GE

გამარჯვება საერთაშორისო შეჯიბრში „Marketplace”

ფოტო –
2810

პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრის „Marketplace” გამარჯვებულები „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გახდნენ. მიხეილ ქუთელიას, გვანცა შარიფაშვილისა და სოფო გოლეთიანის გუნდმა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აშშ-სა და გერმანიის უნივერსიტეტების გუნდები დაამარცხა და კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

„Marketplace” ბიზნესის მართვის სიმულაციას წარმოადგენს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, მარკეტინგი, დაგეგმვა, ფინანსები და ა.შ. შესაბამისად, კონკურსის მონაწილეებს 8 კვირის განმავლობაში რეალური გადაწყვეტილებების მიღება უწევდათ, ზუსტად ისევე, როგორც ნამდვილ ბიზნესში ხდება.

პროექტის სცენარი მიკროკომპიუტერების ინდუსტრიაში ვითარდებოდა, სადაც კომპიუტერული ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა. გუნდებს კი კომპანიების შექმნა და ბაზრის განვითარება მოუწიათ, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო რეგიონისგან შედგებოდა.

თავისუფალი უნივერსიტეტის გამარჯვებული გუნდის წევრი, მიხეილ ქუთელია ამბობს, რომ წარმატების მიღწევის უმთავრესი ფაქტორი მათი მხრიდან გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვა და მის მისაღწევად სწორი ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა იყო. მისი თქმით გუნდმა წინასწარ, ზუსტად იცოდა პროქტის სხვადასხვა ეტაპზე როგორ უნდა ემოქმედა და ამაში დიდწილად თავისუფალ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დაეხმარათ: „გადაწყვეტილებების მიღებისას პრაქტიკული აზროვნების გარდა ძალიან დაგვეხმარა ის თეორიული ბაზა, რაც სალექციო კურსიდან ვისწავლეთ. იმასაც დავძენ, რომ ვირტუალურ ბიზნეს სამყაროში კიდევ უფრო თვალნათლივ დავინახეთ ის, რასაც ლექციებზე ვისმენდით ან ე.წ ქეისების სახით სხვა ბიზნესების მაგალითზე ვიხილავდით” – ამბობს მიხეილ ქუთელია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამარჯვებული სამეულის გარდა, პირველი 4 საპრიზო პოზიციაც თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრანტთა გუნდებმა დაიკავეს, რაც გამორიცხავს შემთხვევითობას და ამტკიცებს, რომ მიღწეული წარმატება უნივერსიტეტის კედლებში გაწეული სერიოზული აკადემიური სამუშაოს შედეგია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური