საბაუნის სტუდენტებმა ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში Practicing Resilience – Preparing for Recovery“ რომელიც მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ხორვატიაში, ქალაქ შიბენიკში გაიმართა.
„ძალიან მიხარია, რომ საბაუნის სტუდენტებს გვაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ისეთ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებში, როგორიც ხორვატიაში ორგანიზებული საზაფხულო სკოლაა. საბაუნიმ მომცა საშუალება მიმეღო ცოდნა უკრაინის მაგალითზე ომის დროინდელ და ომის შემდგომ რესოციალიზაციასა და აღდგენის საშუალებებსა და პროცედურებზე, რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს შემთხვევაშიც.
„ლექციებს და პრაქტიკულ დავალებებს უძღვებოდნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები და პროფესორები ამერიკიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და უკრაინიდან. თითოეული ლექცია იყო მრავლისმომცველი, რომელიც შეუფასებელ ცოდნას აძლევდა თითოეულ მონაწილეს. ზაფხულის სკოლა დამეხმარა გამეცნო ცნობილი პროფესორები, სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, რაც დამეხმარა არა მარტო პროფესიულ განვითარებასა და ზრდაში, არამედ მათი კულტურის შეცნობაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საბაუნი ორიენტირებულია ისეთ პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტს არა მარტო პროფესიული, არამედ კულტურული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს, გარდა ამისა, მსგავსი პროგრამები შესანიშნავი გზაა ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის“, – ალექსანდრე მაღრაძე, საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
საზაფხულო სკოლა საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ითვალისწინებდა სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს , რომელიც თავის მხრივ მონაწილე ახალგაზრდების გაცნობა-დაახლოებას ემსახურებოდა.
„ყოველი ახალი გამოწვევა არის განვითარების შესაძლებლობა. ასეთივე გამოწვევა იყო ჩემთვის საზაფხულო სკოლა ხორვატიაში.
საზაფხულო სკოლის სათაურიდან გამომდინარე ყოველდღიური ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები ეძღვნებოდა პოსტ-ტრავმული გამოცდილების შემდეგ ემოციური მედეგობასა და აღდგენას, რომლებსაც უძღვებოდნენ ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები. ჩემთვის, როგორც მომავალი ფსიქოლოგისთვის, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა უცხოელი პროფესორების ლექციები, ვინაიდან ისინი ძირითადად ფსიქოლოგები იყვნენ და მედეგობის საკითხებსაც ვიწრო კონტექსტში განიხილავდნენ. დღეები საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაოებით.
საინტერესო ინტერაქცია, ახალი ურთიერთობები, პროფესიური და პიროვნული განვითარება, ასე შევაფასებდი საზაფხულო სკოლას ხორვატიაში“ – რობერტ ნონოიანი საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
საზაფხულო სკოლა „Practicing Resilience – Preparing for Recovery“ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უკრაინელი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და დახმარებას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და უკრაინიდან.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები National Geographic Learning-ის კონფერენციაზე by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი