დეპუტატი: „განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი“
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი ტეპუტატი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრი თამარ ხვედელიანი მოუწოდებს განათლების სამინისტროს, რომ უკან გაიწვიოს უმაღლესი განათლების რეფორმა, რადგან ის “ანგრევს განათლების სისტემას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს”.
საკითხზე პარლამენტის წევრმა დღეს, 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აბიტურიენტების უფლებებზეც გაამახვილა ყურადღება.
“2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე იწყება – ეს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა. თუმცა, სწორედ იმ დროს, როდესაც აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, სამინისტრო ამ პროცესს ქაოსითა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვადების უხეში დარღვევით ახორციელებს. „ოცნების“ განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი და უნივერსიტეტებს დღემდე უწევთ მუშაობა დაუზუსტებელი ბიუჯეტით.
აბიტურიენტების რეგისტრაცია ორშაბათს იწყება, მაგრამ დღემდე არ არის გამოქვეყნებული შესაბამისი „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ და არ არის ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების შესახებ. მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ეს ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე, რეგისტრაციამდე იყო ხელმისაწვდომი და აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ.”, – თქვა თამარ ხვდელიანმა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, მთავრობის მიერ თავდაპირველად გამოცხადებული კვოტები არ ითვალისწინებდა რეალობას, რაზეც განხილვების დროს პარლამენტში არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება, თუმცა თავდაპირველად სამინისტრომ კატეგორიულად გამორიცხა კვოტების რაოდენობის ცვლილება.
“მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა „ოცნებისთვის“, რომ ეს საკითხი მათ ელექტორალურად აზიანებდა, გადაწყდა 2028-2029 წლებში კვოტების გაორმაგება. ასევე ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა – როგორ უნდა მოხდეს ახალი პროგრამების დროული აკრედიტაცია, როცა უნივერსიტეტების უმრავლესობაში პროგრამები და კრედიტების რაოდენობა შეცვლილია. მაგალითად, გაურკვეველია, როგორ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულებით სტუდენტების ჩარიცხვა. ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – რატომ მოხდა შრომის ბაზრის კვლევის გათვალისწინება და კვოტებში ასახვა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაშინ როდესაც კერძო უნივერსიტეტებში კვოტები უცვლელი დარჩა? ყველა ეს გამოწვევა ერთობლივად მნიშვნელოვნად ართულებს აბიტურიენტთა მდგომარეობას და არღვევს მათ უფლებებს”, – განაცხადა ბრიფინგზე თამარ ხვედელიანმა.
ასევე იხილეთ:
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება