სად და როგორ გაიგებენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა
ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტები თითოეულ საგანში მიღებულ პირველად ქულას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ნამუშევრების გასწორების დასრულების შესაბამისად იგებენ, პროცედურა კი ყოველ წელს უცვლელია.
პირველადი შედეგების გამოცხადება
ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები – აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ასევე ექნება შესაძლებლობა, შედეგებთან ერთად, ნახოს პასუხების ფურცლები და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდოს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს თავისი პირველადი შედეგი/ქულა.
ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადების შეტანის პროცედურა
თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონულად (ინტერნეტით) შევსებისათვის საჭირო პროცედურები და ვადები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.
ქულის გასაჩივრების საფასური და მისი დაბრუნების შესალებლობა
საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის). ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება შესაბამის ვადებში განცხადების საფუძველზე.
შედეგის გასაჩივრების პროცედურა
საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელსა და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო
„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; 28 „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით- mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
რა უნდა გაითვალისწინოთ ქულის გასაჩივრებისას
განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი.
აპელაციის შედეგის გამოქვეყნების ვადა და პროცედურა
საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან მაქსიმუმ 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი.
როდის და რა პროცედურით დაიბრუნებთ გასაჩივრებაში გადახდილ 50 ლარს
იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ქულა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტს შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოს განცხადება (ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით) ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე. თანხა დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, გამოსაცდელის მიერ განაცხადზე დართულ საბანკო რეკვიზიტებზე.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024