GE

„საინტერესო საკითხები მოვიდა, ისეთი, ცხოვრებაშიც რომ გამოვიყენებთ“ – აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდა ბიოლოგიაში დღეს, 14 ივლისს მხოლოდ ერთ სესიად ჩატარდა. არჩევითი საგნების სტატისტიკის მიხედვით, წელს ბიოლოგია მესამე ადგილს იკავებს – 3 600-ზე მეტი რეგისტრირებული აპლიკანტით. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე მხოლოდ 6%-მდე აპლიკანტი არ გამოცხადდა.

როგორც ბიოლოგიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, გამოცდა საშუალო სირთულის იყო და ყველა საკითხი საგამოცდო პროგრამიდან შეხვდათ.

„დახურული კითხვები რაც მოვიდა, ძირითადად ანატომიიდან იყო. ტესტში გვქონდა პრაქტიკული კითხვები, ის, რაც რეალურ ცხოვრებაშიც გამოსადეგია ყველა პროფესიის ადამიანისთვის. მაგალითად, ერთ კითხვას გავიხსენებ: მოცემული გახლდათ თავის ტვინის სურათი, ნახევარსფეროები იყო მითითებული და უნდა აღგვენიშნა, რომელი ნაწილის დაზიანება რას გამოიწვევდა. ასევე, იყო კითხა ჰორმონალურ ბალანსზე და ადამიანის ორგანიზმზე“, – იხსენებს ქეთი მიდელაშვილი.

ნინო ბერაძეს კი ღია კითხვების შინაარსი მოეწონა და თვლის, რომ გასულ წლებთან შედარებით, 2023 წლის ბიოლოგიის საგამოცდო ტესტის საკითხები ბევრად მრავალფეროვანი იყო:
„ძალიან მარტივი შეკითხვები იყო. როგორც მომავალი მედიკოსი, ვიტყვი, რომ საინტერესოდ მომეჩვენა ადამიანის სხეულის აგებულებასა და სხეულში მიმდინარე პროცესებზე დასმული ღია კითხვები.

ლიკა გოცაძეს ზუსტად იმდენი დრო დასჭირდა ტესტის შესასრულებლად, რამდენსაც თავდაპირველად ვარაუდობდა – 1 საათი და 15 წუთი. ისე კი, გამოცდას 2 საათი და 30 წუთი ეთმობა.

„გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე იყო კითხვა. მოცემული გვქონდა ფოტო და ციფრებით იყო აღნიშნული გულის გარკვეული ნაწილები. ჩვენ უნდა მიგვეთითებინა რომელი სარქველი რას უზრუნველყოფდა.

„კიდევ ბიოპოლიმერებზე იყო ღია შეკითხვა. სულ 40 კითხვა იყო შემოსახაზი და 10 ჩასაწერი. შევაფასებ, როგორც საშუალო სირთულის ტესტს“, – ამბობს გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი.

ბიოლოგიის გამოცდაზე აპლიკანტებს ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხებიც შეხვდათ.

„მაგალითად, ეკოლოგიური კვებითი ჯაჭვი უნდა აგვეგო. ასევე, კითხვები შემოვიდა მოლეკულებზეც. ღია კითხვები შედარებით რთული იყო, ვიდრე დახურული. მიტოზსა და მეიოზზეც მახსენდება 2 შეკითხვა. თავად საგამოცდო ტესტს შევაფასებდი როგორც საშუალო სირთულის“, – აღნიშნა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა EDU.ARIS-GE-სთან, რომელიც სწავლის გაგრძელებას კვებითი ტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 17 ივლისს, ისტორიის გამოცდით გაგრძელდება და ორი დღის განმავლობაში სამ სესიად ჩატარდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური