საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე არაქართულენოვანი მოსწავლეების ჩაჭრის რიცხვი მაღალია
„2016 წლის საატესტატო გამოცდების შედეგების რეგიონალურ ჭრილში შედარებისას ნათელი ხდება, რომ სამცხე-ჯავახეთსა (38.6%) და ქვემო ქართლში (36.6%) ყველაზე მაღალია ჩაჭრილ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია თბილისში და დაახლოებით 9.6%-ს შეადგენს.
„რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელს, აქაც მსგავსი სურათი იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტებს, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები მათ მშობლიურ ენაზე აბარებენ, 2010-2013 წლების მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების ტესტებში სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვანმა კურსდამთავრებულების ნაწილმა ვერ მოაგროვა მინიმალური ზღვარის გადალახვისათვის საჭირო ქულების რაოდენობა. მაშინ როდესაც ქართულენოვანი აბიტურიენტების 10% ჩაიჭრა უნარების ტესტების ჩაბარებისას, მათი სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი თანატოლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 27,8% შეადგენს“, – აღნიშნული მონაცემები სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვისას წარმოადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 13.2% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შეადგენენ.
კვლევაში, რომელიც ჩატარდა ,,განათლების საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ, ევროკავშირისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის -„ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, ბევრ პრობლემურ საკითხთან ერთად, საუბარია ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განათლების ხარისხზე.
კვლევის მიხედვით, სწორედ არაქართულენოვან სკოლებში სწავლების დაბალ ხარისხზე შეიძლება მეტყველებდეს არაქართულენოვანი სკოლების და ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების საატესტატო შედეგების შედარებისას გამოვლენილი ჩაჭრის მაჩვენებელი.
კვლევის შედეგებზე განათლების საკონსულტაციო ცენტრის მკვლევარმა ნინო ფრუიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიზეზებზე საუბარი, ფოკუსჯგუფებში ინტერვიუსას რესპონდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება.
ნინო ფრუიძის თქმით, მშობლიურ ენაზე რესურსების მიუწვდომლობა შეიძლება იყოს განათლების დაბალი ხარისხის ერთ-ერთი მიზეზი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მშობელთათვის სკოლის არჩევანის შესაძლებლობის თვალსაზრისით სწავლების ენა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას ეთნიკური უმცირესობებისთვის.
მკვლევარის ინფორმაციით, ხარისხიანი განათლების მიღებას ხელს კიდევ ბევრი ფაქტორი შეიძლება უშლიდეს. ერთ-ერთია მშობლიურ ენაზე დაწერილი ან თარგმნილი მხატვრული ლიტერატურის არ არსებობა.
მისი თქმით, კვლევაში მონაწილე რესპონდენტების ინფორმაციით, ხშირად სკოლის ბიბლიოთეკაშიც მწირია ასეთი რესურსი. არაქართულენოვანი სახელმძღვანელოების თარგმანები ძალიან დაბალი ხარისხისაა, არის ბევრი შეცდომა და შესაბამისად ბევრ მოსწავლეს ძალიან უჭირს წიგნიდან აზრის გამოტანა, ხოლო ქართულენოვან სახელმძღვანელოებში მეტი და უფრო საინტერესო ინფორმაციაა. ნინო ფრუიძის განცხადებით, ეს ყოველივე პრობლემას ქმნის გამოცდებზე, იქნება ეს სკოლის დამამთავრებელი თუ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ფოკუს ჯგუფებში, ქართული ენის მასწავლებლის ცოდნა პრობლემად დასახელდა. იმ სკოლების კურსდამთავრებულები, სადაც ქართული ენის მასწავლებლები სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იყვნენ მივლენილნი, აღნიშნავდნენ, რომ ქართული მას მერე ისწავლეს, რაც ახალი მასწავლებელი ჩამოვიდა.
როგორც კვლევაშია მოცემული, ზოგიერთი სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი კურსდამთავრებული აღნიშნავს, რომ მე-12 კლასში ბავშვები განსაკუთრებულად ხშირად აცდენენ გაკვეთილებს, სხვადასხვა მიზეზის გამო.
„ხშირად ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მე-12 კლასში ბევრი მოსწავლე ემზადება იმ საგნებში, რომლის ჩაბარებაც სკოლის საატესტატო გამოცდაზე უწევთ და ვერ ხედავენ სკოლაში სიარული მნიშვნელობას. თუმცა, იმის თქმა, რომ მასწავლებლები თავად აცდენენ გაკვეთილებს, ან არ აღრიცხავენ მოსწავლეების მიერ გაკვეთილებას გაცდენას არ შეიძლება“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, ფოკუს–ჯგუფზე დაფიქსირდა მოსაზრება, რომ მე-12 კლასში არსებულ პროგრამას არ აქვს ბავშვებისათვის დამატებითი ღირებულება. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა ბოლო კლასის პროგრამაში ისეთი საკითხები (მაგალითად, პროექტის დაგეგმვა და შესრულება) შედიოდეს, რაც მათ მომავალში უფრო გამოადგებათ.
„სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ბევრი ორთოგრაფიული და სხვა გრამატიკული შეცდომა შეხვდათ სკოლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებზე. ასევე ქართულის როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოებში მოცემული მასალა ძალიან ადვილი იყო იმ მოსაწვლეებისათვის ვინც შედარებით კარგად იციან ქართული ენა. გარდა ამისა, ისინი უკმაყოფილონი იყვნენ იმ ფაქტით, რომ ქართული ენის სახელმძღვანელოებში არ არის ქართული ლიტერატურა საკმარისად წარმოდგენილი და შესაბამისად მათ აკლიათ ცოდნა ამ საკითხში.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილე სტუდენტების უმრავლესობისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იყო, ერთ-ერთი სტუდენტი აღნიშნავდა, რომ მის სკოლაში ეს წიგნები ძალიან გვიან ან საერთოდ არ ქონდათ. რაც შეეხება სხვადასხვა საგნის ბილინგვურ სახელმძღვანელოებს (სახელმძღვანელოები სადაც ტესტის ნაწილი არაქართულენოვანია, ნაწილი კი ქართული), მოსწავლეების ინფორმაციით წიგნებში მოცემული ქართული ტექსტები პრაქტიკულად გაუგებარი რჩებოდა ბევრი ისეთი მოსწავლისათვის ვინც არ იცოდა კარგად ქართული ენა. უფრო მეტიც, ხშირად თავად საგნის მასწავლებლებსაც არ ესმოდათ შინაარსი დაბალი ენობრივი კომპეტენციის გამო. შესაბამისად, მოსწავლეები ვერ იღებდნენ სრულყოფილ ცოდნას ამ კონკრეტულ საგნებში“, – აღნიშნულია კვლევაში.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება