GE

რუკის დავალებაზე აბიტურიენტმა ეს უნდა იცოდეს – ისტორიის საგამოცდო ტესტის რომელ ნაწილზე როგორ ვიმუშაოთ (ინტერვიუ ლექტორთან)

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, მათგან ყველაზე მეტმა – დაახლოებით, 19 700 აპლიკანტმა კი, არჩევით საგნებს შორის უპირატესობა ისტორიას მიანიჭა. აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას სამ სესიად, 13-14 ივლისს ჩააბარებენ. ტექსტის მაქსიმალური ქულა 60-ია, ხოლო საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 2 საათი და 40 წუთი.

მართალია, გამოცდებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა ისტორიის გამოცდაზე გამსვლელები სოციალურ ქსელებში უშუალოდ ტესტირების ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით არაერთ კითხვას სვამენ. რა უნდა გაითვალისწინონ გამოცდაზე, როგორ უნდა იმუშაონ ტესტის ამა თუ იმ ნაწილზე, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება – აპლიკანტების ამ მნიშვნელოვან შეკითხვებზე EDU.ARIS.GE-მ გამოცდილი სპეციალისტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, სალომე ჯანგავაძის პასუხები მოისმინა:

როგორია ისტორიის ტესტის ზოგადი სტრუქტურა და რა ტიპის დავალებების შესრულება მოუწევთ აბიტურიენტებს?

სალომე ჯანგავაძე: ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტებს დახვდებათ 35 არჩევითბოლოიანი კითხვა. რუკა, რომელსაც თან ახლავს 6 კითხვა. კითხვებზე პასუხი მოითხოვს როგორც უშუალოდ რუკაზე დატანილ ინფორმაციას, ისე აბიტურიენტის როგორც ზოგად, ისე კონკრეტულ ცოდნას. ფაქტის ანალიზი – როდესაც მოცემულია ერთი კონკრეტული ისტორიული ფაქტი და მის შესახებ არის დასმული კითხვები – მიზეზზე, შედეგზე. ასევე, ვისთვის იქნებოდა ეს კონკრეტული ფაქტი დადებითი, უარყოფითი და ა.შ. ამ დავალებაში ითხოვენ კონკრეტული პარალელის მოძიებას განვლილი და შესწავლილი მასალიდან. ისტორიის ტესტში ასევე წარმოდგენილია წყარო, რომელიც 14-ქულიანია. წყაროს თან ახლავს კითხვები, რომლებიც შეიძლება იყოს კონკრეტულად წყაროდან გამომდინარე, ან ფაქტის დასახელებას მოითხოვდეს. ამისთვის საჭიროა, რომ წყაროს დეტალურად გაეცნონ და კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი სწორედ წყაროში მოიძიონ.

აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა თანმიმდევრობით შეასრულებს აპლიკანტი დავალებებს და რა უნდა გაითვალისწინონ კონკრეტულად არჩევითბოლოიან კითხვებსა და რუკასთან დაკავშირებით?

ს.ჯ: ზოგადად, აბიტურიენტებს არ ვეუბნები ხოლმე, ტესტზე მუშაობა რომელი ნაწილიდან დაიწყონ, რადგან თანმიმდევრობითაც რომ მიჰყვნენ, აბსოლუტურად ესწრება გამოცდისთვის განკუთვნილ დროში. ვიღაცამ შეიძლება მუშაობა წყაროზე დაიწყოს, რადგან ეს უფრო მარტივია მისთვის, ან პირიქით, რთულია და სურს, აქ მეტი დრო დახარჯოს.

რაც შეეხება არჩევითბოლოიან კითხვებს – თუ რომელიმეს ვერ პასუხობენ, არ დაუთმონ დიდი დრო მას, რადგან ეს დრო, შესაძლოა, სხვა დავალებაზე დააკლდეთ. უმჯობესია, გადავიდნენ მომდევნო საკითხზე და შემდეგ მიუბრუნდნენ იმ კითხვას, რომელიც მათთვის რთული აღმოჩნდა. არჩევითბოლოიან კითხვებზე პასუხები ერთმანეთს შინაარსობრივად ძალიან ჰგავს. უნდა განასხვაონ ამ პასუხებში ის დეტალები, რომლებიც გამოსაცდელს სწორ პასუხამდე მიიყვანს. ამისთვის აუცილებელია, კარგად იცოდნენ ფაქტი და მისი ინტერპრეტაცია შეძლონ. ამ დავალებაში, შესაძლოა, იყოს კითხვა ასეთი ფორმულირებით – „რომელი მსჯელობა არ არის მართებული“ და არ უნდა ჩათვალონ, რომ „მართებულს“ ეკითხებიან. ამიტომ, მოცემული ოთხივე პასუხი უნდა განიხილონ, იმსჯელონ და ამ მსჯელობიდან რომელიც არის შეცდომა, სწორი პასუხიც ის იქნება.

რაც შეეხება რუკას – აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად კარგად გაეცნონ რუკის პირობით ნიშნებს და როდესაც კითხვაში იქნება ნახსენები – „რუკის მიხედვით“ ან „რუკაზე დაყრდნობით“, პასუხი აუცილებლად რუკაზე მოძებნონ. არის რუკის ტიპები, რომლებიც არა პირობითი ნიშნების ცოდნას, არამედ გამოსაცდელებისგან ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს. თუმცა, საერთო ჯამში, რუკა არ არის ისეთი რთული დავალება, რომ თავი ვერ გაართვან.

რას უნდა მიაქციონ გამოსაცდელებმა ყურადღება ფაქტის ანალიზის დროს და რა უნდა იცოდნენ ანალოგთან დაკავშირებით?

ს.ჯ: ეს დავალება უფრო მეტად კონკრეტულია და მოითხოვს მეტ ფაქტობრივ ცოდნას და ანალიტიკურ აზროვნებას. ამ დავალებაში ითხოვენ არგუმენტებს. ღია შეკითხვებით აბიტურიენტებს ძირითადად ეკითხებიან კონკრეტულ მიზეზს, შედეგს. უმეტესი შეკითხვა აგებულია ამ პრინციპით, თუ კონკრეტული ფაქტი ვისთვის იქნებოდა დადებითი ან უარყოფითი. აქ მთავარი რეკომენდაციაა, რომ აპლიკანტები მაქსიმალურად კონკრეტულები იყვნენ და მოერიდონ ზოგად პასუხებს. მაგალითად, ისეთ პასუხებს, როგორიცაა: „კარგი მეფე“, „ცუდი მეფე“, „მნიშვნელოვანი მოვლენა“. კონკრეტულად უნდა უპასუხონ შეკითხვას და საკუთარ პასუხს დაუსვან კითხვა – რამე ბუნდოვანი ხომ არ არის და პასუხი უფრო მეტად შეკითხვას ხომ არ აჩენს. ამ დავალებაში არ არის ძალიან გრძელი პასუხები საჭირო, მთავარია, კონკრეტული იყოს.

რაც შეეხება ანალოგს, ყურადღება უნდა მიაქციონ მსგავს მოვლენას. ამ ბოლო დროს, ფაქტის ანალიზში კონკრეტულ თარიღს ასახელებენ, რომელი საუკუნიდანაც უნდა მოიყვანონ ანალოგი. აქედან გამომდინარე, აბიტურიენტმა უნდა გაიხსენოს იმ საუკუნეში მომხდარი მოვლენა, რომელიც შინაარსობრივად ფაქტს ჰგავს. აქაც ისევ კონკრეტულობაა საჭირო. უნდა მოიყვანონ ორი არგუმენტი, რომ ეს ფაქტები ერთმანეთს ჰგავს. არგუმენტები არ უნდა იყოს მსგავსი.

როგორ უნდა იმუშაონ აბიტურიენტებმა წყაროს ანალიზზე – რას ითხოვს ეს დავალება მათგან?

ს.ჯ: პირველ რიგში, ყურადღებით უნდა წაიკითხონ წყარო. არ არის სავალდებულო, რომ დაიზეპირონ კონკრეტული ადგილები, ან სახელები. წყაროს ერთხელ სრულად, გულდასმით წაკითხვა საკმარისია. თუმცა, შეუძლიათ, შავ ფურცელზე ამოწერონ წლები, რაღაცის ჩამონათვალი ან მათთვის სასარგებლო ნებისმიერი ინფორმაცია. კითხვებზე პასუხისას, უნდა შემოიფარგლონ ერთი კონკრეტული პასუხით. ამ დავალებას იმიტომ ჰქვია წაკითხულის გააზრება, რომ აპლიკანტისგან ითხოვს მისი აზრის გადმოცემას, ანუ წაკითხულის მისებურ ინტერპრეტაციას. თუმცა, არის კითხვები, რომლებიც იწყება ასე – „წყაროს მიხედვით“, „დოკუმენტის მიხედვით“. ასეთ კითხვებზე პასუხები დოკუმენტში უნდა მოძებნონ. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ პასუხი წყაროში ერთ კონკრეტულ ადგილზე არ წერია და საჭირო ხდება წყაროს გაანალიზება.

რომ შევაჯამოთ – რა უფრო მნიშვნელოვანია ისტორიის გამოცდაზე – ფაქტობრივი ცოდნა თუ ანალიტიკური აზროვნება?

ს.ჯ: ისტორიის გამოცდა მხოლოდ ფაქტებზე არ არის აგებული – ეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ. გვჭირდება ანალიტიკური აზროვნება, თუმცა ანალიზს ვერ გავაკეთებთ, თუ ფაქტი არ ვიცით. აქედან გამომდინარე, საჭიროა ფაქტებზე ორიენტირებულობა, რაც სწორი ანალიზის გაკეთებაში დაგვეხმარება.

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად ბევრჯერ წაიკითხონ, გაიმეორონ, იმუშაონ ტესტებზე ადეკვატური დოზით, კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე, რაც ამ მომენტში უჭირთ. გამეორება მათ ბევრ ნასწავლ მასალას გაახსენებს. ისტორიის ტესტი ნამდვილად არის აგებული იმაზე, რომ ფაქტი იცოდე და მისი ანალიზი გააკეთო. ამისთვის საჭიროა, რომ ბევრჯერ წაიკითხო და გაიაზრო, მხოლოდ დაზეპირება, სამწუხაროდ, არ ჭრის.

და ბოლოს, ღელვა, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი გამოცდაზე – რა იქნება ამ ნაწილში თქვენი რეკომენდაცია გამოსაცდელებისთვის?

ს.ჯ: ცხადია, ნებისმიერ გამოცდას ახლავს ღელვა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი დოზით, რომ ცოდნის გამოვლენას ხელი შეუშალოს. გამოცდის პირველ ეტაპზე, შესაძლოა, ჰქონდეთ ნერვიულობა და ეს ბუნებრივია. როდესაც რომელიმე დავალებაზე დაიწყებენ მუშაობას და ამას პირველივე ცდაზე ვერ გააკეთებენ, ეს არ არის კატასტროფა. უნდა დამშვიდდნენ და ამის შემდეგ მიუბრუნდნენ დავალებას. ბევრი შემთხვევა ყოფილა პრაქტიკაში, როდესაც ღელვას ცუდი შედეგი მოუტანია. შესაბამისად, ემოციის მართვაც აუცილებლად უნდა ისწავლონ. ყველას წარმატებას ვუსურვებ!

ასევე იხილეთ: 

„ეს იმოქმედებს შეფასებაზე“ – რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერისას

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური