სამინისტრო ისევ დროს ითხოვს – როდის შეიცვლება უმაღლესების დაფინანსების მოდელი და რატომ ხანგრძლივდება არსებული
„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხი დღეს პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტზე გავიდა.
საკითხი ეხება განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც დღეს არსებული მოდელი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის ოდენობისა და გრანტების გაცემის შესახებ 2021-2022 წლამდე უნდა შენარჩუნდეს.
სტუდენტებისთვის გრანტების გაცემის დღეს არსებული წესი კიდევ ორი წლით ხანგრძლივდება
საკითხი კომიტეტზე მინისტრის პირველმა მოადგილე ირინე აბულაძემ წარადგინა და აღნიშნული ინიციატივის მიზეზიც განმარტა იმ ფონზე, რომ დაფინანსების წესის ცვლილებას საზოგადოება ჯერ კიდევ შემოდგომაზე ელოდა. მინისტრის მოადგილის პასუხიდან ნათელი გახდა ისიც, რომ თუ პროცესი ჯეროვნად არ წარიმართა, შესაძლოა არსებული მოდელის გახანგრძლივება 2 წლის შემდეგაც დადგეს დღის წესრიგში.
„2005-2006 სასწავლო წლიდან დადგენილი იყო პროცედურა, სადაც მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსების მაქსიმალური ჭერი და იცით, რომ ეს არის 2 250 ლარი, რომელსაც ებმის სახელმწიფო გრანტიც. ეს ჩანაწერი ფუნქციონირებდა 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებისათვის, თუმცა, ვინაიდან უკვე გადავდივართ 2020 წელში, ამ ეტაპზე, დეკემბერი-იანვრის თვეში უნივერსიტეტები უკვე წარმოადგენენ შესაბამის კითხვარებს თავიანთი საფასურების შესახებ და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ეს საფასური დადგენილი იყოს“, – თქვა აბულაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთის მხრივ საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს, რომ არ შეექმნას პრობლემა და მეორეს მხრივ სტუდენტს გაძვირებული სწავლის საფასურის, თუ სხვა დიფერენცირებული დაფინანსების სისტემების შემოღების პროცესში.
„თუ რატომ გახდა აუცილებელი, რომ გამარტივებული წესით შემოსულიყო, გეტყვით, რომ ჩვენ ეს გეგმებში 2019 წელსვე გვქონდა. თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენ ვმუშაობდით მსოფლიო ბანკთან ერთად უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით განხილვებზე, და იცით, რომ განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის მიღწევებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე გადასვლის ვერსია. თუმცა საბოლოოდ, შევჯერდით ისე, რომ იმისათვის, რომ არ შეიზღუდოს სტუდენტების უფლებები, იმისათვის, რომ უნივერსიტეტებს მივცეთ დრო, რათა დააკმაყოფილონ ის კონკრეტული ინდიკატორები, რომელიც შემუშავებული არის, ამისთვის საჭირო არის დრო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3-4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ სრულად გადავალთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს გრანტების დიფერენცირებულ მიდგომას, მაგალითად სადაც სხვადასხვა დარგი სხვადასხვა საფასური ღირს და ა.შ, თუმცა ეს თემა არის დასამუშავებელი და მანამ, სანამ საბოლოო ჯამში არ გადაწყდება და არ დაითვლება ბიუჯეტურად ეს გარდამავალი 4-წლიანი გეგმა, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას გაუგრძელდეს უფლებამოსილება, რომ 2021-წლამდე კვლავ დაადგინოს იგივე საფასური, რაც იყო აქამდე 2250 იმისათვის, რომ უნივერსიტეტებმა, ასე ვთქვათ თუ მთავრობა არ იქნება ამის დამდგენი უნივერსიტეტმა თავად განსაზღვროს საფასური. ამიტომაც ვითხოვთ 2 წლით ვადის გახანგრძლივებას მთავრობის უფლებამოსილების შესახებ, რომ მან განსაზღვროს სწავლის საფასური“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა და მასზე მუშაობაც პარლამენტთან კონსულტირებით, 3-4 წლის განმავლობაში დასრულდება.
„მსოფლიო ბანკის პროექტი არის მხარდამჭერი დაფინანსების ახალ უმაღლესი განათლების მოდელზე გადასვლის პროექტისა, ეს სესხი ეფექტური გახდა დეკემბერში და 11 მილიონი აშშ დოლარი არის განსაზღვრული 4-წლიან პერსპექტივაში იმისათვის, რომ უმაღლესებს ხელი შევუწყოთ ახალი დაფინანსების მოდელზე გადასვლისთვის. 2020 წელი იქნება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ კრიტერიუმებზე და იმ ინდიკატორებზე რა უნდა დააკმაყოფილოს უნივერსიტეტმა 4 წლის შემდეგ რომ მიიღოს დაფინანსება. ახლანდელი დაფინანსების მოდელი რადგან მიბმულია უშუალოდ სტუდენტების რაოდენობაზე, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ხარისხის ელემენტები დაფინანსების ამ მოდელში არ არის გათვალისწინებული და საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებაც არის ის, რომ უნდა არსებობდეს პერიოდი, როდესაც ჩვენ გავაძლიერებთ უნივერსიტეტებს იმისათვის, რომ მათ ხარისხობრივი ინდიკატორების შესრულება შეძლონ. ჩვენ უნდა გვქონდეს დრო ამ 2 წლის განმავლობაში, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ ვადებზე და თუ შევთანხმდებით, რომ გვაქვს ამის მზაობა, რომ 2022-2023 წლიდან მოდელი უკვე ეტაპობრივად ავამუშაოთ, წავალთ ამ გზით, თუ არადა, ისევ განვიხილავთ იმ შესაძლებლობას, რომ ან გაუხანგრძლივდეს მთავრობას ეს ვადა, ან საფასურის ოდენობა შეიცვალოს, ეს უკვე ახალი საბიუჯეტო პარამეტრებიდან და პოლიტიკიდან იქნება გამომდინარე, რაც 2021 წლისთვის გვექნება“, – განმარტა ირინე აბულაძემ.
გამოსვლის დასასრულს, კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ კომიტეტს წარდგენილი საკითხისადმი არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს და აქვე მინისტრის მოადგილეს უთხრა, რომ ის პარლამენტში ელის განათლების მინისტრს და „იმედი აქვს, რომ მინისტრი რაიმე რეფორმას წარმოადგენს“.
სტუდენტებისთვის გრანტების გაცემის დღეს არსებული წესი კიდევ ორი წლით ხანგრძლივდება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება