GE

საჯარო სკოლები სამეურვეო საბჭოებს 17 ივნისს აირჩევენ – როდიდან იგეგმება საბჭოს უფლებების გაზრდა

2019 წლის 17  ივნისს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისიდან დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.

ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს,  სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა  3 წლის ვადით ხდება.

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების,კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ახლო მომავალში იგეგმება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის შედეგადაც სამეურვეო საბჭოების უფლებები და როლი გაიზრდება.

“რეფორმის ფარგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში. მოვუწოდებთ მათ გააქტიურდნენ და გაიარონ რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად. მიშვნელოვანია გავიაზროთ სამეურვეო საბჭოში აქტიური მშობლების ჩართულობა, რადგან ეს სკოლის ცხოვრების ყველა მიმართულებას ეხება. პარალელურად ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, სადაც სამეურვეო საბჭოს როლი იქნება გაზრდილი. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რესურს – ცენტრებთან და სკოლებთან ერთად მშობლების როლი გაიზარდოს და მეტად აქტიური როლი ითამაშონ სკოლის განვითარებაში”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური