GE

„სად იყო აბიტურიენტების ისტორიის ტესტებში „ხაფანგები“ – დავალებების ანალიზი პროფესიული თვალით

2026 წლის ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტებს აბიტურიენტებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. აბიტურიენტების ნაწილი დავალებების მოწოდების ფორმას აკრიტიკებს, ნაწილი ამბობს, რომ ტესტირებაზე არაფერში გამოადგათ ნასწავლი აურაცხელი მასალა, ისმის კითხვები არასაპროგრამო თემებზეც.

15 ივლისს, ტესტების გამოქვეყნების შემდეგ, EDU.ARIS.GE-მ ისტორიის საგამოცდო დავალებების ანალიზი ისტორიკოსს, ისტორიის პედაგოგსა და რეპეტიტორს, განათლების ხარისხის განვითარების ექსპერტს, დავით ფერაძეს სთხოვა და მის შეფასებას დავალებების მიხედვით გიზიარებთ:

“თუ წლევანდელ ტესტებს პროფესიული თვალით შევხედავთ და აბიტურიენტების რეალურ საგამოცდო ქცევას გავაანალიზებთ, რაღაც განსაკუთრებულად არასახარბიელო მდგომარეობას ვერ ვნახავთ. იყო დადებითიც და უარყოფითიც. ყველაზე მეტად ქულებს სწორედ ის დავალებები აკარგვინებს, სადაც მშრალი ცოდნა უძლურია და წინა პლანზე კოგნიტური მახეები, ფორმულირების ორაზროვნება ან დეტალების სინთეზი გამოდის. რა ვიცი, შეგვიძლია ამას დავარქვათ „ნაღმები“, რომლებიც გიცავენ ჩაჭრისგანაც მაგრამ გადისტანცირებენ უმაღლესი შედეგებისგანაც.

„ზოგი კითხვა ჩამჭრელი იყო“ – ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი დავალებებს იხსენებს

მაგალითად დავიწყოთ ე.წ. ანალოგიების მოყვანა (დავალება №37.4) — „აზროვნების ბლოკი“ ეს არის წერტილი, სადაც 17-18 წლის მოზარდების უმეტესობას უბრალოდ „ებლოკება უნარები“. დავალება სთხოვს აბიტურიენტს, ტექსტში აღწერილ მოვლენას (მაგალითად, კეისრისა და პომპეუსის დაპირისპირება I ვარიანტში, ან აშშ-ს მიერ ვიეტნამში ომის შეწყვეტა II ვარიანტში) მოუძებნოს მსოფლიო ისტორიიდან ანალოგიური მოვლენა და მოიყვანოს ორი არგუმენტი, რითაც ამსგავსებს მათ.

რატომ იკარგება აქ ქულები?

1. გამოცდაზე მყოფი აბიტურიენტი მობილიზებულია კონკრეტულ ეპოქაზე. უცებ მისგან ითხოვენ, გონებაში გადაახვიოს კაცობრიობის მთელი ისტორია და იპოვოს პარალელი.

2. ხშირად აბიტურიენტს ახსენდება ანალოგია (მაგალითად, ვიეტნამის ომიდან ჯარების გაყვანა ჰგავს სსრკ-ის გამოსვლას ავღანეთიდან), მაგრამ უჭირს ორი სრულფასოვანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არგუმენტის ჩამოყალიბება. ისინი ხშირად ერთსა და იმავე აზრს ორ სხვადასხვა წინადადებაში ატრიალებენ, რის გამოც გამსწორებელი მეორე ქულას აკლებს.

იგივე დავალების №37.2 და 37.3 პრობლემა კიდევ ისაა, რომ აბიტურიენტს მოეთხოვება არა ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, არამედ სუბიექტის პოზიციაში შესვლა (ემპათია).

I ვარიანტიდან (კეისართან დაპირისპირება) აბიტურიენტს უნდა აეხსნა, ვისთვის იყო კეისრის ერთპიროვნული მმართველობა დადებითი და უარყოფითი. ლოგიკურად ის სავარაუდოდ უპასუხებდა, რომ დადებითი – პლებეებისთვის და უარყოფითი – სენატორებისთვის. მაგრამ ამით ქულას ვერ მიიღებს. მან ისიც უნდა ახსნას, თუ რატომ? აქ კი ხაფანგია, რადგან აბიტურიენტები ხშირად წერენ ზოგად ფრაზებს: „პლებეებს უხაროდათ, რადგან კეისარი კარგი იყო“ ან „სენატს არ უნდოდა, რადგან ძალაუფლება დაეკარგა“და ა.შ/ საგამოცდო კომისია კი ითხოვს კონკრეტულ პოლიტიკურ/სოციალურ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს (მაგ. მიწების განაწილება, ვალების შემსუბუქება, სენატის ტრადიციული გავლენის შესუსტება). ფორმულირების სიმარტივისა და არასაკმარისი არგუმენტაციის გამო აქ მასობრივად იკარგება 1 ან 2 ქულა.

ახლა ვნახოთ დავალება №36, ანუ რუკა.

რუკებთან მუშაობისას შემფასებლები ხშირად იყენებენ ვიზუალურ ხაფანგებს, რომლებიც სტრესულ გარემოში ორმაგად რთული აღსაქმელია.

ამას ემატება ისიც, რომ აბიტურიენტს უწევს „ხტომა“ შეკითხვასა და რუკას შორის, რაც დროს მოითხოვს. კითხვები ფორმულირებულია ისე, რომ პასუხი „თითქმის“ სწორია რამდენიმე ვარიანტისთვის, თუ აბიტურიენტმა წამიერად დაკარგა კონცენტრაცია და რუკის ლეგენდაში ფერები ან პირობითი ნიშნები ერთმანეთში აურია.

გარკვეულ შტრიხებს შევეხები ისტორიული წყაროს ანალიზთან (დავალება №38) დაკავშირებითაც.

იმის მიუხედავად, რომ 38-ე დავალება ყველაზე მაღალქულიანი და საინტერესოა, მასში ყოველთვის არის „ჩამალული“ 2 ან ს კითხვა, რომელიც აბიტურიენტისგან ითხოვს ტექსტის მიღმა არსებულ ისტორიულ ცოდნას.

მაგალითი II ვარიანტიდან (1832 წლის შეთქმულება): კითხვა 38.9 ეხება მეზობელი ქვეყნების (ირანი, თურქეთი) პოზიციას და ითხოვს შეფასებას: რამდენად რეალური იყო მათი დახმარების იმედი? წყაროში უბრალოდ წერია, რომ შეთქმულებს ჰქონდათ მათი იმედი. მაგრამ იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ქულა, მან უნდა იცოდეს ეპოქალური კონტექსტი – ის, რომ XIX საუკუნის 30-იან წლებში ირანი და ოსმალეთი თავად იყვნენ უკიდურესად დასუსტებულნი რუსეთთან ომების შემდეგ და რეალურად ვერანაირ სამხედრო დახმარებას ვერ გაუწევდნენ შეთქმულებს. ვინც მხოლოდ ტექსტს დაეყრდნო და დაწერა „კი, რეალური იყო, რადგან რუსეთი მათი მტერი იყოო“, ქულა დაკარგა და უცებ ეპოქალური კონტექსტის გააზრება არცთუ ადვილია ამ ასაკში.

გვაქვს ისიც, რაც მეტ-ნაკალებად ვარგა, მიუხედავად კრიტიკისა, და რაც, წესით ხელს უწყობს მოზარდის ინტელექტუალურ განვითარებას: წყაროს ანალიზი, რამდენიმე ნაღმის მიუხედავად „აიძულებს“ აბიტურიენტს იმუშაოს როგორც ნამდვილმა მკვლევარმა. მაგ: 1812 წლის აჯანყების, 1832 წლის შეთქმულებისა და საეკლესიო აჯანყების წყაროები კარგად აჩვენებდა იმდროინდელ ქართველების სულისკვეთებას. აქ აბიტურიენტს ეძლევა შანსი, ტექსტიდან ამოიკითხოს პასუხები, რაც უვითარებს წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული ანალიზის უნარებს.

ამავე განწყობით შევეხები ტესტის პირველი ნაწილს (1-35). რამდენიმე ხაფანგი აქაცაა, მხოლოდ მეხსიერებაზე რომ არის ორიენტირებული და ასევე გვქონდა მცირე არაპროგრამული „შტრიხები“, მაინც აქ ბევრია კითხვები “ლოგიკური მსჯელობით”, სადაც არასწორი პასუხების გამორიცხვის მეთოდით, სწორ პასუხამდე მისვლა შესაძლებელია”.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური