სამინისტრომ “ბუკების” ტენდერი გააუქმა – მიიღებენ თუ არა პირველკლასელები საჩუქარს?
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორი თვე დარჩა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ დაამზადებს პირველკლასელებისთვის სახელმწიფო საჩუქარს – ნეტ-ბუკებს. ტენდერი, რომელიც განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 14 მაისს, 46 ათას ცალ პორტაბელურ კომპიუტერზე გამოაცხადა, უშედეგოდ დასრულდა და განათლების სამინისტრომ საერთოდ გააუქმა.
თავდაპირველად ტენდერში ორი კომპიუტერული კომპანია “ალგორითმი” და “იუ-ჯი-თი” მონაწილეობდა. შეთავაზებული დაბალი ფასით (18 593 568ლარი) ტენდერში მონაწილეობა “უი-ჯი-თი”-მ განაგრძო.
ეს კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე Aris.ge-განათლებასთან გამარჯვებულ კომპანიად დაასახელა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე “იუ-ჯი-თი”-ს მიერ შემოთავაზებულ ნეტ-ბუკებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უნდა გაევლო.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დადებითი აღმოჩნდა, 2 ივლისს ჩატარებულ სატენდერო სხდომაზე, “იუ-ჯი-თის” ტექნიკურ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების, (მათ შორის წარმოდგენილი ნიმუშის) გამო დისკვალიფიკაცია მიეცა.
4 ივლისის სხდომაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი საერთოდ გააუქმა.
“ვინაიდან ახალი ტენდერის გამოცხადება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან, ამასთან, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გათვალისწინებულია 60 კალენდარული დღე, პირველკლასელთა 46 000 ცალი სასწავლო პორტაბელური კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, გამარტივებული შესყიდვის გზით, რის ფარგლებშიც ორივე მომწოდებელთან კიდევ ერთხელ გადამოწმდება და დადგინდება საბოლოო პროდუქტი, შესყიდვის ფასი და მოწოდების ვადები,”- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიაწოდა.
დისკვალიფიკაციის შემდგომ, კომპანია “იუ-ჯი-თი”-მ განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ახალი ფასი შესთავაზა. კომპანია 46 ათასი ბუკის დამზადებას პირვანდელ ფასთან შედარებით, 400 568 ათასი ლარით ნაკლები თანხით გეგმავს.
რატომ წააგო თითქმის მოგებული ტენდერ “იუ-ჯი-თიმ” და როგორია კომპანიის პოზიცია, ეს საკითხი ღიად რჩება. კომპანიის ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი კომპანიის მარკეტინგის სამსახურის კომპეტენციაა. თუმცა მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მივლინებაშია და პირადი მობილური გამორთული აქვს.
რაც შეეხება გაუქმებულ ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია “ალგორითმს”, მისი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ კანონმდებლობა დაარღვია.
“იუ-ჯი-თი”-მ დისკვალიფიკაცია მიიღო და სამწუხაროდ, ტენდერი შეწყვიტეს. მეორეჯერ, ვადების გამო ტენდერს ვერ აცხადებენ და პირდაპირი შესყიდვის წესით უნდათ შეიძინონ კომპიუტერები. არადა, როდესაც ერთ კომპანიას დისკვალიფიკაცია ეძლევა, ტენდერში გამარჯვებულად ავტომატურად მეორე ცხადდება. თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა,”- განაცხადა გიორგი კორახაშვილმა.
Aris.ge-განათლებას კითხვაზე, რამდენად მოესწრება 46 000 ცალი ნეტ-ბუკის დამზადება სწავლის დაწყებამდე და არის თუ არა საშიშროება, რომ შემჭიდროვებული ვადების გამო პირველკლასელები საჩუქრის გარეშე დარჩნენ, კორახაშვილი პასუხობს, რომ, თუ ხელშეკრეულებას ხელი დროულად მოეწერა და გამარჯვებულად “ალგორითმი” დასახელდა, კომპანია 60 კალენადრული დღის ვადაში სამინისტროს საჭირო რაოდენობის ბუკებით მომარაგებას შეძლებს.
რაც შეეხება გამარჯვებული კომპანიის დასახელების პროცედურას – როგორც Aris.ge -განათლებას სამინისტროში განუმარტეს, სატენდერო კომისია გაუქმებულ ტენდერში მონაწილე ორივე კომპანიაზე ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტს მიაწვდის. სწორედ მთავრობის სხდომაზე გადაწყდება, ვინ დაამზადებს პირველკლასელების საჩუქარს.
ეკა არის© წივწივაძე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება