GE

რომელი წიგნების ტირაჟი იწურება საქართველოს წიგნის მაღაზიებში ყველაზე სწრაფად – რა გველის წიგნის ფესტივალზე  

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მეცხრამეტედ ტარდება. წიგნის მოყვარულებს 4 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ გამომცემლების ყველა ის წიგნი შეიძინონ, რომლებიც წიგნის მაღაზიების თაროებიდან გამოჩენისთანავე ქრება. ფესტივალი 25 მაისს ტრადიციულად „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა და 28 მაისს დაიხურება. წიგნის მოყვარულებს ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის დაწყებამდე საათები რჩებათ. EDU.ARIS.GE–მ წიგნის ფესტივალის მონაწილე გამომცემლობები გამოკითხა, ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო რომელია ის წიგნები, რომელთა ტირაჟიც წიგნის მაღაზიებში ყველაზე სწრაფად იწურება. როგორც გავიგეთ, ამ წიგნების შეძენას მკითხველები ფესტივალზე შეძლებენ. ასევე, გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც სპეციალურად წიგნის ფესტივალისთვის გამოიცა და წინ ბესტსელერობის გზა ელით.

ნინო კუსრაშვილი, გამომცემლობა „დიოგენეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი –  ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკასა“ და „ეტ სეტერას“ სერიის წიგნებზე. ჩვენი პრიორიტეტია ასევე საბავშვო ლიტერატურისა და თარგმანების გამოცემა. ყველაზე მოთხოვნადი წიგნი ჩვენი გამომცემლობიდან, რის გამოც მუდმივად გვიწევს ტირაჟის დამატება, არის ყურბან საიდის „ალი და ნინო“, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქარხანა“ და ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელი წინდა“. წელს ამ ყველაზე მოთხოვნად წიგნებთან ერთად ფესტივალზე 100-მდე დასახელების წიგნით წარვსდგებით.

ნატა ჟვანია, „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის წარმომადგენელი -გამომცემლობის განახლებულ სტენდთან ნებისმიერი ასაკის და გემოვნების ადამიანი ნახავს თავისთვის საინტერესო საკითხავს. ჩვენი მკითხველი განსაკუთრებით ელოდება  ჯ.კ. როულინგის წიგნს „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, ალან მურისა და დევიდ ლოიდის „V ანუ ვენდეტას“, ვიქტორ პელევინის „ჩაპაევი და სიცარიელეს“, ისმაილ კადარეს „გახლეჩილი აპრილი“ და იური ანდრუხოვიჩი „მოსკოვიადას“. დარწმუნებული ვარ ეს ჩამონათვალი არის მომავალი ბესტსელერები. დღეს კი ყველაზე დიდი პოპულარობით მკითხველში სარგებლობს არუნდატ როის „წვრილმანების ღმერთი“, ნიკოლა იუნის „ყველაფერი ყველაფერი“, პალაციოს „საოცრება“ და ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის დღიური“. წელს გვექნება 500-მდე დასახელების წიგნი, უმრავი ფასდაკლება, აქცია და ბედნიერების საათი.

ნათია ზაქრაძე, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პიარ სამსახურის უფროსი

ჩვენ წელს განსხვავებული საგამოფენო კონცეფცია გვექნება. გამოვიტანთ 1500-ზე მეტი დასახელების წიგნს. მათ შორის: თინეიჯერულ, საბავშვო და სამედიცინო ლიტერატურას. ყველაზე გაყიდვადი არის თინეიჯერული ლიტერატურა. ძალიან ხშირად გვიწევს ტირაჟის დამატება წიგნებზე: მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“, ჯეიმს დაშნერის „ლაბირინთში მორბენალი“, „ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი“ და „ჩემი პირველი ბიბლია“. უკვე მეორე წელია 10 ათასი და მეტი ტირაჟით იყიდება.

მარი კორინთელი, გამომცელობა „წიგნები ბათუმში“ – საფესტივალოდ მოვამზადეთ ოცი ახალი წიგნი. ჯამში დაახლოებით ას ოცდაათი დასახელებით ვიქნებით წარმოდგენილები. ახალი წიგნებია ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ და დაფნა დიუ მორიეს „რებეკა“, „თაფლის სამხილი“ და „ქვიდან ნაჟური სისხლი“. ასევე აიზეკ აზიმოვის  „მე, რობოტი“ და ძმებ სტრუგაცკების „პიკნიკი გზის პირას“.  გვაქვს ასევე წიგნი, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება ქართულ ენაზე – ჯო აბერკრომბის „თვით მახვილი“. უამრავი მოზარდი და არა მხოლოდ ის ელოდება „13 მიზეზს“, ამ წიგნის ტირაჟი ამოწურული იყო და ამ ფესტივალზე ისევ გამოჩნდება. წიგნის ფესტივალზე განახლებული ტირაჟით იქნება წარმოდგენილი მრავალჯერ ტირაჟამოწურული წიგნები: დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“, სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“.

მკითხველი ძალიან ელოდება ასევე ორ ძალიან საინტერესო მწერალ ქალს – ანა გავალდასა და ამელი ნოტომს. მათი რომანები „უბრალოდ ერთად“ და „გრაფ ნევილის დანაშაული“ ასევე იქნება ჩვენს სტენდთან. გარდა ამისა, იქნება ფასდაკლებები, კონკურსები და გათამაშება.

ჩემი წიგნის სტუმრები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური