„რთული იქნება სკოლების დარწმუნება, რომ ავტორიზაციის შედეგებს მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ“ – რა რისკები ახლავს საჯარო სკოლების ავტორიზაციას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მრავალგზის გადადებული საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყების დღიდან ამტკიცებს, რომ ეს სულ სხვა ტიპისა და ხასიათის ავტორიზაციაა, რომლის მიზანიც არ არის სკოლის დასჯა, არამედ მისი მხარდაჭერა განვითარებისა და ხარისხის ზრდისთვის.
ამასვე ამბობდნენ 25 ოქტომბერს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე არის განათლების ხარისხის განვიტარების ეროვნული ცენტრის დირექტორი და მისი მოადგილეც. თამარ მახარაშვილმა და კახაბერ ერაძემ კიდევ არაერთხელ გაიმეორეს, რომ სახელმწიფო არ დასჯის სკოლას და ის იქნება დამხმარე, ამიტომ სკოლამ გულწრფელად და ღიად უნდა გაამხილოს სად და რაში აქვს პრობლემები.
“ხარისხის უწრონველყოფა კონტროლიდან მხარდაჭერაზე გადავიყვანეთ, სკოლას ვეუბნებით – შენი დასჯა ჩემი მიზანი არ არის, ჩემი მიზანია შენი გაძლიერება”, – თქვა განათლების მინისტრის მოადგილემ.
თუმცა ამ მიდგომის ხანგრძლივვადიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კვლევა – „ზოგადი განათლების რეფორმები საქართველოში და „ერთიანი სკოლის“ მოდელი“, რომელიც მიზნად ისახავს 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესწავლასა და მათი განხორციელების თანამიმდევრულობის შეფასებას.
კვლევის ანგარიშში, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი ყურადღებას ამახვილებს სკოლების ავტორიზაციის გარშემო არსებულ რისკებზე და წერს, რომ კვლევის ფარგლებში გამოკითხული ზოგი ექსპერტი სკეპტიკურად არის განწყობილი ავტორიზაციის პროცესისადმი. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, საერთოდ არ ჩატარდეს ავტორიზაციის პროცესი და გადაიდოს განუსაზღვრელი ვადით ისევე, როგორც წინა წლებში. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, წინასწარ გამოვლენილი 402 სკოლის (დიაგნოსტიკური თვითშეფასების შედეგად გამოვლინდა 402 სკოლა, რომელიც მზად არის, ავტორიზაცია 2023 წელს გაიაროს) ავტორიზაცია მართლაც ჩატარდეს 2023 წელს და შემდგომ ეს პროცესი შეფერხდეს, ან შეწყდეს.
“ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ ავტორიზაციის პროცესი ფორმალურად ჩატარდეს: ერთი მხრივ, თუ სახელმწიფოს უმთავრესი ინტერესი არის არა სკოლების რეალური განვითარება, არამედ უბრალოდ იმის ჩვენება, რომ ავტორიზაცია ჩატარდა, შესაძლებელია, ბევრ შეუსაბამობაზე თვალის დახუჭვა. მეორე მხრივ, სკოლების მხრიდანაც შესაძლებელია ავტორიზაციის განაცხადის ფორმალურად შევსება, ზოგ შემთხვევაში, ადამიანების დაქირავება დოკუმენტაციის მოსამზადებლად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ესგ-ის რეალობაში დანერგვა ბევრი სკოლისთვის საკმაოდ რთულია”, – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
ავტორებს განათლების ექსპერტის სიმონ ჯანაშიას შეფასებაც (კვლევის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუდან ავტ.) მოჰყავთ, რომლის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ავტორიზაციის შედეგებზე დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს პოლიტიკურმა პროცესებმა: თუკი ბევრმა სკოლამ ვერ გაიარა ავტორიზაცია, ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას სამინისტროსა და მთავრობის მიერ გატარებული განათლების პოლიტიკის კრიტიკის საფუძვლად. ამის თავიდან ასაცილებლად კი ადვილი შესაძლებელია, ავტორიზაცია მარტივად მიანიჭონ სკოლებს.
თუმცა, როგორც CTC-ის კვლევიდან ვიგებთ, ყველაზე დიდი რისკის მატარებელია ავტორიზაციის დასჯის მექანიზმად გამოყენების შესაძლებლობა.
“ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს, ისევე, როგორც ხარისხის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, ავტორიზაცია მხოლოდ და მხოლოდ სკოლების ზოგადი განათლების რეფორმები საქართველოში და „ერთიანი სკოლის“ მოდელი / 33 განვითარებას ისახავს მიზნად და წარმოუდგენელია მისი სადამსჯელო მიზნით გამოყენება. თუმცა, განათლების სისტემაში არსებობს სხვადასხვა რეფორმების შედეგების სკოლების ადმინისტრაციის დასასჯელად გამოყენების გამოცდილება და პოლიტიკური სიტუაციის ცვლილების, ან მართვის რგოლების ცვლილებასთან ერთად, ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს მიდგომა არ შეიცვლება, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით რთული იქნება სკოლების დარწმუნება, რომ ავტორიზაციის შედეგებს მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. სისტემის მართვის არსებული სტრუქტურა და მექანიზმებიც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ პოლიტიკური ჩარევის და დასჯის მექანიზმების გამოყენების ალბათობა საკმაოდ მაღალია. იქიდან გამომდინარე, რომ სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია წლების განმავლობაში ვერ განხორციელდა, გადაწყვეტილებების მიღების არაგამჭვირვალე და ბუნდოვანი პროცედურების პირობებში, ავტორიზაცია შესაძლოა პოლიტიკური და სხვა სახის ზეწოლების მიმზიდველ ინსტრუმენტად იქცეს”, – წერია ანგარიშში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების ავტორიზაციის პროცესის ამ დროისთვის არსებულ შედეგებსა თუ დადგენილ ტენდენციებზე დასმულ კითხვებს არ პასუხობს. ცენტრის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ განათლების სამინისტროს ხელდასმით შექმნილ გადაცემაში მხოლოდ ის მონაცემები გააჟღერა, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 320-მა სკოლამ შემოიტანა (ნებაყოფლობით) საავტორიზაციო განაცხადი და მათ შორის 120 სკოლასთან მიმართებაში დღეისათვის მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. დანარჩენების საკითხი კი საბჭოზე წლის ბოლომდე უნდა გავიდეს.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება