GE

„რვეული მიუგდო და უყვირა“ – მე-4 კლასელის ოჯახი მასწავლებელს ბულინგში ადანაშაულებს

თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელს მე-4 კლასელი მოსწავლე ბიჭის ოჯახი ბულინგში ადანაშაულებს.

როგორც მოსწავლის ოჯახის წევრები EDU.ARIS.GE-სთან ყვებიან, მასწავლებელმა დ.კ.-მ მოსწავლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა პირველად გუშინ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მიაყენა, დღეს კი, სკოლაში მოსწავლის დის მისვლით გაღიზიანებულმა, ასევე გაკვეთილის დაწყებამდე, კლასის წინაშე უყვირა.

„გუშინ მოვიდა ჩემი ძმა და მეუბნება, რომ მათემატიკის მასწავლებელმა დამინახა რომ ვწერდიო, ჯერ დამიყვირა ნუ ჯღაპნიო და ამის შემდეგ ჯერ აიღო და შემდეგ მიუგდო რვეული ჩემს ძმას უხეშად… მოვიდა ბავშვი შეწუხებული და მოწყენილი. ისედაც მშვიდი და წყნარი ბავშვია, დედა აქ არ გვყავს და გულჩათხრობილია… პატარაც რომ არის მე-4 კლასელი.

„დღეს მივიდა ჩემი უფროსი და სკოლაში, მანდატურთან ერთად შეხვდა და მასწავლებელი ძალიან უხეშად შეხვდა და დაელაპარაკა. რა პრობლემით მოხვედით ვერ გავიგეო… მეჩქარება, გაკვეთილზე უნდა შევიდეო, არცკი გაუჩერდა სალაპარაკოდ… დირექტორმა და სასწავლო ნაწილმა უთხრეს შემდეგ ჩემს დას, მოვაგვარებთო და ამის შემდეგ, ერთ-ერთმა მოსწავლემ ჩაიწერა ვიდეო, თუ როგორ ეჩხუბება ისევ კლასის წინაშე და ბოლო ხმით უყვირის ჩემს ძმას –  რას ქვია შენ დები მოვიდნენო. (მასალაში გარკვევით ისმის ხმამაღალი ყვირილი და შეურაცხყოფა მოსწავლის მისამართით კლასის წინაშე. EDU.ARIS.GE ფლობს ჩანაწერს, თუმცა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს მას. ავტ.)

„აქ კიდევ იმაზე იყო საუბარი, რომ ბავშვებს ვერ უხსნის მათემატიკას კარგად და საკონტროლოებს რომ უტარებს დაბალ ქულას იღებენ ბავშვები… როცა ეკითხება, ვერ გავიგეო, უყვირის… ბავშვი ტირილით მოვიდა სახლში სკოლა აღარ მინდაო, ან მაგ სკოლაში აღარ მიმიყვანოთო“, – ყვება მოსწავლის და.

მისივე ინფორმაციით, ამ მასწავლებელს აქამდე სხვა ბავშვებთანაც ჰქონდა პრობლემები.

„მშობლებიც ბევრჯერ მისულან, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოუღია, ბავშვებს შიში აქვთ, რომ მშობელს უთხრან ამ მასწავლებლის მხრიდან ბულინგზე და დროა უკვე, გაიგოთ ეს ამბავი. თანაც, კლასს დამრიგებელი არ ჰყავს ამ ეტაპზე, უდამრიგებლო კლასია, თან ასეთი პატარები და დამრიგებლის გარეშე არიან… კლასის წინაშე დააყენა და ასე გამოლანძღა… ცელქიც კი არ არის ბავშვი, შეგიძლიათ ნებისმიერ მასწავლებელს ჰკითხოთ მასზე, მშვიდი, წყნარი და მოწესრიგებულია“, – გვითხრა მოსწავლის ოჯახის წევრმა.

საკითხის გადამოწმების მიზნით, EDU.ARIS.GE– სკოლის დირექტორ მაკა გიორგაძეს დაუკავშირდა და შეეცადა დაეზუსტებინა, მოიწვია თუ არა დირექტორმა დისციპლინური კომიტეტი.

დირექტორმა თავდაპირველად საკითხი (კერძოდ კი რომელ მშობელზე იყო საუბარი) ვერ გაიხსენა, თუმცა მოგვიანებით დაგვიდასტურა, რომ ასეთი პრეტენზიით მოსწავლის ოჯახის წევრი სკოლაში დღეს იყო მისული.

„დღევანდელ დღეს იყო ამაზე საუბარი, მასწავლებელი იმის შემდგომ, რაც მისი და იყო მოსული, არ შესულა ჯერ გაკვეთილზე, ასე რომ ვერანაირად ვერ მოხდებოდა ეგ ფაქტი, არასწორია. (ჩანაწერი ნამდვილად მას შემდეგ არის გაკვეთილზე გაკეთებული, რაც მოსწავლის და სკოლაში იმყოფებოდა.) დანარჩენი, ჯერ გამოვიკვლევთ, იმიტომ, რომ დღეს გამჟღავნდა და ბუნებრივია, რომ ასეთი რაღაცები ერთ დღეში არ ირკვევა. ამ ეტაპზე გავესაუბრეთ მშობელს (დას), გავესაუბრეთ პედაგოგსაც და გავესაუბრეთ ბავშვებსაც მანდატურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად. ეს არის ის ღონისძიებები, რაც ჯერჯერობით გავატარეთ“, – ამბობს დირექტორი.

ჩვენს კითხვაზე, ადასტურებს თუ არა მასწავლებელი ან მოსწავლეები პირველ, რვეულის ინციდენტს, მაკა გიორგაძე პირდაპირ არ გვპასუხობს.

„მსგავსი რამ არ ყოფილა, დანარჩენს მე წინასწარ ვერ გეტყვით. გავესაუბრე ბავშვებსაც და მასწავლებელსაც და დანარჩენი, ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა გამოიკვეთა. კიდევ უნდა გავარკვიო, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები ერთიანად არ ირკვევა. მშობელი რომ მოვიდა თქვა, რომ ბავშვს ესროლა რვეულიო, მაგრამ ეს რომ ესროლა რვეული, არც ბავშვებთან საუბარში და არც მასწავლებელთან არ დადასტურებულა. დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს აღნიშნული ფაქტი და შემდეგ მივიღებთ. უნდა გამოიკვლიოს ახსნა-განმარტებებით, ყველაფრით. მე ასე ცალსახად ვერ გეტყვით. 21 დღის ვადაში ხდება ასეთი რაღაცების განხილვა შინა განაწესის  შესაბამისად“, – განგვიცხადა მაკა გიორგაძემ.

EDU.ARIS.GE მომდევნო დღეებშიც განაგრძობს საკითხით დაინტერესებას და მის გაშუქებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური