GE

სამინისტრო: განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგია საჯარო განხილვის შემდეგ, 2021 წლის ბოლომდე დამტკიცდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 18 მაისს გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ “განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის შემდეგ 2021 წლის ბოლომდე მოხდება მისი დამტკიცება”.

უწყების განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ 2020 წლიდან თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აქტიურად განაგრძობს „განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია 2022-2032“ შემუშავების პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დოკუმენტი შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან.

2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს: ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება და მეცნიერება. ახალ სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველა საერთაშორისო ვალდებულება”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და თამარ ქიტიაშვილმა, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ტიბორ დრაშკოვიჩმა და სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

“ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის, ასევე, კარგი მმართველობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განმტკიცებას. 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავება დიდი პასუხისმგებლობაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის”, – განაცხადა სამინისტროს ინფორმაციით ეკატერინე დგებუაძემ შეხვედრის ფარგლებში.

ტიბორ დრაშკოვიჩის განცხადებით კი, განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებას სჭირდება ყველა ჩართული მხარის აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა.

“სტრატეგიის შემუშავების პროცესიც შესაბამისად არის დაგეგმილი. მოხარულები ვართ, რომ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ამ რთულ პროცესში და ხელი შევუწყოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“, – აღნიშნა ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ტიბორ დრაშკოვიჩმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური