GE

საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ – რა შემთხვევაში მოუწევს სკოლას სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვა

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საჯარო სკოლებში საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყო. ამ საგნის შეტანა II, III და IV კლასებიდან რომელიმეში, ან სამივეში შეტანა სავალდებულოა. თუმცა როგორც ირკვევა, განათლების სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა და თუ სკოლას საგანი ვერც ერთ კლასში ვერ შეაქვს, ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  განცხადებით მიმართოს და მიზეზები განუმარტოს.

როგორც განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით, სანდრო ასათიანი განმარტავს, აღნიშნული გამონაკლისი სკოლების თხოვნის საფუძველზე დაუშვეს.

,,როგორც იცით ისტ-ი ისწავლებოდა 5-6 კლასში, შეიქმნა კიდევ სასწავლო გეგმა 6-7 კლასისთვის, მაგრამ პანდემიის პირობებში ბავშვებს უწევდათ კომპიუტერის გამოყენება პირველი კლასიდან. გაჩნდა კითხვა, რომ თუკი ბავშვი ონლაინ გაკვეთილებს უნდა დაესწროს და ეს ტექნოლოგიები გამოიყენოს,  სად უნდა ისწავლოს და როგორ უნდა იცოდეს ამ ყველაფრის გამოყენება. მოხდა ისე, რომ ეს საგანი ჩამოვიდა ქვემოთ და წელს სკოლებში შემოდის მეორე კლასიდან. მსგავსი ერთგვარი ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა, 400-ზე მეტს სკოლაში, რომელიც ახალი სკოლის მოდელშია ჩართული, ეს საგანი შემოვიდა მეორე კლასიდან”, – აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი.

როგორც ის აღნიშნავს, პირველ წელს სკოლას აქვს არჩევანი, რომ საგანი შემოიტანოს ერთ ან რამდენიმე კლასში, ანუ დაამატოს ეს საგანი მეორე, მესამე ან მეოთხე კლასში, ან მათგან ერთ-ერთში. კლასებს კი თავად ირჩევს რესურსებთან კოორდინაციით.

“ეს დათქმა გაკეთდა იმისთვის, რომ ბევრი სკოლისგან იყო თხოვნა, რომ დროს სჭირდებოდათ მოსამზადებლად. არის გამონაკლისის სკოლები, რომლის შენობაც იყო ავარიული და სხვა სკოლაში მოუწიათ შესვლა და გვთხოვეს, რომ რესურსი არ აქვთ. თუ სკოლას არ აქვს რესურსი ერთ კლასში მაინც შეიტანოს ეს საგანი, მან უნდა მიმართოს განცხადებით განათლების სამინისტროს და განმარტოს რატომ ვერ შემოაქვს“, – განაცხადა ასათიანმა და დასძინა, რომ საგნის სახელიც იცვლება, რადგან ისტ-ი ბევრისთვის გაუგებარი იყო.

ამავე თემაზე:

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლებში საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება – ვის შეეხება საგანი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური