GE

რა წერია სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილ განახლებულ რეკომენდაციებში – გეგმა 15 თებერვლისთვის

დიდ ქალაქებში დისტანციური სწავლების მოდელიდან დასწრებით სწავლების მოდელზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ განათლების სამინისტრომ სკოლებს დაწვრილებითი რეკომენდაციები გადაუგზავნა.

სამინისტრო თხოვნით მიმართავს სკოლებს, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვისკენ, რათა არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს სკოლის მიღმა.

რეკომენდაციების ერთი ნაწილი სკოლის მომზადებას უკავშირდება და EDU.ARIS.GE პირველ ეტაპზე ამ რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში), გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელდება 15 თებერვლიდან.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრში მნიშვნელოვანია მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაიცავს თითოეული მოსწავლის განათლების უფლებას თანასწორად, ამავდროულად დაცული იქნება მასწავლებელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

1. სკოლა ვალდებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ შესყიდული რესურსები მოსწავლის ჯანმრთელობის და სკოლაში უსაფრთხო სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით ეფექტიანად გამოიყენოს.

2. სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია სკოლის წყალმომარაგებაზე, სანიტარიაზე და ჰიგიენაზე

3. წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის არარსებობის, ან წყლის შეფერხებებით მიწოდების შემთხვევაში, სკოლას უნდა გააჩნდეს წყლის რეზერვუარი (ავზი) როგორც სასმელი ისე ტექნიკური წყალით;

4. სასმელი წყლის წერტილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისათვის.

5. თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ქაღალდი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ტუალეტსა და სამზარეულოში.

რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით

1. კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობასა და საკლასო ფართს შორის თანაფარდობა შეესაბამება ჯანდაცვის რეკომენდაციებს, შესაძლებელია სასწავლო პროცესი წარიმართოს ჩვეულ რეჟიმში;

2. სკოლას აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს

  • გაკვეთილის ხანგრძლივობა (30-45 წუთიანი გაკვეთილები)
  • განსაზღვროს საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო (8:30, 8:45, 9:00 …) საფეხურების/კლასების მიხედვით
  • სასწავლო პროცესს მოარგოს შესვენება
  • განსაზღვროს და მოქნილად დააორგანიზოს ცვლები
  • სკოლამ მოსწავლეების უსაფრთხოების და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, შესაძლებელია ონლაინ სწავლების დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე. მას შემდეგ, რაც მოიხსნება უქმე დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე არსებული შეზღუდვა, ასევე, დასაშვებია შაბათი დღის გამოყენება დასწრებით სწავლებისთვის.
  • საჭიროების შემთხვევაში, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა სკოლაში იარონ ცვლების მიხედვით

3. გასათვალისწინებელია, რომ შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განისაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; შერეული სწავლების მოდელი, ამ შემთხვევაშიც, შეთანხმებული უნდა იყოს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული სკოლების მიერ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის არჩევასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილების მიღება ხდება განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროების მიერ.

4. სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ/ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში ან ჰქონდათ სირთულეები დისტანციური სწავლების პროცესში და მასწავლებლის მიერ იდენტიფიცირებულია მოსწავლესთან დამატებითი მუშაობის საჭიროება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სკოლა აორგანიზებს ჯგუფებს დამატებითი მუშაობისთვის. ზოგიერთ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან დამატებითი სერვისის მისაწოდებლად შესაძლებელია, გამოიყენონ უქმე დღეებიც.

პროცესების მართვის მიზნით გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის წერტილოვნად მართვის პრაქტიკა, რისთვისაც გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლასის/კლასების მოსწავლეთა და ამ კლასის/კლასების მასწავლებელთა სრული შემადგენლობა წერილობით დაადასტურებს თანხმობას და მზაობას დისტანციური (სინქრონული/ასინქრონული) სწავლების მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია ეს კონკრეტული კლასი/კლასები გადავიდნენ სინქრონულ/ასინქრონულ სწავლების რეჟიმზე და სკოლამ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეათანხმოს სწავლების ჰიბრიდული მოდელი.

2. დანარჩენი საკლასო ჯგუფებისთვის სკოლა დასწრებით სწავლებას აგრძელებს.

3. კონკრეტული კლასის/კლასების სინქრონულ/ასინქრონულ სწავლებაზე გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სურვილს და მზაობას გამოთქვამს აღნიშნული კლასის ყველა მასწავლებლებელი და მოსწავლეთა მშობლების 60 % მაინც.

4. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ კლასში/კლასებში რჩებიან მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ სურვილი გადავიდნენ სინქრონულ/ასინქრონულ სწავლებაზე, სკოლა დეტალურად შეისწავლის უმცირესობაში მყოფ მოსწავლეთა საჭიროებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს აქვს ინტერნეტთან ან შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობასთან წვდომის პრობლემა, სკოლამ მოსწავლისთვის/მოსწავლეებისთვის უნდა დააორგანიზოს ყველა საგანში მინიმუმ კვირაში ერთი საკონსულტაციო შეხვედრა. გამონაკლის შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სატელეფონო კომუნიკაცია, ტელესკოლა და სხვა ბეჭდური რესურსები.

5. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა დაბალი დასწრების გამო, მშობლების მოთხოვნით გადაწყვეტს სკოლის სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანას, სკოლა დასაბუთებული შუამდგომლობით, კონკრეტული ვადის (არაუმეტეს 2 კვირისა) მითითებით, მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით.

6. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მოსწავლეს, მასწავლებელს, ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ტექნიკურ პერსონალს ან მათი ოჯახის წევრს/კონტაქტში მყოფ პირს დაუდასტურდა კოვიდი, ასეთ შემთხვევაში, სკოლა მოქმედებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანების 37-ე დანართით დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად.

7. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მასწავლებელი/მასწავლებლები ცხოვრობს/ცხოვრობენ სკოლიდან მოშორებით და შეზღუდვების დაწესებამდე გადაადგილებისთვის სარგებლობდნენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მიზანშეწონილია განხილულ იქნას სხვადასხვა შესაძლებლობა:

ა) შემოღებულ იქნას კონკრეტული საგნის სწავლება დისტანციური ჰიბრიდული სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს საგაკვეთილო ცხრილის ცვლილება და ზოგიერთი გაკვეთილის დაგეგმვა დღის სხვა მონაკვეთში. ასევე, შესაძლებელია იმ მოსწავლეებმა, რომლებსაც აქვთ ინტერნეტთან წვდომის ან შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა, გაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენოს სკოლის ისტ-ის კაბინეტი.

ბ) სკოლის მიერ დაქირავებულ იქნას სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა სკოლაში მიყვანასა და უკან დაბრუნებას. თუ სკოლას აღნიშნული მომსახურების შესასყიდად არ აქვს ფინანსური რესურსი, ხარჯების დაფინანსება მოხდება სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გ) შესაძლებელია მიმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას მასწავლებელთა გადაადგილებაც.

დ) თუ ზემოთ აღნიშნულიდან სკოლა ვერ სარგებლობს ვერცერთი შესაძლებლობით, სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის შეჯერებული პოზიციის საფუძველზე, შესაძლებელია, სამინისტროს თანხმობით, სკოლა გადავიდეს დისტანციური ელექტრონული სწავლების მოდელზე

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, გორში, ბათუმში, ქობულეთში მდებარე საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების მსურველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ:

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეების მშობლების/კანონიერი წამომადგენლებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განხორციელება საფრთხეს შეუქმნის თავად მოსწავლეებს ან მათი ოჯახის წევრებს, შეთავაზებულ იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება. ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, გორში, ბათუმში, ქობულეთში მდებარე საჯარო სკოლები დააკომპლექტებენ ე.წ. “ონლაინ ჯგუფებს” და მათთვის ორგანიზებული იქნება დისტანციური გაკვეთილები, რაც თავის მხრივ, დამატებით ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლებისთვის შესაბამისი დანამატი პროგრამულად, კერძოდ, „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის “COVID-19 გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო სკოლების მხარდაჭერის” ქვეპროგრამის ფარგლებში გაიცემა.

აღნიშნული დანამატი განსაზღვრულია იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც უწევთ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, გორში, ბათუმში, ქობულეთში მდებარე საჯარო სკოლების I-XII კლასების მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების პერიოდში დისტანციური გაკვეთილების ჩატარება, რისი საჭიროებაც დადგა ზემოაღნიშნული მოსწავლეების მშობლების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგად.

  • მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენლი განცხადებით მიმართავს შესაბამის სკოლას მოსწავლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის თაობაზე და, ამავე დროს, რეგისტრირდება სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში მართვის სისტემის) მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge;
  • სკოლა ვალდებულია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის თაობაზე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების მიღებისთანავე გადაამოწმოს მოსწავლის რეგისტრაცია ვებგვერდზე www.Online.emis.ge და იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენს, რომ არ არის განხორციელებული რეგისტრაცია, თავად დაარეგისტრიროს მოსწავლე და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს;
  • მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია სკოლას მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს დისტანციური სწავლების გაუქმება და ამავე დროს რეგისტრაცია გააუქმოს ვებგვერდზე www.online.emis.ge ;
  • მოსწავლის დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის/დისტანციური სწავლებიდან დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების მიზნით ვებგვერდზე www.Online.emis.ge როგორც მშობელს, ასევე, სკოლას მოქმედების შესრულების შესაძლებლობა ექნება ყოველი კვირის ოთხშაბათს,
  •  სკოლა ვალდებულია დისტანციური სწავლების გაუქმების თაობაზე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების მიღებისთანავე გადაამოწმოს მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე www.Online.emis.ge და იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენს, რომ არ არის გაუქმებული რეგისტრაცია, თავად გააუქმოს რეგისტრაცია და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს;
  • ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge დარეგისტრირებული მოსწავლეების შესაბამისად, სკოლა 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოსწავლეთა გადანაწილებას დისტანციურ ჯგუფებში. ამასთან, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაშიც, სკოლა ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში მოსწავლე დააბრუნოს იმ კლასსა და პარალელში, სადაც ირიცხებოდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამდე;
  • მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია სკოლების I-XII კლასებში შეიქმნას დისტანციური სწავლების ე.წ. „ონლაინ ჯგუფი“ (კლასების მიხედვით), რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური (ელექტრონული, სინქრონული) ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები (ერთი კლასის ფარგლებში ან პარალელური კლასებიდან). ამ შემთხვევაში, სწავლა-სწავლების პროცესი ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმის მე-171 მუხლის („დისტანციური სწავლება“) შესაბამისად; მოსწავლეთა რაოდენობა „ონლაინ ჯგუფში“ არ უნდა აღემატებოდეს 29-ს; ყოველი მომდევნო დამატებითი ონლაინ ჯგუფი იქმნება 30-ე მოსწავლის დამატების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა თანაბარი გადანაწილება ჯგუფებში. ამასთან, მას შემდეგ, რაც შექმნილ ჯგუფებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა იქნება 29 ან ნაკლები, სკოლა ვალდებულია დატოვოს მხოლოდ ერთი ონლაინ ჯგუფი.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პრინციპი:

1. კონკრეტულ საგანში დისტანციური სწავლების განხორციელების უფლება აქვთ, როგორც კონკრეტული კლასის საგნის/საგნების მასწავლებელს, ასევე იმავე სკოლის შესაბამისი საგნის სხვა მასწავლებელს;

2. იმ შემთხვევაში, თუ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილს გამოთქვამენ ერთი კლასის მხოლოდ ერთი პარალელის მოსწავლე/მოსწავლეები, სკოლებს ეძლევათ რეკომენდაცია, დისტანციური სწავლება განხორციელდეს იმავე პარალელის მასწავლებელების მიერ;

3. იმ შემთხვევაში, თუ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილს ერთზე მეტი პარალელური კლასის მოსწავლე/მოსწავლეები გამოთქვამენ, სკოლებს ეძლევათ რეკომენდაცია, „ონლაინ ჯგუფებს“ მასწავლებლები შეხედულებისამებრ მიამაგრონ;

დისტანციური სწავლების კვირეული დატვირთვის განსაზღვრისას სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის N95/ნ ბრძანებით;

  • მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემა დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე კვირაში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დანამატი არ გულისხმობს ძირითადი საათების გაზრდას და შესაბამისად, ძირითადი ხელფასის და სტატუსის დანამატის დაანგარიშებაზე გავლენას არ მოახდენს;
  • საჯარო სკოლებს დადგენილი წესით და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება;
  • საჯარო სკოლა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა) ატვირთავს ძირითად საგაკვეთილო ცხრილს და დისტანციური სწავლების საგაკვეთილო ცხრილს; (აღნიშნული ფუნქცნიონალის შესახებ სკოლებს მიეწოდებათ დამატებით ინსტრუქცია მართვის სისტემის მიერ).
  • თუ სკოლის რომელიმე კლასის მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, სკოლა ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ცვლილება საინფორმაციო სისტემაში ასახულ სასკოლო საათობრივ ბადეში, რა დროსაც ანაზღაურება გაიცემა ძირითადი საათობრივი ბადის შესაბამისად, პროგრამული დანამატის გარეშე;
  • სკოლა ვალდებულია გამოყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზურნველყოფს დამატებითი დისტანციური გაკვეთილების ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციის მართვის სისტემაში ასახვას;

საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისი თვის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან შეწყვეტის ან/და სხვა მიზეზით წარმოქმნილი აუთვისებელი თანხა;

დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზება, სწავლების მეთოდოლოგია და სასწავლო რესურსები, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა და მოსწავლეთა შედეგების შეფასება განხორციელდება ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის N95/ნ ბრძანების შესაბამისად;

დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგს აწარმოებს პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლა;

სკოლა ახორციელებს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება“

რა რეგულაცია უნდა გაატაროს სკოლამ, თუ მასწავლებელი რისკჯგუფშია – მინისტრის მოადგილის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური