GE

რომელია სწორი: ორი კარგი სიტყვა თუ კარგი ორი სიტყვა – როდესაც წინადადებაში რამდენიმე მსაზღვრელია

წინადადებაში  ზოგჯერ  რამდენიმე  მსაზღვრელი გვაქვს. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მსზაღვრელთა თანმიმდევრობას.

1. როდესაც საზღვრულს წინ უსწრებს ორი არაერთგვარი მსაზღვრელი, რომელთაგან ერთი რიცხვითი სახელია, ხოლო მეორე – ზედსართავი სახელი, რომელიც საზღვრულთან ერთად კუთვნილებას არ გამოხატავს, მაშინ რიცხვითი სახელი პირველ ადგილზე დაისმის, შემდეგ კი ზედსართავი სახელი დაიწერება;

სწორია: ორი კარგი სიტყვა,  უამრავი ლამაზი საჩუქარი,  რამდენიმე თბილი წინდა…

არასწორია: კარგი ორი სიტყვა, ლამაზი უამრავი საჩუქარი,  თბილი რამდენიმე წინდა…

2. როდესაც საზღვრულს წინ უსწრებს ორი არაერთგვარი მსაზღვრელი, რომელთაგან ერთი რიცხვითი სახელია, ხოლო მეორე ზედსართავი სახელი (მართული მსაზღვრელი), რომელიც საზღვრულთან ერთად კუთვნილებას გამოხატავს, ამ შემთხვევაში ჯერ ზედსართავი სახელი უნდა დავწეროთ, ხოლო შემდეგ – რიცხვითი სახელი;

სწორია: მეზობლის სამი ბავშვი, სახლის ორი ფანჯარა, მანქანის ოთხი ბორბალი…

არასწორია: სამი მეზობლის ბავშვი, ორი სახლი ფანჯარა, ოთხი მანქანის ბორბალი…

3. თუ მსაზღვრელთაგან ორივე ზედსართავი სახელია (ან მიმღეობა), რომელთაგან ერთი ვითარებითია (ძირეული), მეორე კი -მიმართებითი (წარმოქმნილი), ასეთ შემთხვევაში პირველ ადგილზე ძირეულ ზედსართავ სახელს (ან მიმღეობას) დავწერთ, ხოლო მეორე ადგილზე – წარმოქმნილს;

სწორია:  პატარა  სევდიანი მოთხრობა,  მაღალი ჩოხოსანი ვაჟკაცი, მოხუცი თვალცრემლიანი ბებია…

არასწორია: სევდიანი პატარა მოთხრობა, ჩოხოსანი მაღალი ვაჟკაცი, თვალცრემლიანი მოხუცი ბებია…

4. თუკი საზღვრულის წინ ორივე წარმოქმნილი მსაზღვრელია, მაშინ  მეორე ადგილზე უპირატესად  -ურ  სუფიქსით ნაწარმოებ ზედსართავ სახელს ვწერთ;

სწორია:  გუშინდელი საამური დღე,  საერთაშორისო ამხანაგური მატჩი,  სასიამოვნო კლასიკური მუსიკა…

არასწორია: საამური გუშინდელი დღე,  ამხანაგური საერთაშორისო მატჩი, კლასიკური სასიამოვნო  მუსიკა…

5. თუკი არაერთგვარ მსაზღვრელთაგან ერთ-ერთი ნაცვალსახელია, პირველ ადგილზე ყოველთვის ნაცვალსახელი უნდა დავწეროთ;

სწორია:  ჩემი ტკბილი ბებია,  ეს მისაბაძი საქციელი, მისი ლამაზი მეგობარი…

არასწორია: ტკბილი ჩემი ბებია, მისაბაძი ეს საქციელი, ლამაზი მისი მეგობარი…

6. თუ მსაზღვრელთა შორის არ არის რიცხვითი სახელი და ერთ-ერთი მსაზღვრელი გამოხატავს კუთვნილებას, პირველ ადგილზე დაიწერება კუთვნილების გამომხატველი მსაზღვრელი, ხოლო შემდეგ სხვა მსაზღვრელი (ან მსაზღვრელები);

სწორია: საქართველოს ულამაზესი კუთხე, ბავშვის ძველი ველოსიპედი, სოფლის უხუცესი ბინადარი…

არასწორია: ულამაზესი საქართველოს კუთხე, ძველი ბავშვის ველოსიპედი,  უხუცესი სოფლის ბინადარი…

7. თუ მსაზღვრელთაგან ერთი საზღვრულის წარმომავლობას, დანიშნულებას ან მასალას გამოხატავს, ეს მსაზღვრელი უშუალოდ საზღვრულის წინ დაიწერება;

სწორია:  ლამაზი თიხის ჭიქა,  უბრალო ხის ბეჭედი,  ძველებური კედლის საათი…

არასწორია:  თიხის ლამაზი ჭიქა, ხის უბრალო ბეჭედი, კედლის ძველებური საათი…

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო გელაშვილი, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური