GE

საბავშვო ბაღები, სადაც ბავშვებს სკამებსა და მაგიდებზე სძინავთ  

„როცა ბავშვი სახლში მოდის, მიყვება ხოლმე – დღეს სკამებზე ვისხედით, თავი მაგიდაზე დავდეთ და ისე გვეძინაო. ეს მათთან ჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდია. ბავშვებს მაგიდებსა და სკამებზე სძინავთ!“ – ეს სიტყვები თბილისის 96- საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს ეკუთვნის, რომელმაც EDU.ARIS.GE-ს დახმარების თხოვნით მიმართა.

ქალბატონს, რომლის სახელსა და გვარს ობიექტური მიზეზების გამო არ ვასახელებთ, 3 წლის შვილი ზემოთხსენებულ ბაღში დაჰყავს. მისი თქმით, როდესაც ბავშვის რომელიმე ბაღში დარეგისტრირება გადაწყვიტა,  აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.  ადგილების უქონლობის გამო იგი არც ერთმა ბაღმა არ მიიღო. მხოლოდ 96-ე ბაღის გამგემ მიიღო მას შემდეგ, რაც პატარას 3 წელი შეუსრულდა.

ქალბატონი ყვება, რომ ბაღის შენობა თავიდანვე არ მოეწონა, მაგრამ ვინაიდან ალტერნატივა არ არსებობდა, დათანხმდა.

„როცა მივიყვანე კი მითხრეს  – 3 წლის ბავშვებს არ ვაძინებთო, მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია იყო არ ველოდი. აქვთ მხოლოდ ერთი ოთახი, სადაც დღის მანძილზე არიან. სასადილოც ისაა, სათამაშოც, სამეცადინოც და სავარჯიშოც.  ოთახში სადაც მთელი დღე არიან, დასაჯდომად მხოლოდ ხის სკამები და მაგიდებია. არაფერია რაიმე რბილი, სადაც გვერდს მოინაცვლებს ბავშვი. მაგიდებსა და სკამებზე სძინავთ! ეს მათთან ჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდია. როცა ბავშვი სახლში მოდის, მიყვება ხოლმე – დღეს სკამებზე ვისხედით, თავი მაგიდაზე დავდეთ და ისე გვეძინაო. ანუ, ამ ასაკის ბავშვები ვერ ძლებენ მთელი დღე და დასვენება სჭირდებათ.  მე ვიცი, რომ სხვა ბაღებში ამ ასაკის ბავშვებს აძინებენ.

„ექიმიც ტყუილად ჰყავთ, ალბათ თეთრი ხალათი მოსწონს უბრალოდ. ორჯერ იყო შემთხვევა, როცა ჩემი შვილი ავად გამხდარა და ამ ავადმყოფ ბავშვს თურმე მთელი დღე შეტყუპებულ სკამებზე ეძინა. მასწავლებელმა ისიც ვერ მოიფიქრა, რომ ჩემთან დაერეკა. შეიძლება ბავშვს მაგიდაზე და სკამებზე ეძინოს? ცალკე თემაა მასწავლებლის უტაქტობა და უყურადღებობა.

„ბაღის დანარჩენ ინფრასტრუქტურაზე აღარაფერს ვიტყვი. არაფერი გააჩნიათ. იმასაც კი ვერ იტყვი, რომ ეზო აქვთ, რადგან მოსწორებულიც კი არაა. ბავშვი მეხვეწება -უთხარი მასწავლებელს ეზოში არ წამიყანონო. არადა ყველა ბავშვს სწორედ ეზოში უყვარს გასვლა. მინდა გადავიყვანო სხვა, ახლოსმდებარე ბაღში, მაგრამ გავიგე, რომ   ამ ასაკის ჯგუფში 45 ბავშვი ყოფილა. ეს დასაშვებია?

„ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ ასეთი საშინელი ბაღია რატომ ტანჯავთ ბავშვსო, მაგრამ მეტი გზა რომ არ მაქვს რა ვქნა? ეს არ ამართლებს სააგენტოს უყურადღებობას! რატომ აძლევენ ასეთი შენობისა და ინფრასტრუქტურის მქონე ბაღს ბავშვების მიღების უფლებას? ამოწმებენ საერთოდ რამდენად აკმაყოფილებს იგი ბავშვისათვის საჭირო სტანდარტებს? კიდევ ბევრი რამაა მოსაყოლი, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ, რადგან   მთელ დღეს მათთან ატარებს ბავშვი და არ მინდა იქ მისვლა სულ შეაძულონ. მეშინია, როცა თავებს ამოიცნობენ, ბავშვზე არ იყანონ ჯავრი,” – ყვება ქალბატონი.

თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მაგიდაზე ჩაძინებაში ტრაგიკული არაფერია. განმარტავენ, რომ დაძინება მხოლოდ ბაგას ასაკის (ანუ 3 წელზე ქვემოთ) ბავშვებისათვის არის სავალდებულო. უფროსი ბავშვების დაძინება კი, მათი ინფორმაციით, ბაღების გარკვეულ ნაწილში ფართის უქონლობის გამო ვერ ხერხდება. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ნინო ბურძენიძის თქმით, ამის შესახებ მშობლები, როგორც წესი, თავიდანვე არიან ინფორმირებულები.

„თუ ბავშვი, რეჟიმის მიხედვით, შუა დღის ძილსაა მიჩვეული, მაშინ ურჩევენ ხოლმე, რომ შემდეგ წელს დაელოდონ. თუ  ადმინისტრაციამ იგი გააფრთხილა, რომ ბავშვის დაძინების საშუალება არ იყო, მაშინ პრეტენზიის საფუძველი არ არსებობს. ისედაც, ბალიშები მთელი მსოფლიოს ბაღებში აპრობირებულია. ბავშვებს შეუძლიათ მოდუნების შემთხვევაში ბალიშებზე დადონ თავი და ცოტა ხანს დაისვენონ,“ – განგვიცხადა მან.

ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა 96-ე ბაღს ბალიშები, მან გვიპასუხა, რომ ეს არ იცის, მაგრამ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა იგი მშობლებს ჰქონდეთ მიტანილი. აქვე დასძინა, რომ ბავშვები საკუთარი ნებით იძინებენ და არა ინსტრუქციის მიხედვით.

„შეიძლება ცოტა ხნით ჩათვლიმოს ბავშვს და მაგიდაზე ჩამოდოს თავი. ეს სახლშიც შეიძლება დაემართოს. მაგალითად მონტესორის საჩვენებელ ბაღში, აშშ-ში, საწოლები არ დგას. მათ შორის არც ძალიან პატარა ბავშვებისათვის. ანალოგიური მაგალითებია სხვა ქვეყნებშიც. არის ჩათვლემის პრაქტიკა – შეიძლება ბავშვმა მიიძინოს, გაიღვიძოს და კვლავ გააგრძელოს ჯგუფში ყოფნა,“ – განმარტავს ბურძენიძე.

რაც შეეხება ბაღის ადმინისტრაციას, ისინი რესპონდენტი ქალბატონის მონაყოლს ტყუილს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბაღში მაგიდასა და სკამებზე არავის სძინავს. 96-ე ბაღის დირექტორი დოდო მოწონელიძე აცხადებს, რომ ასეთი რამ მათთან არასოდეს მომხდარა.

„რას ლაპარაკობთ, სისულელეა. როგორ გეკადრებათ?! რას ქვია სკამებზე დაძინება? საიდან მოიტანეთ? მობრძანდით და თავად ნახეთ. 3 წლამდე ბავშვები იძინებენ, 3-ის ზემოთ კი – არა. ამ მშობელს ჩემთვის მოემართა და რაღაცას მოვახერხებდი, სადმე დავაძინებდით. ბაგაში გადავიყვანდით, ან რაიმე ადგილს მოვაწყობდით. ჩემთან ჩივილით არავინ შემოსულა,“ – განგვიცხადა ბაღის დირექტორმა.

თბილისის მასშტაბით სულ 166 საბავშვო ბაღია. შეგახსენებთ, რომ გადავსებული ბაღების განსატვირთად საქართველოს  პარლამენტმა გასულ წელს კანონი მიიღო,  რომელიც 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა, თუმცა ის სრულად ძალაში 2020 წელს შევა. კანონით დადგენილია, რომ 2-3 წლიან ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. 3-4 წლიან და 4-5 წლიან ჯგუფებში კი – 30-ს. ამასთან, კანონითვე გაწერილია რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს გათვლილი ბავშვების რაოდენობის მიხედვით.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური