GE

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერების მონტაჟი მიმდინარეობს – სხდომა განათლების სამინისტროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გელა გელაძის ხელმძღვანელობით 2023 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებმა გამოცდების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს, 20 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრის ფარგლებში ჯგუფმა საჭიროებების გათვალისწინებით იმ სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ ამოცანებზე იმსჯელა, რომლებიც უნდა შეასრულოს გამოცდების ლოგისტიკურ ნაწილში ჩართულმა თითოეულმა უწყებამ. საუბარი შეეხო საგამოცდო ცენტრების დენის უწყვეტი მომარაგების, სასწრაფო და სახანძრო დახმარების უზრუნველყოფის, გზების მოწესრიგების, ტრანსპორტირებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

განათლების სამინისტროს ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს წინასაგამოცდო სამზადისი. სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში. ამობეჭდილია პასუხების ფურცლები და დამხმარე მასალები, ასევე გამზადებულია შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები – ამჟამად მიმდინარეობს მათი ცენტრებად განაწილების პროცესი.

მიმდინარე კვირიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერების მონტაჟი, აგრეთვე, კომპიუტერული და ელექტრო ქსელის დასამონტაჟებლად საჭირო მასალების ტრანსპორტირება.

“გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფი ყოველ წელს იქმნება. ჯგუფი დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს მაგთიკომი, შპს სქაიტელი”, – აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური