GE

პედაგოგთა, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 16 მარტს დაიწყება – პროცედურა და სიახლეები

16 მარტიდან მასწავლებლების (პედაგოგობის მსურველთა), საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აპლიკანტებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (online.naec.ge; www.naec.gov.ge ). რეგისტრაცია 12 აპრილს დასრულდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატს არჩეული ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა: შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით. ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

“მაგისტრანტობის მსურველთათვის დეტალურ ნფორმაცია ჩვენ ვებ-გვერდზეა განთავსებული.  დიდი იმედი მაქვს, რეგისტრაციამდე ინსტრუქციებს დეტალურად გაეცნობიან და ყურადღებას მიაქცევენ იმ სიახლეებს, რომლებსაც წელს მაგისტრობის მსურველებს ვთავაზობთ – დაფინანსებასთან დაკავშირებით და არა ტესტის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.

“შინაარსობრივად, ტესტი კვლავ სამი ტიპის იქნება და მაგისტრობის მსურველმა იგი მიმართულებების მიხედვით უნდა აირჩიოს.  შარშან 11 მიმართულება იყო, რომლის მიხედვითაც საგამოცდო ტესტის ტიპი განისაზღვრებოდა, წელს კი 12 იქნება . აქამდე საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფიზიკა- მათემატიკა ერთ მიმართულებაში იყო მოქცეული, ახლა კი საინფორმაციო ტექნოლოგიები ცალკე იქნება და ფიზიკა-მათემატიკა ცალკე. შესაბამისად, დაფინანსებაც ცალ-ცალკე მოხდება. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ მაგისტრობის მსურველებმა, როდესაც საგამოცდო ტესტის კონკრეტულ ტიპს აირჩევენ,” – აღნიშნა მიმინოშვილმა.

სიახლეა მასწავლებელთა (პედაგოგობის მსურველთა) გამოცდებზეც – რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებს, მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს (პედაგოგობის მსურველებს) . ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს კი გამოცდების საკუთარ ენაზე ჩაბარების საშუალება ეძლევათ.

“ ჩემი აზრით, მუსიკის პედაგოგებს საკმაოდ საინტერესო გამოცდა ელით წინ. ისინი ჩააბარებენ თეორიულ ნაწილსაც – მუსლიტერატურას და ასევე  იქნება მოსმენის ნაწილიც. ანუ, საგამოცდო ტესტი სწორედ იმას მოერგო,  რაც მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითაა განსაზღვრული. მათ კონკრეტული ნაწარმების მოსმენა და ამ ნაწარმოებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ. ასევე, საგამოცდო ტესტი მზადდება ფიზიკური აღზრდის პედაგოგებისთვისაც. მათაც თეორიული ნაწილი უნდა ჩააბარონ და არა ნორმატივები.

“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენი ეთნიკური უმცირესობის პედაგოგებისათვის, რომლებიც საგნებს არაქართულენოვან სკოლებში ასწავლიან, ტესტი თავიანთ ენაზე მომზადდება. ანუ, პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი  საგანი აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩააბარონ.

“ეს გამოცდები წელს პირველია და იმედი გვაქვს, რომ პედაგოგებს არანაირი პრეტენზიები არ ექნებათ. ჩვენი აზრით, მართლაც საინტერესო ტესტური დავალებები გამოვიდა,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

როგორც ცნობილია, 2016 წელს აპლიკანტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ, რაც მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს (აპლიკანტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს).

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევი

სად ვნახო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებზე წინა წლებში გამოყენებული ტესტები?

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური