GE

„საკლასო ოთახში გაჭაღარავებულ მასწავლებლებს, შინ მხოლოდ დაყვედრებული ხელფასი მიაქვთ”

ცაულინა მალაზონია

საქართველოში პენსიონერ მოქალაქეს შეუძლია გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა პენსიონერი მასწავლებელი ყბადაღებული თემაა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ზოგისთვის სახელმწიფოს მართვა უფრო მარტივი ფენომენია, ვიდრე 25 მოსწავლისაგან შემდგარი კლასის. პენსიონერ მასწავლებელზე გიამბობთ.

სახლისკენ მიმავალ გზაზე შორიდან ვამჩნევ თავსაფრიან, მოხუც ქალბატონს, რომელიც შუადღისას ეზოდან გამოდის და გამვლელებს ემოციური ჟესტებით ესაუბრება. მას მხოლოდ ერთი რამ აშფოთებს – რატომ დააგვიანდა მეუღლეს შინ დაბრუნება.

სწორედ ამ დროს კი სკოლაში ზარი ირეკება და მუქი ფერის კოპწია კოსტუმში გამოწყობილი, თმაჭაღარა ცოლაკ პოღოსიანი ბოლო გაკვეთილს ამთავრებს, სამასწავლებლოში ჟურნალს თავის ადგილზე დებს, თავზე შავ ცილინდრს იხურავს და შენობიდან ფეხაკრეფით გადის. ყველამ იცის, რომ მეორე დილით ის პირველი იქნება, ვინც სკოლის ეზოში ზარის დარეკვას დაელოდება.

ცოლაკი ზაკის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მას არ უყვარს დაგვიანება, თავს პუნქტუალურ ადამიანად თვლის და ცხოვრების წესის შეცვლას მომავალშიც არ აპირებს. არც ჯულიეტა აპირებს რაიმეს შეცვლას – ის არასდროს შეწყვეტს ქუჩაში საყვარელი მეუღლის ლოდინს. -თეთრი ქუდი დაიხურე, რომ შორიდან დაგინახოო, – ხშირად სთხოვს ხოლმე.

ცოლაკ პოღოსიანის შრომითი ბიოგრაფია 60-იანი წლებიდან იწყება. სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ მის აღზრდილებს შორის ბევრია წარმატებული ადამიანი, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ. სოფლის ადრინდელ სკოლასაც იხსენებს, სადაც, კომუნისტების დროს, ორ ცვლაში, 400-მდე ბავშვი სწავლობდა. დღეს, მზარდი მიგრაციის გამო, ეს რიცხვი 75-მდე მერყეობს. პრაქტიკიდან ერთ კურიოზულ ფაქტს იხსენებს, როდესაც დირექციამ გამოცდაზე არგამოცხადებული მოსწავლის საძებრად გაუშვა და რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ბიჭი თონეში დამალული აღმოაჩინა. დაარწმუნა და სკოლაში დააბრუნა, რისთვისაც შემდეგ უკვე ზრდასრულისგან ბევრი მადლობა მიიღო.

როცა თაობებს ერთმანეთს ადარებს, პარალელების გავლება არ უჭირს. მისი აზრით, ადრე მოსწავლეები უფრო შრომისმოყვარე და ბეჯითები იყვნენ, თუმცა დამოუკიდებლად გზის გაკაფვა უჭირდათ. ახლანდელი თაობა თავის შესაძლებლობებს კარგად ითავისებს, მაგრამ სწავლაზე ნაკლებ დროს ხარჯავს.

5 ათეული წელი სკოლაში მოსწავლეების აღზრდას შეალია. თუმცა არაქართულენოვანი სკოლებისთვის კარგად ნაცნობი პრობლემა აქაც სახეზეა – ჯერჯერობით არ ჩანს კადრი, ვინც მას სკოლაში ჩაანაცვლებს.

კითხვაზე, თუ როდის აპირებენ დასვენებას, ცოლაკი კატეგორიულად ამბობს: დასვენება არ მინდა, ვიცი, რომ სანამ ვიმუშავებ, მანამ ჯანმრთელად ვიქნებიო. უწინდებურად, ყოველ დილით 6 საათზე დგება და სახლიდან ენერგიით სავსე გადის. ყველაზე უინტერესო მისთვის შაბათ-კვირაა. არ უყვარს ის დღე, როცა არ მუშაობს. ადრე ნარდს მეზობლებს ეთამაშებოდა. ახლა მეზობლები აღარ ჰყავს.

მისი საყვარელი ქართული სიტყვა “გენაცვალეა”. სხვა ტრენინგებთან ერთად სახელმწიფო ენის კურსებიც დიდი მონდომებით გაიარა, მაგრამ დღესაც განიცდის, რომ გამოცდაზე ცუდად გახდა და სერტიფიკატის აღება ვერ შეძლო.

50 შთამბეჭდავი და ამავე დროს მრგვალი საიუბილეო თარიღია. მალე, ალბათ, თავისთავად დადგება დასვენების დრო. საქართველოს განათლების სისტემა ღვაწლმოსილი მასწავლებლების საიუბილეო თარიღების აღნიშვნის პრაქტიკას არ ცნობს, არ უხდის მათ მადლობას, არ აჯილდოვებს. მხოლოდ სკოლის პერსონალის “გადაბერებაზე” ხდება მუდმივად აპელირება, ხოლო იმ ქალბატონებსა და ბატონებს, რომლებიც სკოლებში სიჭაბუკის ხანაში შემოვიდნენ და საკლასო ოთახებში გაჭაღარავდნენ, ამდენი წლის სამსახურის სანაცვლოდ შინ მხოლოდ დაყვედრებული ხელფასი მიაქვთ.

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური