GE

საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება

დღეს, 5 ივლისს, 14სთ-ზე, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, დაბა წყნეთი, რუსთაველის #52, გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება.

ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული ყველაზე ნიჭიერი 70 მოსწავლე მთელი საქართველოდან წარმოადგენს პროგრამის განმავლობაში შექმნილ ბიზნეს პროექტებს ელექტროენერგეტიკის სხვადასხვა თემაზე, გაიმართება ასევე საპროექტო კუთხეების ექსპოზიცია და დაჯილდოების ცერემონა – შერჩეული 10 საუკეთესო მოსწავლე გაემგზავრება შვეიცარიაში, ცერნის ლაბორატორიაში 5 დღიან სასწავლო ტურზე.

ღონისძიებას დაესწრება: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი თამარ სანიკიძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ბ-ნი ილია ელოშვილი, ასევე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბ-ნი ალექსანდრე ვაშაკიძე და სამეცნიერო საზაფხულო სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ჰედმასტერი, ბ-ნი არჩილ სუმბაძე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე ორი წელია ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან ერთად ახორციელებს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას საქართველოში. ამ ბანაკში მონაწილეობს ეროვნულ სამეცნიერო ოლიმპიადებში გამარჯვებული საუკეთესო მოსწავლეები მთელი საქართველოდან, რომლებიც 3 კვირის განმავლობაში ცხოვრობენ და სწავლობენ ბაქსვუდის სკოლის ბაზაზე და გეგმავენ ბიზნეს პროექტებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური