GE

სამინისტრო სკოლებს: თითოეული მოსწავლე ასაკის შესაბამისად და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს ამ საკითხებზე

15 თებერვლიდან სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლების შესახებ დეტალურ რეკომენდაციებთან ერთად, განათლების სამინისტრომ სკოლებს იმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა საკითხებზე უნდა იყოს მშობელი და მოსწავლე საქმის კურსში სკოლის ჩართულობით:

“სასკოლო საზოგადოების (სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული სკოლის პერსონალი, მოსწავლეები, მშობლები) თითოეული წევრი უნდა ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას მასზედ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. კლასის დამრიგებელი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საკლასო ჯგუფის თითოეულ მშობელს და მიიღოს უკუკავშირი”, – წერს განათლების სამინისტრო.

დეტალურად აღწერილი ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით (სკოლის ფეისბუკ გვერდით, ელფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, TEAMS-ით, თვალსაჩინო ადგილას გამოკვრით, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებით) უნდა მიეწოდოს სასკოლო საზოგადოებას (სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ სკოლის პერსონალს, მოსწავლეებს, მშობლებს):

1. როგორ არის უზრუნველყოფილი სკოლა სპეციალური აღჭურვილობებით: დეზობარიერით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით.

2. როგორია სველი წერტილების მდგომარეობა: აღწერილობა, ფოტო/ვიდეო მასალა.

3. როგორ ნაწილდებიან საკლასო ჯგუფები ცვლებში: კლასების მიხედვით სწავლის დაწყების და დასრულების დრო, გაკვეთილის ხანგრძლივობა, შესვენება.

4. როგორ არის ორგანიზებული ნაკადების შესვლა სკოლის ეზოსა და შენობაში, გადაადგილება და გასვლა (თვალსაჩინო სქემები ან ფოტო/ვიდეო მასალა სკოლაში გადაადგილებასთან დაკავშირებით).

5. როგორ არის უზრუნველყოფილი თერმოსკრინინგი.

6. სკოლის პერიმეტრზე: ეზოში, შენობის საერთო სივრცეებში, საკლასო ოთახში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები: ვისთვის, სად და როდის არის სავალდებულო ან სკოლის მიერ რეკომენდებული.

7. როგორია სკოლის სტრატეგია მშობლებთან კომუნიკაციისთვის (დამტკიცებული დოკუმენტი): სკოლის მიერ გაწერილი განრიგი მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად (დისტანციურად).

აღნიშნული პროცესების მართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი ან სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება Covid-19-ის პანდემიასთან ასოცირებული გამოწვევების და სკოლაში განხორციელებული ან/და დაგეგმილი საოპერაციო ცვლილებების შესახებ.

თითოეული მოსწავლე ასაკის შესაბამისად და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე:

  • საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის ყველა პერსონალი დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით გადის პერიოდულ ტესტირებას.
  • მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი: სკოლაში გამოცხადების დრო, გაკვეთილების ცხრილი, მოსწავლისთვის განკუთვნილი შესასვლელი და გასასვლელი, სსსმ მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგი.

დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის:

– ონლაინ ჯგუფების მომსახურება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ზესტაფონი, გარდაბანი, ფოთი, მარნეული, გორი, ბათუმი და ქობულეთი – დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის/დისტანციური სწავლებიდან დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების მიზნით ვებგვერდზე www.Online.emis.ge როგორც მშობელს, ასევე, სკოლას მოქმედების შესრულების შესაძლებლობა ექნება ყოველი კვირის ოთხშაბათს. მოსწავლის მშობელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. ონლაინ ჯგუფს შესაძლოა ასწავლიდეს სკოლის სხვა მასწავლებელიც.

– ნებისმიერი სკოლის მოსწავლეთა უმეტესობის მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროსთან შეთანხმებით არაუმეტეს 2 კვირისა.

სკოლის მოვლა-პატრონობის, დალაგება-დასუფთავებისთვის გატარებული ღონისძიებები:

რა საშუალებებით და რა სიხშირით ლაგდება სკოლა: საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, საერთო სივრცეები; როგორ არის აღჭურვილი დამლაგებელი;

Covid-19-ის გამოწვევების საპასუხოდ სკოლაში არსებული აღჭურვილობები: დეზობარიერები და დეზობარიერის სითხეები, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი სითხეები, ხელის სადეზინფექციო სითხეები მარაგი, თერმომეტრები, პირბადეების მარაგი, საიზოლაციო ოთახი ცხელებიანი მოსწავლეებისთვის.

კვება სკოლის შენობაში – ვინაიდან დროებით შეჩერებულია ბუფეტების ფუნქციონირება, რეკომენდებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით.

სასკოლო წრეები – ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებამდე, სასკოლო წრეების ფუნქციონირება შეჩერებულია.

პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და სკოლის რეკომენდაციები.

მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ადგილი.

რა წერია სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილ განახლებულ რეკომენდაციებში – გეგმა 15 თებერვლისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური