სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის“ მასშტაბურობას მედიის გარეშე აანონსებს – რა წერია პრეს–რელიზში
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენტაცია გამართა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, „შეხვედრას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ“, მაგრამ მედია ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა.
არადა, ახალი სკოლის მოდელთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დასასმელი კითხვების გაორმაგება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელლდა, რომ პროექტის გაუქმება იდგა დღის წესრიგში.
რას გვეუბნება სამინისტროს რელიზი:
ეკა დგებუაძის თქმით, 2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების ახალ ეტაპზე გადადის. იგი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში შევა და იმპლემენტაციის პროცესი 2024 წლისათვის დასრულდება. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ექსპერტთა ჩართულობით გაანალიზდეს „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების პირველი ეტაპი, რომელიც 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 165 სკოლაში 2020 წლის შემოდგომამდე მიმდინარეობს. ეს მოსამზადებელი ეტაპი „ახალი სკოლის მოდელის“ ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას, პროექტის იმპლემენტაციისათვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწასა და მომავალი გაფართოებისთვის მომზადებას გულისხმობს. ეს არის ის ფუნდამენტი, რასაც 2020-21 ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური ეტაპი უნდა დაეფუძნოს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, გაიზრდება პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობაც. თუკი აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის 5-9 კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვებიან.
იმისათვის, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით ეფექტურად განხორციელდეს, დაგეგმილია პროცესის დეცენტრალიზება რესურსცენტრების ჩართულობით. კერძოდ, შეიქმნება ექსპერტების ჯგუფები რეგიონების მიხედვით. 14 საგნობრივი ექსპერტისაგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი რესურსცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში, გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ. ექსპერტები, რომელთა შერჩევა კონკურსის წესით გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპების გავლის საფუძველზე მოხდება, სკოლებში თანაშემწეებთან ერთად იმუშავებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისაგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა. შესაბამისად, განათლების რეფორმის კონცეფცია საკლასო ოთახიდან იწყება და მისი ჩამოყალიბების პროცესში ჩართული არიან როგორც საჯარო სკოლისა და რესურსცენტრების, ასევე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაცია არის ცოცხალი პროცესი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები. სკოლაში მოსწავლემ უნდა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა. მან იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი უნდა იყო პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.
„ახალი სკოლის მოდელი“ სკოლების შეფასებასაც გულისხმობს სასკოლო კულტურისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვით. შედეგად, განისაზღვრება სკოლების ინდივიდუალური პროფილები, რომლებშიც ისახება მათი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები. მსგავსი ტიპის შეფასებები საშუალებას აძლევს სკოლას, დაინახოს რეალური სურათი და დაგეგმოს კონკრეტული აქტივობები არსებული გამოწვევების დასაძლევად.
რელიზის შინაარსი კიდევ ახალ კითხვებს აჩენს იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელზეც აქ არის საუბარი და იმედს ვიტოვებთ, რომ ერთი შეხვედრა მაინც, რაც ჩხენკელი მეორედ გამინისტრდა, მედიისთვისაც გაიმართება და უწყების მაღალჩინოსნები აღარ დაემალებიან კითხვებს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება