GE

სამინისტრო სკოლაში დამატებითი წიგნის შეტანას დაუშვებლად მიიჩნევს, ძირითადი სახელმძღვანელო კი კრიტიკას ვერ უძლებს

საჯარო სკოლებში ხშირია შემთხვევები, როცა მოსწავლე იღებს უფასო სახელმძღვანელოს, თუმცა პედაგოგები გარკვეულ საგნებში მათ დამატებითი წიგნების შეძენას სთხოვენ. მაგალითად აკაკი შანიძის და ლეო კვაჭაძის ქართული ენის გრამატიკა, რომელიც სამინისტროს მიერ გრიფირებული არ არის, სკოლების ნაწილში გამოიყენება და მოსწავლეებს შეფასებას სწორედ ამ წიგნის მიხედვით უწერენ. მოსწავლეებს დამატებით სახელმძღვანელოების შეძენა უწევთ მათემატიკაშიც.

მშობლების ნაწილიედ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ ფაქტს მიესალმებიან, ნაწილი კი აპროტესტებს.

“როდესაც ვნახე გრიფირებული გრამატიკის წიგნი, ცუდად გავხდი, ფაქტობრივად არაფერს არ ასწავლიან ბავშვებს. მშობლებმა მოვითათბირეთ და ვთხოვეთ პედაგოგს დამატებითი სახელმძღვანელო შეერჩია, გვითხრა შანიძის გრამატიკა და მე-5 კლასის მერე ყოველ წელს ვყიდულობთ, ამით სწავლობენ და ნიშნებსაც ამ წიგნის მიხედვით უწერენ”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი ჩვენთან საუბარში.

კიდევ ერთი მშობლის თქმით კი, როდესაც მშობელთა კრებაზე მასწავლებელს უთხრა, რომ შანიძის გრამატიკა მე-6 კლასელისთვის რთულია, მიიღო პასუხი, რომ “სხვა მშობლებს ასე უნდათ და პრეტენზიებს ვერ მიიღებს”.

“პედაგოგი გვეუბნება რომ ამ დამატებითი წიგნით ჩვენ შვილებს უკეთებს კარგ საქმეს, რადგან ეროვნულ გამოცდებზე სწორედ აქედანაა საკითხები. ესეც მიუღებელია ჩემთვის, თუ წიგნი აქვს სამინისტროს გრიფირებული ასწავლე ამ წიგნით და გამოცდის საკითხებიც აქედან შეადგინე. როდესაც კრებაზე ვთქვი, რომ მოსწავლისთვის ცოტა რთულია ეს გრამატიკა და ახალ წიგნში უფრო მარტივი და გასაგებია ყველაფერი, მასწავლებლისგან მივიღე პასუხი რომ ვერ მიიღებს პრეტენზიებს. მშობლებიც გაჩუმდნენ და გამოვიდა ისე, რომ მხოლოდ ჩემს შვილს ჰქონდა პრობლემა. იყოს დამატებითი წიგნი, კი ბატონო, მაგრამ შეფასებას რომ ამის მიხევდით  უწერენ ბავშვებს არასამრთლიანად მიმაჩნია”, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

დაშვებულია თუ არა სკოლებში დამატებითი სახელმძღვანელოების შეტანა ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეს ირინა აბულაძეს მიმართა.

ირინა აბულაძე უარყოფს, რომ ზოგიერთი სახელმძღვანელო ნამდვილად საჭიროებს სხვა წიგნით შევსებას, თუმცა აქვე ამატებს, რომ სკოლამაც და პედაგოგებმაც დამატებითი რესურსების სახით უნდა გამოიყენონ ის მასალები, რაც ღია და ხელმისაწვდომია.

„ის წიგნები, რომლებიც გრიფირებულია აბსოლუტურად შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, არანაირი საჭიროება არ არის რომ მას სჭირდებოდეს შევსება სხვა სახელმძღვანელოებით. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მასწავლებლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მოითხოვონ დამატებითი მასალა რაღაც კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ  არა, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება სახელმძღვანელოს შეძენის ვალდებულება დაეკისროს მოსწავლეს. სკოლა და მასწავლებელი პირველ რიგში უნდა ცდილობდნენ, რომ გამოიყენონ ღია რესურსები, რომლებიც არ არის ფასიანი. ჩვენ ავამუშავეთ ახალი პორტალი el.ge სადაც უამრავი რესურსია სხვადასხვა უნივერსიტეტების,ეროვნული ბიბლიოთეკის თუ სხვა ორგანიზაციების მიერ  შექმნილი. ეს არის ერთეული შემთხვევები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება სკოლის ადმინისტრაციამ და ამ ერთეული შემთხვევების გამო, არ უნდა იქნას აღქმული არასწორად უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რაზეც ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან. განათლების კომპლექსური რეფორმის შემდეგ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტი დამხამარე რესურსები იქნას მობილიზებული “, – ამბობს ირინა აბულაძე.

მისივე თქმით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა აქტიური მონაწილება მიიღონ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში და დაინტერესებულმა პირებს ურჩევს სკოლის ადმინისტრაციას მიაკითხონ.

„ერთი ელემენტი, რომელიც ჩვენ შარშან დავამატეთ გრიფირების პროცესს, არის მშობლების ჩართულობა, ჩვენ მოვუწოდეთ ყველა სკოლას, წარმოედგინა ერთი მშობელი, ბევრმა შეასრულა თხოვნა, მაგრამ რაღაცნაირად დიდი აქტიურობა არ იყო. მათ უნდა უზრუნველყონ აქტიური მშობლების მოძიება. მშობლებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ჩაერთონ ამ პროცესში, აუცილებლად მიმართონ სკოლას და სკოლამ უნდა შეარჩიოს ერთი მშობელი, რომელიც ჩართული იქნება გრიფირების პროცესში“, – აცხადებს ირინა აბულაძე.

მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში პედაგოგების ინფორმირებულობაზე სკოლამ აქტიურად უნდა იზრუნოს.

„რაც შეეხება სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესს, ეს უკვე სკოლის პრეროგატივაა. ჩვენის მხრივ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქნება ღია და ხელმისაწვდომი. ამის განთავსებას და გრიფირებული სახელმძღვანელობის გამოქვეყნებას ჩვენ უზრუნველვყოფთ. სკოლის ადმინისტრაციის ფუნქციაა, რომ მოაწყოს განხილვები სკოლის დონეზე. სხვათაშორის თავად გამომცემლობებიც აორგანიზებენ ხოლმე ასეთ შეხვედრებს, ჩვენ ამას არ ვზღუდავთ. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და ასევე მშობელბს, როგორც შეფასების, ასევ შერჩევის ეტაპზე“, – აღნიშნავს ირინა აბულაძე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური