საკანონმდებლო თუ ზნეობრივი პრობლემა?! – სტაჟირების ქართული ტრადიცია და მოლოდინები
განუსაზღვრელი ვადით სტაჟირების საკითხი ქართულ რეალობაში ბევრისთვის მტკივნეული თემაა. პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა მისი გადაჭრის გზებზე საკანონმდებლო დონეზე მსჯელობა აქტუალობას ჯერ კიდევ ვერ იძენს.
ერთ–ერთი აქტივობა, რომელზეც აღნიშნული პრობლემა ღიად გააპროტესტეს და შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის საკითხი დააყენეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია იყო. “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები საპროტესტო ლოზუნგებით – “არა მონობას”, “სტაჟირება სამუშაო გამოცდილებაა”, “სტაჟიორი! – XXI საუკუნის მონა”, “პროფკავშირებს სძინავს” გამოვიდნენ და პარლამენტის დეპუტატებს სტაჟიორების უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.
აქციას დეპუტატებისგან მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, იცავს თუ არა ვინმე “მარადმწვანე” სტაჟიორების უფლებებს და რამდენად რეგულირდება პრობლემა არსებული კანონმდებლობით. თავად კანონმდებელთა ზოგიერთი წარმომადგენლისთვის კი საკითხი არა საკანონმდებლო, არამედ “ზნეობრივი პრობლემაა”.
Aris.ge–განათლება “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” იურისტს შოთა როსტომაშვილს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოში სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად არ ითვლება, რაც ცივილიზებული სამყაროს რეალობაში მიუღებელი ფაქტია. როსტომაშვილი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს სტაჟირების ზედა ზღვარი და დადგენილი ვადა, რის შემდეგაც სტაჟიორს უნდა ეთქვას დარჩება თუ არა ამათუიმ უწყებაში სამუშაოდ.
“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში” ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ სტაჟიორებს მონური სამუშაო პირობები აქვთ, ორგანიზაციების უმეტესობა სტაჟიორის მიერ შესრულებულ სამუშაოს თავის სასარგებლოდ იყენებენ და ხშირ სემთხვევაში, სტაჟიორები შტატიანი თანამშრომლების მიერ გასაკეთებელ საქმესაც აკეთებენ.
შოთა როსტომაშვილმა Aris.ge–განათლებასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ “სამოქალაქო ჩართულების ცენტრს” სპეციალური კანონპროექტი აქვს მომზადებული, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი სტაჟიორების უფლება–მოვალეობები და სტაჟირების პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურები. კერძოდ, შრომის კოდექსში ჩაიწერება სიტყვა-სტაჟიორი და ის იურიდიულად ცნობილი პირი გახდება. როსტომაშვილის თქმით, ორგანიზაცია აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტსაც წარუდგენს და შეეცდება სტაჟიორების უფლებებზე მსჯელობა საკანონმდებლო დონეზე გაიმართოს.
Aris.ge–განათლება დაინტერესდა, უშუალოდ სტაჟიორების პოზიციითაც, რომლებიც თვეების და ხშირ შემთხვევაში წლების განმავლობაში ასრულებენ სამუშაოს ანაზღაურების გარეშე.
როგორც აღმოჩნდა, სტაჟირების მხრივ შედარებით მოწესრიგებული ვითარებაა საჯარო სექტორში, სადაც არსებობს სტაჟირებისთვის განსაზღვრული კონკრეტული ვადები (3, 6 ან 12 თვიანი) და ამ ვადის გასვლის შემდგომ სტაჟიორი თავისუფლდება დაკავებული პოზიციიდან და თუკი მას სტაჟირების გაგრძელების სურვილი ექნება, საკუთარი ნებისამებრ შეუძლია დარჩეს სტაჟიორად მეორე ვადით.
განსხვავებული მდგომარეობაა კერძო სექტორში. არსებულ კანონმდებლობაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რა წესების დაცვით უნდა იხელმძღვანელონ კერძო კოპანიებმა სტაჟიორების აყვანისას, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდები უვადოდ ასრულებენ სამუშაოს და ანაზღაურებას არ იღებენ.
საკითხზე მუშაობისას Aris.ge–განათლება ერთ–ერთი კერძო ორგანზაციის სტაჟიორს ესაუბრა, რომელიც უკვე 2 წელი და 6 თვეა სტაჟირებას გადის.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ გააკონტროლოს კერძო კომპანიები, რომლებიც ჩემი და ბევრი ჩემნაირის შრომას უფასოდ იყენებენ. ვასრულებთ ზუსად იგივე სამუშაოს, რასაც ხელფასიანი თანამშრომლები და ბუნერივია, კომპანიებიც კარგად გრძნობენ თავს. უფასოდ აკეთებინებენ საქმეს ადამაინებს და თანხებს ზოგავენ. ვინმე რომ იცავდეს ჩვენ უფლებებს კერძო სექტორს ასეთი ქმედებების უფლება არ ექნებოდა. უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ვადა, რომლის მერეც გვეტყვიან – ან რჩებით სამუშაოდ, ან წადით სახლშიო. როგორ შეიძლება განუსაზღვრელი ვადით რაღაცის მოლოდინის რეჟიმში იყო და არც კი იცოდე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა ახლო მომავალში და საერთოდ, მიიღებენ თუ არა ოდესმე. ძალიან კარგია, რომ ეს საკითხი აქტუალური გახდა, ნამდვილად ბევრი ადამიანისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდება, თუკი ეს პრობლემა დღის წესრიგში დადგება და მოგვარების გზებზე მსჯელობა დაიწყება. ამით არამხოლოდ ახლანდელ სტაჟიორებს დაეხმარებით, არამედ მომავალ თაობებისთვისაც, ვინც შესაძლოა ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ოდესმე ხომ უნდა მიეხედოს ამ პრობლემას?!”.
თემაზე მუშაობისას Aris.ge-განათლება დეპუტატების პოზიციითაც დაინტერესდა. პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ადასტურებს, რომ კანონმდებლობაში არ არსებობს კონკრეტული პუნქტები, რომელიც სტაჟირებასთან დაკავშირებულ დეტალებს არეგულირებს, თუმცა თვლის, რომ აქციების მოწყობით საქმე ვერ გამოსწორდება.
“თუკი აქციის მონაწილეებს ჩვენი კომიტეტის თანადგომა სჭირდებოდათ, მოსულიყვნენ და რაღაცა გამოსავალს ვნახავდით. არ ვიცი პარლამენტის შენობასთან აქციის მოწყობას რა აზრი აქვს – ამას აკეთებენ ისეთ შემთხვევაში, როცა მომიტინგეებს არავინ ყურადღებას არ აქცევს. სტაჟიორებთან დაკავშირებით კანონში არაფერი არსებობს და რა უნდათ კონკრეტულად, რას ითხოვენ, უნდა ვისაუბროთ და გავიგოთ. მე რამდენადაც ვიცი, სტაჟირება ნებაყოფლობითია და როდესაც დაწესებულება სტაჟიორს იღებს, ის რაიმე ვალდებულებას არ კისრულობს. თავისთავად სტაჟირება იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა გარკვეული მიმართულებით გამოცდილებას იღებს. ის ამ დაწესებულებისგან ვერავითარ გარანტიას ვერ იღებს. მეორეა წმინდა ადამიანური მხარე – ახალგაზრდების მომავალზე ყველამ უნდა ვიფიქროთ. ეს საკითხი უფრო ზნეობრივ სიბრტყეში გადადის. საკანონმდებლო კი არა, უფრო ზნეობრივი პრობლემაა”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას ივანე კიღურაძემ.
კიღურაძე ასევე განმარტავს, რომ სტაჟირების წესებთან დაკავშირებული საკითხი არც ისე მარტივად გადასაწყვეტია და იგი პარლამენტის შესაბამის კომიტეტში სერიოზულ მსჯელობას საჭიროებს. მისივე თქმით, იგი მზად არის ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მოუსმინოს და გაეცნოს სტაჟირებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს.
“გააჩნია როგორი იქნება მათი კანონპროექტი. არც ერთი კომიტეტი ამის განხილვას თავს არ აარიდებს და თუ არ მიიღებს, ეს სხვა ამბავია – ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორაა შედგენილი კანონი”,– დასძინა კიღურაძემ.
როგორც აღმოჩნდა, “მარადმწვანე” სტაჟიორებს უვადოდ და უხელფასოდ მუშაობისგან კანონი არც პირდაპირი წესით იცავს და არც მათი სტაჟირების ვადების სწორად განსაზღვრას ავალდებულებს დამსაქმებლებს.
როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” სტაჟირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანონს უახლოეს მომავალში წარუდგენს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მსჯელობა დაიწყება. თუ რა გაგრძელება მოყვება ახალგაზრდებისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტის საკითხს, აღნიშნულით Aris.ge-განათლება მომავალშიც დაინტერესდება.
გიორგი არის© ხურცია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება