GE

„საკითხები ძირითადად საქართველოზე იყო“ – აბიტურიენტებმა გეოგრაფიის გამოცდა დაასრულეს

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის გამოცდა მეორე სესიით დასრულდა. პირველი სესიის მსგავსად აბიტურიენტები ტესტებს მარტივად აფასებენ და საგამოცდო ცენტრებს კმაყოფილები ტოვებენ.

რაც შეეხება საკითხებს, როგორც მათ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, არაპროგრამული ნაწილიდან ბორჯომში გაჩენილი ხანძარი მოვიდა და აბიტურიენტებს ამ თემის გარშემო კითხვებზე უნდა ეპასუხათ. დანარჩენი დავალებები, აბიტურიენტების თქმით, ძირითადად საქართველოს გეოგრაფიას შეეხებოდა.

133-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, გიორგი ჩაგუნავა: ,,ძალიან მარტივი ტესტი იყო, რეგიონებიდან მოვიდა კახეთი და უახლოესი მოვლენებიდან ბორჯომში შარშანწინდელი ხანძარი. დანარჩენი ჩვეულებრივად რუკები და დახურული შეკითხვები, რაც უფრო მეტად გამიადვილდა. ამ გამოცდით დამთავრდა ჩემი საგამოცდო თავგადასავალი და ბედნიერი ვარ.”

გიორგი სეფერიძე: ,,რეგიონებიდან მოვიდა კახეთი, სადაც მოსახლეობაზე იყო უფრო მეტი შეკითხვა და დიაგრამები უნდა აგვეგო. მსოფლიო გეოგრაფიიდან იყო გერმანიის ტერიტორიული ერთეულები და შესაბამის რუკაზე სამუშაო. მოვლენებიდან ბორჯომის ხანძარზე იყო შეკითხვები, მსგავსი დავალება მსოფლიოზე არ ყოფილა. დილით რომ ივნისის სტიქიაზე მოვიდა დავალება, ველოდი, რომ მსგავსი მოვიდოდა და ვფიქრობდი შესაძლოა ესეც ყოფილიყო. სამუშაო იყო, მაგრამ ისეთი არა რომ თავი ვერ გაგერთვა.”

მარიამ ვერულაშვილი: ,,უფრო მეტად რთულ გამოცდას ველოდი. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკზე მოვიდა დავალება. კითხვები იყო რა სტიქიური მოვლენების განვითარებას შეუწყო ხელი ამ ხანძარმა და როგორ შეიძლებოდა თავიდან აგვერიდებინა. ტოპოგრაფიული დავალებებიდან მხოლოდ ერთი იყო მსოფლიოდან, თითქმის ყველა დანარჩენი დავალება და შეკითხვა საქართველოს ეხებოდა.”

39-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, დავით კევლიშვილი: “საკმაოდ მარტივი ტესტი იყო, კახეთის რეგიონს ეხებოდა ძირითადი თემა, მოსახლეობა, რაიონები, კურორტები და ა.შ. მეორე თემა იყო 2008 წლის აგვისტოში ბორჯომის ტყის ხანძრის შესახებ, გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები უნდა დაგვეწერა. ასევე 2017 წელს რომ განმეორდა მსგავსი სტიქია ეს საკითხიც იყო. მსოფლიოს გეოგრაფიულ საკითხებს რაც შეეხება, ნატოზე მახსოვს კითხვა, გერმანიის მოსახლეობაზე და სამხრეთ ამერიკაში სასაუბრო ენებზე.”

გიორგი მაჩალაძე: “ამოვისუნთქე, არ მჯერა, რომ გამოცდები დავასრულე, წავალ ახლა სადმე და კარგად დავისვენებ. რაც შეეხება გეოგრაფიის გამოცდის საკითხებს, არ იყო რთული და არც სასკოლო პროგრამისგან განსხვავდებოდა. 2008 წლის ბორჯომის ტყის ხანძარზე იყო დასაწერი, მართალია ეს საკითხი კონკრეტულად ასე წიგნში არაა მოცემული, მაგრამ როდესაც გეოგრაფიაში სწავლობ სტიქიურ მოვლენებს, ბუნებრივია მისი დაკავშირება უნდა შეგეძლოს თანამედროვე მაგალითებთან. 2017-შიც იყო ბორჯომში ხანძარიო და მიზეზებზე უნდა გვესაუბრა. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი.”

თათია ვარდოშვილი: “ძირითადად საკითხები საქართველოზე იყო, მსოფლიოსაც ეხებოდა რამდენიმე კითხვა. უფრო დიდი ნაწილი კახეთს ეთმობოდა – ძალიან ბევრი შეკითხვა იყო მოსახლეობაზე, საქართველოს ტერიტორიის რა ნაწილი უჭირავსო და ა.შ. სტიქიურ მოვლენებზე იყო კითხვა და ეს უნდა დაგვეკავშირებინა 2008 და 2017 წლის ბორჯომის ტყის ხანძრებთან. ზოგადად რთული არ იყო, დავასრულე უკვე გამოცდები და მოლოდინის რეჟიმში ვარ. ყველაზე რთული მაინც ზოგადი უნარები იყო, სხვა არც ერთი საგანი არ გამჭირვებია. ყველას წარმატებას ვუსურვებ.”

მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 92%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 19 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით გაგრძელდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ანუკი წიწილაშვილმა და თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური