GE

„სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება“ – უმაღლეს განათლებაში „დროული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით“ რექტორთა კონფერენციები დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აანონსებს, რომ საქართველოში ავტორიზებული ყველა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების მონაწილეობით, განათლების მინისტრი რექტორთა კონფერენციებს გამართავს, რომლის მიზანიც უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაა.

გიორგი ამილახვარის უწყების მიერ დღეს, 27 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით, რექტორთა კონფერენცია უკვე გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს.

სამინისტროს განმარტებით, მინისტრმა შეხვედრისას უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა.

„მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა/დაგეგმვა და სხვა“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დაკონკრეტებული არ არის, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განხილული საკითხების გადაჭრის რა გზებზე იმსჯელეს.

„აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, რექტორთა კონფერენციები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს პრეს-რელიზში.

ცნობისთვის, სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესი მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრობისას, ამოქმედების ვადების მითითების გარეშე დამტკიცდა.

ასევე იხილეთ:

„აუდიტორიებში არმატურები და ბეტონი ჩანს კედელში“ – რა აწუხებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს

„სწავლების ფორმა – „ეს წაიკითხეთ და ხვალ ჩამაბარეთ“, მოძველებულია“ – რა აწუხებთ დღეს სტუდენტებს თსუ-ში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური