GE

საგანმანათლებლო სფეროს წლის მთავარი მოვლენა – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023 გაიხსნა

საგანმანათლებლო სფეროს წლის მთავარი მოვლენა – კონკურსი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023 გაიხსნა. რამდენიმე თვიანი მარათონი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჯერ ათი, შემდგომ კი ხუთი საუკეთესო პედაგოგის გამოვლენას და საბოლოოდ, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე ერთი რჩეულის დაჯილდოებას გულისხმობს, დაწყებულია. შესაბამისად, უკვე შესაძლებელია ნომინირება და აპლიკაციის წარდგენაც მათთვის, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს, ან კონკურსში მისი საყვარელი პედაგოგი იხილოს.

გახსნით ღონისძიებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურმა მუზეუმმა უმასპინძლა, ორგანიზატორებმა ისაუბრეს კონკურსის პირობების, კამპანიის ეტაპების, ჟიურის, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ. შეხვედრაზე განათლების კოალიციასა და ალტე უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ალტე უნივერსიტეტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსა და ათეულის კლუბის პარტნიორი გახდა და 2023 წლის ფინალის დროს რჩეულ მასწავლებელსაც დააჯილდოებს.

რაც შეეხება პროცედურებს, კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის კონკურსანტთა ათეული გამოვლინდება, ხოლო მესამე ეტაპზე, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

კონკურსი, წელს, მეშვიდედ ტარდება და შესაბამისად, უკვე მეშვიდე წელია, მის წარმატებაზე იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი, განათლების კოალიცია ზრუნავს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე ამბობს, რომ ეროვნული ჯილდოს პოპულარობისა და პრესტიჟის ზრდას ყველაზე მთავარი და უტყუარი საზომით ზომავენ – თუ რამდენად შეცვალა მან საზოგადოების აღქმა მასწავლებლის პროფესიის მიმართ. ამბობს, რომ გასულმა ექვსმა წელმა თავისი კვალი დატოვა და მათი მიზანი – მასწავლებლის პროფესია უფრო დაფასებული გახდეს, ვიდრე აქამდე იყო, სრულდება.

„ეროვნულმა ჯილდომ შეძლო დაენახებინა საზოგადოებისთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მასწავლებელი და მისი მხარდაჭერა. თავად პედაგოგებშიც გაიზარდა სიამაყისა და პროფესიული ღირსების განცდა. მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ბევრი მასწავლებლისგან ისიც გვესმის, რომ მომდევნო წლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ახლა არ არიან მზად. ცდილობენ, თავიანთი საქმიანობა ისე წარმართონ, რომ ღირსეული აპლიკანტები გახდნენ. ეს ძალიან გვახარებს. ჩანს, რომ ამ ჯილდომ თამასა ზემოთ ასწია“, – ამბობს ირინა ხანთაძე EDU.ARIS.GE– სთან.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა არის წლევანდელი კონკურსის მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის, იგი შემდეგნაირად გვპასუხობს:

„ჩვენ გვინდა ევროპული განათლება და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ევროპის ნაწილი ვიქნებით – გამოვიდა, რომ ამ წლის მთავარი სათქმელი ეს იქნება. სწორედ ამისთვის ვიღწვით და ვმუშაობთ“.

აქვე, ირინა ხანთაძე მოუწოდებს პედაგოგებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ დაძლიონ მოკრძალება, შეავსონ აპლიკაცია და ჩაერთონ კონკურსში. მათ წასახალისებლად კოალიცია სხვადასხვა აქტივობასაც გეგმავს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებითა და მასში პედაგოგების მოზიდვით დაკავდებიან ათეულის კლუბის წევრებიც, გასული წლების საუკეთესო ათეულებში მოხვედრილი პედაგოგები. ისინი გეგმავენ, თავიანთ მუნიციპალიტეტებში კოლეგებს შეხვდნენ და კონკურსის მნიშვნელობასა და მასში მონაწილეობის აუცილებლობაზე ესაუბრონ.

„ჩვენი მოწოდება მთლიანად საზოგადოებისკენაა მიმართული. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, ამ უმნიშვნელოვანესი პროფესიის გაძლიერებაში წვლილი შეიტანოს თუნდაც იმით, რომ მისთვის ცნობილი კარგი მასწავლებელი წაახალისოს და კონკურსზე წარადგინოს, რაც ძალიან მარტივი პროცედურაა. ეს თითოეულ პედაგოგს დიდ მოტივაციასა და ძალას აძლევს“, – აცხადებს ირინა ხანთაძე.

იგივე მოწოდებას იზიარებს მარნეულის მეორე და მეხუთე საჯარო სკოლების მასწავლებელი, კონკურსის 2018 წლის ათეულის წევრი თემო სუყაშვილიც, რომელმაც მონაწილეობა ჯერ კიდევ 2017 წელს სცადა, თუმცა მაშინ არ გაუმართლა. ამას მის მოტივაციაზე არ უმოქმედია. ერთი წლის შემდეგ აპლიკაცია კიდევ შეავსო და ამჯერად ათეულის წევრიც გახდა. სწორედ ამიტომ, იგი პედაგოგებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველ ჯერზე არ გაუმართლებთ, არ დაყარონ ფარ-ხმალი და განაცხადი, თუ საჭირო გახდება, რამდენჯერმეც კი გააკეთონ.

„ის საქმე, რასაც სკოლაში ვაკეთებთ და რაც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი მოსწავლეების აღზრდა-განათლებას ემსახურება, არ უნდა იყოს დამალული. პირიქით, ჩვენი სამუშაო უნდა წარმოვაჩინოთ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრამ და შემდეგ უკვე კლუბში საქმიანობამ ცხოვრება მთლიანად შემიცვალა: გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები, მომეცა არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალება, გავხდი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი და ა.შ. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილი გამიჩინა, სტიმული მომცა.

„მცდარია შეხედულება, თითქოს მასწავლებლის საქმეს დამატებით გასაჯაროება და პიარი არ სჭირდება. პირიქით, რასაც ვაკეთებთ, უნდა წარმოვაჩინოთ, რათა თუნდაც ერთმანეთის გამოცდილება, იდეები გავიზიაროთ და ჩვენი სკოლების განვითარებას მოვახმაროთ. მოსწავლეების თვალითაც რომ შევხედოთ, ძალიან უხარიათ, რომ მათი მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, ან გამარჯვებულია“, – აღნიშნავს თემო სუყაშვილი.

გახსნით ღონისძიებას გასული წლის გამარჯვებული, როლანდ შავაძეც ესწრებოდა, რომელმაც იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რაც ამ სტატუსმა დააკისრა და აქვე იმ პოზიტიურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მის ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში კონკურსში მონაწილეობამ შემოიტანა. ამბობს, რომ ესაა შანსი, შენი შრომა უფრო სასარგებლო, ხოლო კარიერა – უფრო წარმატებული გახადო.

„ათეულის კლუბის წევრებმა ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელეთ ჩვენს სკოლებში, მუნიციპალიტეტებში. კოლეგებს არაერთი სიახლე გავუზიარეთ, კონკურსის პოპულარიზაციასაც ვეწევით. თავის დროზე, მეც ათეულის კლუბის ერთ-ერთმა წევრმა გამიწია რეკომენდაცია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გავუწიოთ სხვებს. ბევრ სკოლასთან მქონია შეხება და ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს, რომელთაც არ ვიცნობთ. ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და მათ არა მხოლოდ თავიანთი თემი უნდა იცნობდეს, არამედ ფართო საზოგადოებაც. თავიანთ გამოცდილებას უნდა გვიზიარებდნენ. ჩვენი მაგალითით უნდა დავარწმუნოთ ისინი, გამოვიდნენ ასპარეზზე, ჩაერთონ კონკურსში, რაც მათი შესაძლებლობების არეალს ბევრად გაზრდის“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას როლანდ შავაძემ.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს, რომლის შემადგენლობაში განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები შედიან. ჟიურის შემადგენლობა, წლების განმავლობაში, გარკვეულწილად შეიცვალა. წელს მას ორი ახალი წევრი ჰყავს – განათლების სფეროს სპეციალისტი, ერასმუს+-ის ნაციონალური ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი და მწერალი დავით გორგილაძე. ჟიურის უკვე სტაჟიანი წევრია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სკოლის ხელმძღვანელი სოფიკო ლობჟანიძე, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო პროფესიის პოპულარიზაციასა და განვითარებას თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარების გზით უწყობს ხელს და სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

„მასწავლებლების დიდი გულშემატკივარი ვარ და ეს, ალბათ, არცაა გასაკვირი, რადგან მე, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, მომავალი მასწავლებლების განათლებას უკვე მრავალი წელია, ვემსახურები. ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან მისი საშუალებით კარგი პედაგოგების გამოვლენა, მასწავლებელთა ქსელის ჩამოყალიბება და გამოცდილების გაზიარება ხდება. ვფიქრობ, ერთადერთი კონკურსია, რომელსაც ყავლი არ გასვლია და უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს დამოკიდებულია ჟიურის ობიექტურობაზეც და იმაზეც, რომ განათლების კოალიცია მას ძალიან კარგად უძღვება. მის ფარგლებში ხომ ბევრი კარგი აქტივობა ტარდება ისევ და ისევ სკოლის განვითარებისათვის“, – აღნიშნავს სოფიკო ლობჟანიძე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაარსების დღიდან, მისი მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც გარდა ფინანსური უზრუნველყოფისა, ორგანიზატორებს იდეებითაც ამარაგებს. ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, რომ ამ იდეებიდან საუკეთესოებს განათლების კოალიცია არჩევს და მათ ხორცშესხმაზე ზრუნავს.

„გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩვენი პრიორიტეტია. ასე შედეგი უფრო კარგად ჩანს. მყისიერ შედეგებზე ორიენტირებულები არ ვართ. გვირჩევნია, ისეთი პროექტები დავაფინანსოთ, რომელთაც ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება. ჩვენი პრიორიტეტი სკოლაა, სასკოლო განათლებაში კი, მიგვაჩნია, რომ მასწავლებელს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც, სასწავლო რესურსებიც, თუმცა, თუ გვექნება ეს, მაგრამ მასწავლებელი მოწოდების სიმაღლეზე არ გვეყოლება, შედეგს ვერ მივიღებთ. ეს კამპანია კი სწორედ იმას ემსახურება, რომ მადლობა გადავუხადოთ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეების მომავლის უკეთესობისკენ შესაცვლელად ძალისხმევას არ იშურებენ “, – აცხადებს ზურაბ კერვალიშვილი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებ-გვერდზე tprize.ge პედაგოგთა ნომინირება და აპლიკაციების მიღება დაწყებულია და 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ისევე, როგორც გასულ წლებში, მასწავლებლების წარდგენა, წელსაც, ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შეუძლიათ.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. სპონსორები ასევე არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, პირველი არხი/ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური