GE

„სამოქალაქო განათლება არ არის მხოლოდ საგანი, ეს ჩვენი ცხოვრების წესი და მიზანია“ – გამარჯვებული მასწავლებელი

„სამოქალაქო განათლება არის საგანი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვასწავლის, თუ რას ნიშნავს კარგი მოქალაქე და რა ღირებულებები უნდა გავაღვივოთ ბავშვებში“, – განუცხადა დღეს EDU.ARIS.GE-ს სამოქალაქო განათლების თბილისის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვების შემდეგ ნუგზარ სადიკოვმა.

წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების გამარჯვებული პედაგოგები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოავლინეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დღეს გაიმართა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენცია-გამოფენას 200–მდე ამ საგნის მასწავლებელი დაესწრო.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების საგნის გამარჯვებული პედაგოგი ხაზს უსვამს მოსწავლეებში საგნის სწავლების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ის აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს მომავლისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

„პირველ რიგში, სამოქალაქო განათლებაზე ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ საგანი, სალექციო კურსი და კლასი, ეს ჩვენი ცხოვრების წესი და მიზანია, რასაც ვემსახურებით. ეს არამარტო მოსწავლეებს, არამედ თითოეულ ჩვენგანს გვასწავლის, თუ რას ნიშნავს კარგი მოქალაქე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა ღირებულებები უნდა გავაღვივოთ ბავშვებში, რომ მათ შექმნან ძლიერი დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფო“, – აღნიშნა ნუგზარ სადიკოვმა EDU.ARIS.GE-სთან.

კონფერენციას დაესწრნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან მოწვეული სტუმრები.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორს, მარინა უშვერიძეს ვკითხეთ, რა არის საჭირო სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებისთვის. მისი თქმით, სამომავლოდ აუცილებელია სკოლების ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რათა მეტად გააქტიურდეს მოსწავლეთა თვითმმართველობა და მისი რეალური ფუნქცია შესრულდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რადგან აი იმ სკოლებში, სადაც სკოლის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერებას, გვაქვს გაცილებით უფრო მეტი წარმატება, ვიდრე იმ სკოლებში, სადაც ამ საგნის მნიშვნელობა ნაკლებად აქვს გაცნობიერებული სკოლის ადმინისტრაციას. დღეს ვნახეთ ბევრი მოტივირებული და ენთუზიასტი პედაგოგი, რომლებიც აქტიურად იყენებენ პროექტებით სწავლების მეთოდს. ეს არის პრაქტიკაში იმის გადატანა, რასაც ჩვენ ვასწავლით თეორიულად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ დიდი მასშტაბით კეთდებოდეს პროექტული სწავლება. იმისათვის, რომ გახდე დემოკრატიული, უნდა გამოსცადო დემოკრატია, როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრმა. სწორედ ამ დაჯილდოებით ვცდილობთ, რომ წავახალისოთ სხვა სკოლებიც, რომ მეტი დემოკრატიული მართვა განახორციელონ და უფრო მეტად გააქტიურდეს მოსწავლეთა თვითმმართველობა“, – განგვიცხადა მარინა უშვერიძემ.

რეგიონების მიხედვით გამარჯვებული მასწავლებლები არიან:

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მიმოზა ღოლიჯაშვილი, რომელმაც დანერგა „თოჯინების თეატრით“ სწავლების ინოვაციური მიდგომა; სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ნინო კახნიაშვილი, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო განათლების კლუბთან თანამშრომლობით სკოლის ახლოს სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერისა და ზებრა გადასასვლელის მოწყობა უზრუნველყო; ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელი ბოლაჯურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თამარ აბრამიშვილი, რომელმაც პროექტის „ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმისთვის“ ფარგლებში სამაგიდო თამაშების გამოყენებით ხელი შეუწყო დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას; სსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ნუგზარ სადიკოვი, რომელიც ორგანიზებას უწევს მედიაწიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებსა თუ ონლაინ კონფერენციებს და სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ინგა გეგეშიძე, რომელმაც, პროექტის „ჩვენ მათ ვჭირდებით“ ფარგლებში პედაგოგის ხელშეწყობით მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ცხოველთა თავშესაფართან.

კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ იყო ორგანიზებული და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს.

მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური