GE

სად უნდა დავარეგისტრიროთ პირველკლასელი ელექტრონულად? – რეგისტრაციის ინსტრუქცია და ხრიკები მშობლებისთვის

2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პროცედურები ცნობილია. მომავალი პირველკლასელების მშობლები და მეურვეები საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციისთვის ემზადებიან, რომელიც რეგისტრაციის ფარგლებში, მესამე ეტაპის სახელით არის ცნობილი და ამ ეტაპზე პირველ კლასში, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი ექვს წელს მიღწეული ბავშვი რეგისტრირდება.

მშობლები EDU.ARIS.GE-ს ასეთი კითხვებით მიმართავენ: სად უნდა დავარეგისტრირო შვილი, საიტი არ არის ჩართული? რა მჭირდება რეგისტრაციის დროს? როგორია ის ველები, რაც უნდა შევავსო? რა უნდა ვიცოდე რეგისტრაციის დაწყებამდე? როდის ვარეგისტრირებთ საიტზე და როდის უნდა შევაგროვოთ საბუთები? სკოლას მივუტანთ, თუ ესეც საიტზე უნდა ავტვირთოთ? ადგილები სწრაფად ივსება, როგორც გვითხრეს და როგორ მოვახერხოთ მონაცემების სწრაფად შეყვანა? – ამ ინფორმაციაში ჩვენ ვეცადეთ ყველა ჩამოთვლილი კითხვისთვის გვეპასუხა და სწრაფი რეგისტრაციისთვის სხვა მშობლების რჩევებსაც გაგაცნობთ:

მაშ ასე, პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია და სწრაფად დარეგისტრირების ხრიკები მშობლებისგან:

2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი, ანუ საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და საიტი რეგისტრაციის დაწყების დღეს 09:00 საათზე  ჩაირთვება.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის პროცესში აუცილებელი იქნება არაერთი ინფორმაციის დაფიქსირება სპეციალურ ველში. ეს ველი კი ასე გამოიყურება:

რეგისტრაციის ინსტრუქცია

სკოლისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, ასეთია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

რაც შეეხება სხვა მშობლების გამოცდილებას და მათ ხრიკებს რეგისტრაციის დროს, უპირველესად უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ანუ დარეგისტრირდება ყველა ის ბავშვი, რომელსაც სწავლის დაწყების დღემდე უკვე შეუსრულდა 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

ონლაინ რეგისტრაციაზე მისათითებელი იქნება პირველკლასელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მშობლების პირადობის ნომრები და სასურველი სკოლის ნომერი, ამას კი სწრაფად შეყვანა სჭირდება სპეციალურ ველში. აი რას ამბობენ გამოცდილი მშობლები:

– “კარგია, თუ ზეპირად იცი შვილის პირადი ნომერი და ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია, ამ დროს ბევრად სწრაფად ავსებ მონაცემებს და სხვებისთვის დასწრების შანსიც მეტია”.

-“წინა დღეს უკვე ვორდის ფაილში გაქვს ჩამოწერილი ყველა მონაცემი, რომელიც შეაგროვე იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც გასწავლის, თუ რა მონაცემები გჭირდება რეგისტრაციის პროცესში. გაქვს დაკოპირებული ბავშვის პირადობის ნომერი, იმიტომ რომ ყველაზე რთული მაგ ნომრის ამოწერაა. რეგისტრაციის დღეს კომპიუტერთან ჯდები რეგისტრაციის დაწყების დროსთან შედარებით 20 წუთით ადრე და მუდმივად არეფრეშებ სარეგისტრაციო საიტს, რომ იქნებ სისტემა წუთით ადრე ჩაირთოს და შემდეგ უკვე ხელის ტექნიკის ამბავია. გახსნილი გაქვს საიტთან ერთად ვორდის ფაილიც, სათითაოდ აკოპირებ ჩამოწერილ მონაცემებს და სვამ რეგისტრაციის შესაბამის გრაფაში”.

-“ვურჩევ, შეკრიბოს სანათესავო და ვისაც წვდომა აქვს კომპიუტერთან, ყველას მაუსზე ედოს ხელი. ეგება და რომელიმემ დაარეგისტრიროს სასურველ სკოლაში”.

დეტალები რეგისტრაციის შესახებ და დოკუმენტების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური