუება სკოლას, ხომ არ სჭირდება დახმარება.
რამე ცვლილება ხომ არ შეინიშნება მის ქცევაში, რის გამოც თადარიგის დაჭერა ჯობს;
სწავლობს თუ არა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში;
ადვილად ასრულებს თუ არა ტესტებს;
რა საკითხებს ან საგნებს იწყებს, რით ჯობს ხელშეწყობა შინიდან;
ესმის თუ არა მასწავლებლის მოლოდინები და დროულად მოაქვს თუ არა დავალებები, მზად არის თუ არა. რით შეიძლება შეუწყოთ ხელი მის პროგრესს.
მით უფრო, რომ დღეს დაწყებითი კლასის მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ბავშვების ნაწილს, რომლებიც სკოლაში მოდიან უკვე გააჩნია გარკვეული ცოდნა მათემატიკაში, უცხო ენაში, ხშირად კითხვაც კი შეუძლიათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შემცირდა ასაკი, რომლიდანაც ბავშვები თვითგანათლებას იწყებენ. ინტერნეტში განთავსებული ინტერაქტიული საგანმანათლებლო რესურსების ან კომპიუტერული თამაშებით ბავშვები პატარაობიდანვე იწყებენ დამოუკიდებლად სწავლას. ისინი უფროსების დახმარების გარეშე შეიმეცნებენ სამყაროს. ადრე, იმისათვის რომ ბავშვს თუნდაც მათემატიკა ესწავლა, სჭირდებოდა წიგნი და მენტორი მასწავლებელი, რომელიც სწავლაში დაეხმარებოდა. პირველკლასელი ბავშვისთვის წიგნი რომ მიგეცა, იგი ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად სწავლას. დღეს კი, თანამედროვე რესურსები ცნობისმოყვარე ბავშვებს თვითგანათლების შესაძლებლობას აძლევს. თანამედროვე ბავშვები სიარულს, ლაპარაკს და კომპიუტერის გამოყენებას ერთდროულად, მეტწილად, საკუთარი ძალისხმევით სწავლობენ.
ასეთ დროს მშობლების შეუძლიათ მათ ხელთ არსებული ელექტრონული მოწყობილობები საგანმანათლებლო ფუნქციით გამოიყენონ. დღეს ხომ უამრავი საგანმანათლებლო ხასიათის თამაში და მობილური აპლიკაცია არსებობს.
დღეს მასწავლებელს შუამავლის ფუნქცია ეკისრება, ხოლო მოსწავლე ხდება სასწავლო პროცესის მთავარი გმირი. მას დავალების შესასრულებლად სახელმძღვანელოს გარდა უამრავი ალტერნატიული წყარო აქვს, რაც თავისთავად, მომავალი გამოწვევებისთვის სამზადისს წარმოადგენს.
ხშირად, თავად მასწავლებელი აიძულებს მშობელს სასწავლო პროცესში ჩაერთოს, მიზეზი შეიძლება არასათანადო ყურადღება იყოს.
მასწავლებელსა და მშობელს შორის კონსტრუქციული დიალოგი, ეს ის საკითხია, რომელსაც შეუძლია მრავალი საკითხის მოგვარებაში დაგვეხმაროს. მათ შორის ამგვარ ურთიერთობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხი. როდესაც მასწავლებელი ქმნის უსაფრთხო სასწავლო გარემოს, იყენებს ეფექტურ კომუნიკაციას, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტს, მოსწავლეებს აძლევს აზრის თავისუფლად გადმოცემის საშუალებას, აქტიურად რთავს სასწავლო პროცესში და მოსწავლე აცნობიერებს მის მნიშვნელობას, მაშინ მოსწავლე აცნობიერებს, რომ იგი თავად ირჩევს შედეგამდე მისასვლელ გზას და რომ ამ გზაზე მისი დამხმარე და თანამოაზრე მასწავლებელია.
როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ პედაგოგი ყოველგვარი სირთულის გამო მშობელს არ მიმართავს, მისადმი მეტი ნდობა უჩნდება და რწმუნდება, რომ საკუთარ საქციელზე, საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე თვითონვეა პასუხისმგებელი. ეს კი პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებით ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლობას სასწავლო პროცესში. რაც სწორედ დღევანდელ გამოწვევას პასუხობს ადეკვატურად. მოსწავლე ხვდება, რომ სკოლა, სწავლა მისი მოვალეობა და საქმიანობაა, რაც შემდგომ მიზნების ასრულებაში დაეხმარება. იგი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლას. შედეგად, მშობელს მხოლოდ დამხმარის როლი აქვს, ბოლოს კი თითქმის აღარ მონაწილეობს, რადგან მოსწავლე დამოუკიდებლად ართმევს თავს სასწავლო პროცესს. მშობელიც კმაყოფილია მისი შვილის ,,რეალიზებით“ და წყვეტს შვილის ცხოვრებაში უხეშად ჩარევას, მისი მომავლის განსაზღვრას.
გამოყენებული ლიტერატურა: 1.ჟურნალი სკოლის მართვა. ,,განათლების რეფორმა საინტერესო გაკვეთილია“- ბერიკა შუკაკიძე. ,,ტექნოლოგიები და თანამედროვე შემოქმედებითი გამოწვევები სკოლებში“- ალექსანდრე ასათიანი. ,,მშობელთა გლობალური გამოკითხვა“- მერი ქადაგიძე.
2.მასწავლებლის წიგნი.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება