GE

რომელ პროფესიებშია მნიშვნელოვანი ან აუცილებელი მაგისტრატურის საფეხურის გავლა?! – ლექტორის ხედვა

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეები ახლა შედეგების მოლოდინში არიან. წელს, გამოცდაზე 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი იყო რეგისტრირებული. ტესტირების არაერთი მონაწილე ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ მათი მოტივაცია გამოცდის ჩაბარებისთვის დიპლომირებული მაგისტრის სტატუსთან იყო დაკავშირებული. აუცილებლად თვლიდნენ მაგისტრის დიპლომის ფლობას როგორც დასაქმების, ისე პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

არის თუ არა მაგისტრის დიპლომის ფლობა აუცილებელი ყველა პროფესიისთვის?

ამ თემაზე EDU.ARIS.GE – სთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის ლექტორი, ისტორიკოსი, ირაკლი ნოდია საუბრობს. ჩვენი რესპონდენტი მაგისტრობის მსურველებსა და მომავალ მაგისტრებს უხსნის ვინ და რისთვის უნდა აბარებდეს მაგისტრატურის გამოცდებს.

ირაკლი ნოდია: მაგისტრატურის სასწავლო საფეხური პირველ რიგში მოიაზრებს შესაბამისს მიმართულებაში, დარგში/სპეციალობაში ან/და ქვედარგში/სპეციალიზაციაში ღრმა და სისტემური ცოდნის დაუფლებასა და სათანადო უნარების გამომუშავებას. სტუდენტის, როგორც უფრო მაღალი დონის სპეციალისტის, ან მკვლევრის მომზადებას და მას ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისთვის. ეს ის საფეხურია, სადაც შენ ყალიბდები ვიწრო სპეციალისტად და იღებ უფრო პრაქტიკულ ცოდნას, ვიდრე წინა სასწავლო საფეხურის, ბაკალავრიატის დროს. მაგისტრატურის სტუდენტს უფრო ფართო შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. მაგისტრატურა ერთგვარი კვალიფიკაციის ასამაღლებელი საფეხურია, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა შესაბამის მიმართულებაში სასწავლო, თუ კვლევითი კომპონენტებით.

– თუ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას ვგეგმავთ, აუცილებელია მაგისტრის დიპლომის ფლობა?

– პირადად მე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მაშინ, თუ მსურველს სურს გააგრძელოს სამეცნიერო თუ აკადემიური საქმინობა. მიზეზსაც მოგახსენებთ: მაგისტრატურაში სწავლის განმავლობაში სტუდენტი უფრო დეტალურად და სიღრმისეულად ეცნობა და ეუფლება სამეცნიერო კვლევისათვის მნიშვნელოვან და აუცილებელ უნარ-ჩვევებს. გამოიმუშავებს კვლევის მეთოდებს, რაც, სტუდენტს, როგორც მომავალ მეცნიერს, ეხმარება, საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მაღალი სტანდარტების მიხედვით აწარმოოს.

– უკეთ რომ უთხრათ ჩვენს მკითხველებს, რომელი პროფესიაშია მნიშვნელოვანი ან აუცილებელი მაგისტრის დიპლომის ფლობა?

– ჩემი მოკრძალებული საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, ისტორიკოსს, რომელსაც სურს აწარმოოს კვლევა, შექმნას სამეცნიერო ნაშრომი, ასწავლოს არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ სკოლაში, ტრენინგ ცენტრში, კოლეჯში, მისთვის აუცილებელია, გაიაროს მაგისტრატურის საფეხური. უნივერსიტეტში ლექციებს ვერ წაიკითხავ თუ არ გექნება შესაბამისი ხარისხი. აქადან გამომდინარე, მომავალ ლექტორებისთვისაც სავალდებულოა მაგისტრატურის საფეხურის გავლა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგისტრატურის სასწავლო  საფეხურზე ხდება პროფესიის სპეციალიზაცია. ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, სოციალური, იურიდიული მეცნიერებები, კადრებს სჭირდებათ აირჩიონ სასურველი მიმართულება. მაგალითად იურისტმა აირჩიოს სისხლის სამართლით სურს გააგრძელოს, სამოქალაქო სამართლით თუ ადმინისტრაციულით. შესაბამისად, მათვის საჭირო და აუცილებელია მაგისტრატურის გავლა.

– რამდენად რეალურია სტუდენტების შეხედულება, რომ მაგისტრის დიპლომი დასაქმებაში ეხმარება?

– რეალურია, რადგან დამსაქმებელი ყოველთვის ეძებს პროფესიონალ კადრს, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართმევს თავს. დამსაქმებელს სჭირდება ისეთი კადრი, ვისაც კონკრეტულ პროფესიაში აქვს ცოდნა, რომელიც დაშენებულია პრაქტიკულ ელემენტებზე. ამას კი მაგისტრატურა იძლევა. როგორც აღვნიშნე, ეს პროფესიის სპეციალიზაციის გზაა.

– და ბოლოს, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველ მოქმედ და მომავალ მაგისტრობის მსურველებს, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი?

– თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ არასდროს შეწყვიტონ სწავლა და ყოველთვის, ყველა დაბრკოლების მიუხედავად განაგრძონ წინსვლა. უყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებენ და აუცილებლად მიაღწევენ მიზანს. სწავლა ყოველთვის საჭიროა და რაც მეტი კარგი სპეციალისტი გვეყოლება, მით უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

ასევე იხილეთ:

„ყველა, მეტ-ნაკლებად, გაქცევაზე ვართ, სამწუხაროდ“ – რატომ აბარებენ მაგისტრატურაზე საქართველოში

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური