„ეს იმოქმედებს შეფასებაზე“ – რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერისას
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მართალია, 43 000-ზე მეტი აბიტურიენტისთვის ჯერ უცნობია გამოცდების დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით, თუმცა, გამოსაცდელებისა და მათი გულშემატკივრების მღელვარება ყოველდღიურად იმატებს. იზრდება მათი აქტიურობაც – ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოციალური ქსელების თემატურ ჯგუფებში, სადაც აბიტურიენტები გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყველაზე ხშირად კი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შესასრულებელ დავალებებზე, არაერთ კითხვას სვამენ და სპეციალისტებისგან პასუხებს ელიან.
რა უნდა გაითვალისწინონ ტექსტის რედაქტირების, წაკითხულის გააზრებისა და თემის წერის დროს, გამოიყენონ თუ არა ციტატა ან პარალელი, როგორ დააკავშირონ პრობლემა თანამედროვეობასთან და რამდენი დრო შეიძლება დაუთმონ ტესტის ერთ ნაწილზე მუშაობას – აბიტურიენტებისთვის ამ მნიშვნელოვან შეკითხვებზე EDU.ARIS.GE-მ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ნინო ბოკელავაძის პასუხები მოისმინა:
– ქ-ნო ნინო, ზოგადად, როგორია ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის სტრუქტურა, რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა ტექსტის რედაქტირებასა და წაკითხული ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებით?
ნინო ბოკელავაძე: პირველ რიგში, აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი სამი ნაწილისგან შედგება: ტექსტის რედაქტირება – 16 ქულა; წაკითხულის გააზრება – 10 ქულა; თხზულების დაწერა – 34 ქულა. [ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 60, ხანგრძლივობა – 3 საათი. ავტ.]
რედაქტირების დავალების შესრულებისას [აპლიკანტებს] ვურჩევ, ჯერ სრულად წაიკითხონ ტექსტი, გაიაზრონ მისი შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ შეცდომების გასწორება. შეუძლიათ, ტექსტს აბზაცების მიხედვით მიჰყვნენ. ეს შეცდომების აღმოჩენასა და გასწორებას გაუადვილებთ. გამოცდაზე მნიშვნელოვანია დროის სწორად განსაზღვრა, ამიტომ სასურველია, რედაქტირებას 40 წუთზე მეტი არ დაუთმონ.
[ტექსტის რედაქტირების] შემდეგ გადადიან მომდევნო დავალებაზე. გამოცდაზე მოცემულია ორი მხატვრული ტექსტი, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ. სწორედ არჩეული ტექსტის წაკითხულის გააზრება და თხზულება უნდა დაწერონ. წაკითხულის გააზრება მოიცავს 10 შეკითხვას სავარაუდო პასუხებით. ამ ნაწილის წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია ტექსტის ყურადღებით წაკითხვა და გააზრება. ზოგჯერ პასუხები ერთმანეთის მსგავსია, ამიტომ მნიშვნელოვანია დეტალებზე დაკვირვება და ტექსტის მუდმივი გადამოწმება, რათა აბიტურიენტებმა ზუსტი პასუხი შეარჩიონ…– გადავიდეთ ტესტის მესამე ნაწილზე, რომელიც წერითია – რა ძირითადი ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს თხზულება და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა მასზე მუშაობისას?
ნ.ბ: რაც შეეხება თემის წერას, აპლიკანტებს, პირველ რიგში, უნდა ახსოვდეთ, რომ ლიტერატურა არის თავისუფალი აზროვნება. ვერავინ უკარნახებთ მათ, როგორ დაიწყონ ან დაასრულონ თემა. უმნიშვნელოვანესია, მსჯელობა იყოს დამოუკიდებელი, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული. მოერიდონ დაზეპირებულ ფრაზებსა და შაბლონებს, რადგან ინდივიდუალიზმი და თავისუფალი აზროვნება მათ მსჯელობას მეტ დამაჯერებლობას სძენს.
თხზულება ტრადიციულად შედგება შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. შესავალი უნდა იყოს პირობის შესაბამისი. აუცილებელია პირობის სწორად გაგება-გააზრება და შესავალში იმ საკითხის დასმა, რომელიც თეზისშია წამოჭრილი (ვრცელი შესავალი საჭირო არ არის). ძირითადი ნაწილი მოიცავს ტექსტის ანალიზსა და აქტუალობას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოცემული ეპიზოდის ანალიზს. ეს არის თხზულების უმთავრესი ნაწილი, ამიტომ ტექსტის განხილვა უნდა იყოს სიღრმისეული, პირობის შესაბამისი და სათანადოდ არგუმენტირებული. მსჯელობის დასასაბუთებლად აბიტურიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ტექსტური მასალა, ციტატები, ანდაზები, ცნობილი ადამიანების (მწერლის, პოეტის, ფსიქოლოგის, მეცნიერის, მხატვრის და სხვ.) გამონათქვამები, პარალელები სხვა ნაწარმოებებთან თუ კულტურულ მოვლენებთან. მნიშვნელოვანია არა არგუმენტების რაოდენობა, არამედ მათი სიზუსტე და შესაბამისობა…
დასკვნა უნდა იყოს თემაში გამოთქმული მოსაზრებების ძალიან მოკლე შეჯამება. აუცილებლად დაიმახსოვრონ, რომ მათი მსჯელობა უნდა იყოს ლოგიკურად თანმიმდევრული ყველა ნაწილში და ნაწერი არ უნდა იყოს ციტატებით გადატვირთული.
– გამოსაცდელები ხშირად კითხვებს სვამენ პარალელთან დაკავშირებითაც. გვითხარით – რა არის პარალელი და რამდენი პარალელის მოყვანაა აუცილებელი თხზულებაში?
ნ.ბ: პარალელთან დაკავშირებით ხშირად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს აუცილებელი იყოს რამდენიმე პარალელის მოყვანა. ბუნებრივია, ეს დასაშვებია, მაგრამ რეალურად პარალელების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრული არ არის. უმჯობესია იყოს ერთი ზუსტი და კარგად გაანალიზებული პარალელი, ვიდრე რამდენიმე და არაადეკვატური. ეს იმოქმედებს შეფასებაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც ბევრს ჰგონია, ზოგადი განათლების კრიტერიუმი არ აფასებს მხოლოდ პარალელებს. ამ მხრივ ყურადღება ექცევა ტექსტის გაგება-გააზრებას, მსჯელობის ლოგიკურობას, თანმიმდევრულობას, არგუმენტაციის ხარისხს, ლექსიკასა და ენობრივ გამართულობას.
– და ბოლოს, ვისაუბროთ აქტუალობაზე – ხშირად ამბობენ, რომ უჭირთ პრობლემის „თანამედროვეობასთან“ დაკავშირება. გვითხარით, რაზე და როგორ შეიძლება იმსჯელოს ამ ნაწილში აბიტურიენტმა?
ნ.ბ: რაც შეეხება აქტუალობას, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია პრობლემის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირება, თეზისში წამოჭრილი საკითხის განხილვა თანამედროვე საზოგადოებასთან მიმართებით. ამ ნაწილში ყველაზე ძლიერი არგუმენტია ფაქტი, რომელშიც არ იგულისხმება ამბები აპლიკანტთა პირადი ცხოვრებიდან. ის უნდა იყოს გახმაურებული ფაქტი საქართველოში ან მსოფლიოს მასშტაბით. თუ ასეთი ფაქტი არ ახსენდებათ, არგუმენტად შეუძლიათ გამოიყენონ თანამედროვე მწერლის ან პოეტის შემოქმედება; ცნობილი ადამიანების ( ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, მეცნიერის, მხატვრის…) გამონათქვამები; ფილმი; ანიმაცია.
აქ კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, აქტუალობის ნაწილში ვერ ისაუბრებენ ძველი საუკუნეების ისტორიულ პირებსა თუ მოვლენებზე. ძველი დროის ფაქტები პარალელად შეუძლიათ გამოიყენონ. თანამედროვეობაზე მსჯელობისას სასურველია მხოლოდ თანამედროვე მოვლენებს შეეხონ, თუმცა, თუ ძველ ისტორიულ მოვლენაზე ან პიროვნებაზე ფილმია გადაღებული, ამ ფილმის სახით მისი მოხმობა დასაშვებია აქტუალობის ნაწილშიც.
დასასრულს, აბიტურიენტებს აუცილებლად მინდა ვუთხრა, რომ ცოდნასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. გამოცდების პერიოდში უმნიშვნელივანესია ემოციების მართვა და საკუთარი თავის რწმენა. ცოდნა და თავდაჯერებულობა დაეხმარება მათ ამ ეტაპის წარმატებით გადალახვასა და ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს!
ასევე იხილეთ:
როდის გამოქვეყნდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – NAEC-ის პასუხი
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ – სპეცპედაგოგის შემცვლელი კი ასე გახდებით
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
რას შეცვლის მთავრობა ქვეყანაში მიგრაციის მოსაწესრიგებლად უცხოელი სტუდენტების ნაწილში – გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლაში ტექნოლოგიების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების არმქონე პირებსაც ექნებათ – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება