GE

რუსთავის საბავშვო ბაღებისთვის 21 ათასი ლარის გაყინულ ორაგულს შეისყიდიან

ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება, მომდევნო ერთი თვის მარაგისთვის, აღსაზრდელების კვებითი უზრუნველყოფის ფარგლებში 1440 კგ. გაყინული ორაგულის შესყიდვას გეგმავს, რაშიც 21585.6 ლარს გადაიხდის.

შესაბამისი შესყიდვის დაჩქარებული წესით განხორციელების მოთხოვნით უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

„მას შემდეგ, რაც გაყინული თევზის (ორაგული) ფილეს შესყიდვაზე ორჯერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო შემდეგ ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ შედეგი ვერ გამოიღო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება თევზის (ორაგული) ფილეს ნაცვლად გაყინული თევზის ორაგულის-უთავო შესყიდვაზე. შესასყიდი პროდუქტის რაოდენობა განსაზღვრულია დამტკიცებული მენიუს ფარგლებში და წარმოადგენს სავარაუდო ციფრს, რომლის ფარგლებშიც გაერთიანება განახორციელებს საქონლის შესყიდვას ელექტრონული ტენდერის (მიმდინარეობს სატენდერო პირობების პროექტის მომზადება) პროცედურების დასრულებამდე/მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე“, – ვკითხულობთ ბაგა ბაღების გაერთიანების მიმართვაში.

ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება 22 დაწესებულებას ერთიანებს. საბავშვო ბაღებმა მუშაობა 1 მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განაახლეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური