სტუდენტებისთვის გრანტების გაცემის დღეს არსებული წესი კიდევ ორი წლით ხანგრძლივდება
განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უმაღლესების დაფინანსების ცვლილების შესახებ პრეზენტაციას შემოდგომაზე გეგმავდა. EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ეს საკითხი უახლოეს დღეებში საზოგადოებისთვის საპრეზენტაციოდ არ გამოდის და ამ საკითხზე უცნობია განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის პოზიციაც, რომელმაც სამინისტროში უმაღლესი განათლების მიმართულება ჩაიბარა.
ზემოაღნიშნულის სანაცვლოდ კი, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ცვლილება მომზადდა, რომლის მიხედვითაც, დღეს არსებული მოდელი უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის ოდენობისა და გრანტების გაცემის შესახებ 2021-2022 წლამდე უნდა შენარჩუნდეს.
„საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით”, – ვკითხულობთ კანონპროექტში.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უნდა უზრუნველეყოთ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება. აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება ზემოაღნიშნულ ნორმაში და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის ვალდებულება გახანგრძლივდეს 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით.
„გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებამდე პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ვადის (ვალდებულების) გახანგრძლივება მომდევნო ორი სასწავლო წლის განმავლობაშიც, აუცილებელია, ცვლილება შევიდეს ამავე კანონში და 2018-2019 სასწავლო წლის პერიოდი შეიცვალოს 2021-2022 წლით”, – ასეთია სამინისტროს არგუმენტი ცვლილებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ცვლილება, მხოლოდ იმის დასტურია, რომ მთვარობას, განათლებისთვის, რეალურად არ სცალია.
„სწავლის საფასური სახელმწიფო უნივერსიტეტებში რომ 2250 ლარია, ხომ იცით? ჰოდა, ეგ განსაზღვრული იყო კანონით 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით. ეს გადასახადი ემთხვეოდა 100% სახელმწიფო გრანტის ოდენობას.
ყველა ლოგიკით, წელს უნდა მომხდარიყო ამ გრანტის საფასურის გადახედვა. ნორმალური მთავრობა გაზრდიდა სწავლის საფასურს (და გაზრდიდა ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას, რომ ვისაც არ შეუძლია, მათ დახმარება მიეღოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თემაზე იქნებოდა დისკუსია, იდეების გაცვლა და ა.შ., რაც ნორმალური იქნებოდა. პოპულისტები გაიაფებას მოითხოვდნენ, რაციონალური ხალხი ფასის აწევას და დიფერენციაციას და ა.შ… რას შვებიან ქოცები? კანონში შეაქვთ ცვლილება და დღევანდელ მოდელს ახანგრძლივებენ 2021-2022 წლებამდე. არ ცალიათ ახლა”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.
როგორც პარლამეტისთვის გაგზავნილ დოკუმენტში ვკითხულობთ, სამინისტრო ცვლილებების გამარტივებულად და დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, რაც გულისხმობს, რომ კანონპროექტს დეპუტეტების მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევვაში ერთი მოსმენით მიიღებენ. საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების შესახებ მომხსნებელი კი მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე იქნება.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება