GE

საპენსიო ასაკის პედაგოგებს ფულადი ჯილდოს მიღების უფლება გამოცდის შედეგების შემდეგაც ექნებათ

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე გავიდნენ, გამოცდის შედეგები დეკემბრამდე არ ეცოდინებათ. სისტემიდან გასვლისთვის გათვალისწინებული ჯილდოს მეორე ეტაპზე რეგისტრაცია კი ნოემბრის 29-ში სრულდება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ამ სიტუაციის დალაგების მიზნით, განათლების სამინისტრო გამონაკლისს დაუშვებს. საკითხზე მინისტრის პირველმა მოადგილე ირინა აბულაძემ გააკეთა განმარტება.

„6 450 საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებელი გავიდა სისტემიდან და ჩვენ 55 მილიონი ლარი დაგვიჯდა ეს ყველაფერი. ახლა გამოცხადებულია მეორე ეტაპი და თვის ბოლომდე იქნება განაცხადების შემოტანა მასწავლებლების მიერ. თუმცა, ეს მასწავლებლები ასევე ელოდებიან გამოცდების შედეგებსაც და სადღაც დეკემბრის დასაწყისში ექნებათ საბოლოო შედეგებიც და თუ მოხდება ისე, რომ მასწავლებელი გადაწყვეტილებას გამოცდების შედეგების დადგომის შემდეგ მიიღებს, თუ იქნება ასეთი შემთხვევებიც, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ დეკემბერში დამატებით ფანჯარა გავხსნათ ამ მასწავლებლებისთვის.

არის ძალიან ბევრი პედაგოგი, რომელიც უკვე მზად არის, რომ დაწეროს განცხადება და გავიდეს, ისინი გამოცდაზეც არ გასულან. ამიტომაც, ჩვენ ვთქვით, რომ არ ვალოდინებთ იმ მასწავლებლებს, ვისაც აქვს სურვილი ახალ წლამდე, დეკემბერშივე ისარგებლოს ჯილდოთი. მაგრამ ისინი, ვინც გადიან გამოცდაზე და გადაწყვეტენ მოგვიანებით, დავუშვათ დეკემბრის შუა რიცხვებში, რომ შედეგების გათვალისწინებით დაწერონ განცხადება, ამისთვის მათ ეს შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

მისივე თქმით, მასწავლებელთა სისტემიდან გასვლის პარალელურად, სისტემას დაემატა ახალი კადრები და ასევე არსებულებზე გადანაწილდა საათები.

„შედეგები გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი, დაახლოებით 2000-მდე ახალი კადრი შემოვიდა სისტემაში. და, რა თქმა უნდა, მოხდა არსებული კადრების ფარგლებში საათების გადავსება და გაზრდა, რამაც 10% -ით გაზარდა სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მასწავლებლისთვის გაზრდილ ხელფასს ნიშნავს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური