GE

საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში უქმე დღეები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები

უქმე დღეებისთვის განსაზღვრული პერიოდი 12 მაისს იწურება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს ვადა გახანგრძლივდეს და შესაბამისად, 12 მაისის შემდეგაც არ განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, არ იმუშაონ ბაღებმა და სკოლებმა და ასევე, არ აღადგინონ მუშაობა სხვა საჯარო დაწესებულებებმა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს კატეგორიულად არც გამოურიცხავს და არც დაუდასტურებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ ამ საკითხზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მისი დასრულების შემდეგ მიიღებს საზოგადოება პასუხს კითხვაზე – გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში უქმე დღეები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები?

მინისტრის განცხადებით, უქმე დღეებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი დადებითობის მაჩვენებელი იყოს.

„ხვალ გვექნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია. მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია. თქვენ იცით, რომ ტურიზმის ინდუსტრია ვაქცინაციის თვალსაზრისით პრიორიტეტულია. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად მიდის პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 6.03%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 6.48%. კოვიდინფიცირების დღიური დადებითობის მაჩვენებლის კრიტიკულ ზღვრად 4% მიიჩნევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. საკოორდინაციო საბჭომ 4-11 მაისი უქმე დღეებად 9 აპრილს გამოაცხადა. ამასთან, საბჭომ დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა. მოგვიანებით, 16 აპრილს, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომლებზეც უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება.

წყარო: tv imedi

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური